მოსწავლეები გაცდენების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სკოლაში მოწყენილობას ასახელებენ – საქართველოს შედეგი
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის უახლეს, 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მოსწავლის მიღწევაზე მათემატიკაში, კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებში გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა მოსწავლის საცხოვრებელი გარემო და სწავლა-სწავლების პროცესი. კონტექსტუალურ ფაქტორებს შორის მოხვდა მოსწავლეთა მიერ სკოლის გაცდენებიც, რომელი ქმედების მიზეზების კვლევამაც საინტერესო შედეგი აჩვენა და მათ შორის ერთ-ერთია “მოწყენილობა სკოლაში”.
PISA 2022-ის მონაცემები გვიჩვენებს, რომ მოსწავლეები სხვადასხვა მიზეზით აცდენდნენ სკოლას. მოსწავლეების მიერ დასახელებული მიზეზებიდან ყველაზე გავრცელებულია ავადმყოფობა, სკოლაში მოწყენილობა ან უსაფრთხოების ნაკლებობა.
“კვლევის მონაცემების თანახმად, სკოლების გრძელვადიანი გაცდენა განსაკუთრებით საზიანოა მოსწავლეთა აკადემიური წარმატებისთვის. ის მოსწავლეები, რომლებიც სკოლას დიდხანს აცდენდნენ, 41 და 59 ქულით ნაკლები მიიღეს მათემატიკაში, ვიდრე მათმა თანატოლებმა“, – წერია PISA 2022-ის ანგარიშში.
რაც შეეხება საქართველოს შედეგებს, საქართველოშიც, სხვა ქვეყნების მსგავსად, საშუალო საფეხურზე მოსწავლეების მიერ სამ თვეზე უფრო მეტი დროით სკოლის გაცდენისას ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მოწყენილობა სახელდება.
საქართველოში სკოლის გრძელვადიანი გაცდენის მიზეზად მოწყენილობას უფრო ხშირად ბიჭები (40%) ასახელებენ, ვიდრე გოგონები (22.2%) და როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ეს სხვაობა სტატისტიკურად მნიშვნელოვანია.
კვლევის ზემოაღნიშნულ მიგნებას EDU.ARIS.GE-სთან აფასებს თსუ-ის მეოთხე კურსის სტუდენტი, ლუკა მამალაშვილი, რომელიც ამბობს, რომ მას სკოლაში მოწყენილობა არ აწუხებდა:
“სკოლაში გასართობად რომ არ მიდის მოსწავლე, ვერც ერთობა და შესაბამისად მოწყენილია, უხასიათოდ არის. მაგრამ ჩემი აზრით, ალბათ, ეს უფრო იმ მოსწავლეებს ეხებათ, რომლებიც სკოლაში სწავლისთვის არ მიდიან, მე ნაკლებად ვიყავი ასეთი”.
იხილეთ კავშირი სკოლის გაცდენის სიხშირესა და მათემატიკაში მიღწევას შორის:
PISA 2023-ის ანგარიშში წერია, რომ სასურველია, სამომავლოდ სკოლები გაუმკლავდნენ მოსწავლეებში მოტივაციის ნაკლებობას და უზრუნველყონ სკოლების უსაფრთხოება, რათა შეამცირონ მოსწავლეთა გაცდენები.
ასევე იხილეთ:
ავტორები: მზეო შველიძე, edu.aris.ge
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება