„არ უნდა გააცდინონ, სკოლა ხომ მხოლოდ გაკვეთილები არ არის?!“- დირექტორი მშობლებსა და მოსწავლეებს მიმართავს
მოსწავლეობისას, ერთხელ მაინც, ყველას გვქონია შემთხვევა, როცა სკოლის გაცდენის მიზნით, ათასი მიზეზი მოგვიგონებია და იქამდე გვითამაშია სიცხიანის, ცუდად მყოფისა თუ გადაღლილის როლი, სანამ დედა ან მამა ჩვენს ფარულ ჩანაფიქრს მიხვდებოდა და ზურგზე ჩანთამოკიდებულს სკოლის გზაზე დაგვაყენებდა. ამ დროს ვაცნობიერებდით, რომ უმიზეზოდ სკოლის გაცდენას, უპირველესად მშობელი არ დაუშვებდა.
სწორედ გაცდენების თემას ეხება EDU.ARIS.GE-სთან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის საჯარო სკოლის დირექტორი და ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი, ფიქრია მუმლაძე, რომელსაც ვკითხეთ – რას კარგავს მოსწავლე სკოლის გაცდენისას და როგორ შეუძლია მშობელს, შვილს სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობის მოტივაცია გაუჩინოს. სკოლის დირექტორი მოსწავლეთა მხრიდან გაკვეთილების გაცდენის რეალურ მიზეზებზეც გვესაუბრა და ახსნა, რას აკეთებენ მშობლები არასწორად.
„სკოლის გაცდენა უკან ხევს მოსწავლეს, უფუჭებს აკადემიურ მოსწრებას და თანაკლასელებთან კომუნიკაციის შესაძლებლობას ართმევს. აუცილებლად უნდა მოვიდნენ სკოლაში, თუ აკადემიურად ვერაფერს მიიღებენ, თანატოლებთან ურთიერთობით მაინც მიიღებენ სიამოვნებას, სკოლა ხომ მხოლოდ გაკვეთილები არ არის, ამიტომ არ უნდა გააცდინონ“, – ამბობს სკოლის ხელმძღვანელი.
ფიქრია მუმლაძე მიიჩნევს, რომ მშობლის ჩართულობა აუცილებელი და პირველხარისხოვანია, რადგან სწორედ მან უნდა მისცეს მოტივაცია ბავშვს და გაარკვიოს, რის გამო არ სურს სკოლაში წასვლა:
„მაგალითად, მშობელი რეკავს და გვეუბნება: „დღეისთვის მეცადინეობა ვერ მოახერხა და აღარ გამოვუშვიო“. ფიქრობენ, რომ თუ დავალება არ აქვთ, სკოლაში წასვლას აზრი არ აქვს. ეს დამოკიდებულება არასწორია. ამ დროს მშობელი ხელს უწყობს გაცდენას, ბავშვს კი ბევრი რამ აკლდება. ერთი საკითხია ის, რომ დავალება არ უწერია, თუმცა ამის გამო გაცდენით იმასაც აკლდება, რაც გაცდენის დღეს გაკვეთილებზე უნდა ესწავლა“.
კიდევ ერთი გარემოება, რომელიც სკოლის დირექტორის აზრით, მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, ეს მისი, როგორც შვილისთვის ავტორიტეტული პიროვნების დამოკიდებულებაა სკოლისადმი, რაც პირდაპირ გავლენას იქონიებს შვილის განწყობაზეც:
„მოსწავლეს უნდა მიუხაროდეს სკოლაში და არ ჰქონდეს გაცდენის სურვილი, მაგრამ ამაში მშობელმაც უნდა შეუწყოს ხელი. თუ მშობელს ცუდი დამოკიდებულება აქვს სკოლის მიმართ, თუ მაგალითად, სახლში სკოლას ან მასწავლებლებს უდიერად მოიხსენიებენ, შესაძლოა, ამან ბავშვს გაცდენის სურვილი გაუჩინოს. ბუნებრივია, მოსწავლეს აღარ მოუნდეს იქ წასვლა, სადაც კარგი გარემო არ ეგულება“, – გვიხსნის ფიქრია მუმლაძე.
სკოლის ხელმძღვანელს არ დავიწყებია სკოლის როლიც და ამბობს, რომ მოტივაციის ამაღლებასა თუ გაკვეთილებზე დასწრების სურვილის გაჩენაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასაც მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეჰქონდეს:
„მოსწავლეს სკოლაში კომფორტული, უსაფრთხო გარემო უნდა ხვდებოდეს, არაფერმა შეაშფოთოს და არც სიარული დაეზარება. თუ ისეთი გარემოს ვთავაზობთ, როგორშიც თავს კარგად გრძნობს, მოსწავლეს ხშირად გაცდენის სურვილი არ ექნება. თანამედროვე სკოლებში, ადრინდელთან შედარებით ვითარება გამოსწორებულია, ახლა მოსწავლეების უფლებები მეტადაა დაცული, ამიტომ შეუძლიათ, სკოლა უსაფრთხო ადგილად მიიჩნიონ და არ გააცდინონ“.
მოსწავლეები გაცდენების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სკოლაში მოწყენილობას ასახელებენ – საქართველოს შედეგი
ავტორები: თამუნა კირკიტაძე, edu.aris.ge