როგორია მოსწავლისთვის საინტერესო სკოლა, რომელსაც არ გააცდენს – „დაფასთან გამოყვანა და გამოკითხვა არაფრისმომცემია“
„ჩემი აზრით, სკოლებში საჭიროა სიახლეების შემოტანა. ყველა გაკვეთილი და სწავლების მეთოდი, უნდა იყოს მორგებული მოსწავლის ინტერესებზე. მოსწავლეებს მოგვწონს, როცა მასწავლებელი ჩვენთან თანამშრომლობს და ამით გვაგრძნობინებს, რომ ჩვენი აზრი მნიშვნელოვანია“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან მე-10 კლასის მოსწავლე თათია გულიაშვილი, რომელსაც ვკითხეთ, თუ რა უნდა შეიცვალოს საგაკვეთილო პროცესში, რომ მოსწავლეებისთვის ის უფრო ხალისიანი, პრაქტიკული და საინტერესო გახდეს.
ამ საკითხით დაინტერესება ქართველი მოსწავლეების სასკოლო დასწრების მაჩვენებლებმა განაპირობა, რომლის თანახმად, საქართველოში, საშუალო საფეხურზე მოსწავლეების მიერ სკოლის სამ თვეზე მეტ ხანს გაცდენის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სკოლაში მოწყენილობა სახელდება. (PISA 2022-ის მონაცემები).
მოსწავლეები გაცდენების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სკოლაში მოწყენილობას ასახელებენ – საქართველოს შედეგი
თათია გულიაშვილი გვიყვება, რომ სკოლაში სწავლების მეთოდები ჩვენთან ძველი და გაცვეთილია და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მოსწავლეებს სწავლის ხალისი და ინტერესი აღარ აქვთ. მაგალითად მისთვის გაცილებით საინტერესო და სასურველია, სკოლაში ჩატარდეს „უფრო მეტი ინტელექტუალური თამაში, კონკურსი, ფილმის ჩვენებები და სხვა აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებასა და საკუთარი თავის გამოცდაში დაეხმარება“.
მეათე კლასის მოსწავლე ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ უმეტეს სოფელში სკოლა ერთადერთი საგანმანათლებლო და შემეცნებითი სივრცეა მოსწავლეებისთვის და ამიტომაც სოფლის სკოლებში აქტიური და მრავალფეროვანი გაკვეთილების ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიაჩნია. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ფიქრობს იმასაც, რომ „არამარტო განათლების მისაღებად, არამედ ბავშვების ერთმანეთთან დასაახლოებლად, საუკეთესო გზა ექსკურსიაა“.
სახალისო აქტივობების საჭიროებაზე გვესაუბრება კიდევ ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა შავლოხაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ დღეს სკოლაში არსებული საკონტროლო წერების ჩატარების ტრადიცია სტრესული საკითხია მოსწავლეებისთვის.
„მოსწავლეს აძლევენ მთელ მასალას გადასამეორებლად, შემდეგ დღეს კი სკოლაში მოდის იმის შიშით, რომ საკონტროლო აქვს და ძალიან ისტრესება. ხშირად, ამ ნერვიულობისა და სტრესის გამო ელემენტარულ შეცდომებს უშვებენ. ნასწავლის გამოკითხვა და იმის გაგება, თუ რა დონეზეა მოსწავლე, მრავალი სახალისო პროექტითა და აქტივობით არის შესაძლებელი. მაგალითად, შეიძლება ჩატარდეს „რა? სად? როდის?“ საგაკვეთილო მასალასთან დაკავშირებით. ვიქტორინები და ინტელექტუალური თამაშები დააინტერესებს ყველას და არა მხოლოდ მათ, ვინც კარგად სწავლობს. თუ გაკვეთილებს ასეთი აქტივობები დაემატება, მე, როგორც მოსწავლეს, უფრო დიდი მოტივაცია, ხალისი და სტიმული მექნება სწავლისთვის“, – გვიხსნის მეათე კლასის მოსწავლე.
ლუკა მოსწავლეებისთვის სპორტის გაკვეთილებისა და სპორტული აქტივობების მნიშვნელობაზეც საუბრობს და გვეუბნება, რომ წელიწადში 1-2 ჯერ ჩატარებული სპორტული აქტივობა საკმარისი არ არის, „მოსწავლეების გასახალისებლად მეტის ჩატარებაა საჭირო“.
მარიამ დოლიძისთვის კი საკონტროლო წერა მოსწავლის შეფასებისთვის სწორი მეთოდია და მოსწავლის მიერ მასალის ათვისებისა და გაგების დონე სწორედ საშინაო დავალებებითა და საკონტროლო წერებით განისაზღვრება, თუმცა ამბობს, რომ შეფასების კლასიკურ მეთოდებთან ერთად, სახალისო აქტივობების დამატებაც აუცილებელია.
„ვფიქრობ, სკოლებს საკლასო თუ კლასგარეშე აქტივობების გარდა, მასწავლებლის მხრიდან აკლია სათანადო ყურადღება და მოთხოვნა საგაკვეთილო პროცესში“, – დასძენს მაღალკლასელი.
მე-12 კლასის მოსწავლე მანჩო ხუხუნაიშვილი სკოლის კედლებში ბოლო თვეებს ატარებს, თუმცა სურს, რომ მომავალი თაობებისთვის სკოლა უფრო მეტად სახალისო იყოს.
იხსენებს, რომ რაც წლების განმავლობაში ყველაზე მეტად თრგუნავდა, გაკვეთილის გამოკითხვისას მასწავლებლების მკაცრი დამოკიდებულება და მიდგომა იყო.
“სტანდარტულად გამოკითხვა (დაფასთან გამოსვლა და ა.შ) მაკომპლექსებდა მეც და ვფიქრობ, ნებისმიერი ბავშვისთვის ნაკლებსასიამოვნოა მთელი კლასის წინაშე გამოსვლა. სწორედ ამიტომ, უკეთესი იქნება, თუ მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში დაფასთან ინდივიდუალურად გასვლა არ მოუწევთ და ეს მეთოდი საინტერესო აქტივობებით, მაგალითად ჯგუფური სამუშაოებით ჩანაცვლდება. გაკვეთილი უნდა დაიტვირთოს პრაქტიკული სამუშაოებით და ხშირად მოეწყოს კლასგარეშე შეკრებები, რადგან დიდი დროის ერთად გატარება ბავშვებს ერთმანეთთან აახლოებს, ჯანსაღ ურთიერთობებს ქმნის“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან აბიტურიენტი.
ჩვენი რესპონდენტების უმეტესობა თანხმდება, რომ მოსწავლის განვითარებისთვის სხვადასხვა შეჯიბრებები და კლასგარეშე აქტივობები აუცილებელი ფაქტორებია და სწავლისადმი ხალისის არარსებობის ან დაკარგვის ერთ-ერთ მიზეზად ასევე გამოყოფენ არასამართლიან ან მიკერძოებულ შეფასებებსა თუ დამოკიდებულებებს.
“უმეტესად, პროექტებსა და აქტივობებში რთავენ იმ ბავშვებს, რომლებიც კარგად სწავლობენ და ათოსნები არიან. ნიშნის გამო ბავშვების ასე განსხვავება ძალიან ცუდია და მოსწავლეს სწავლის ხალისს უკარგავს“, – ამბობს ლუკა შავლოხაშვილი.
მოსწავლეები სკოლებს მეტი შემოქმედებითობისა და მოსწავლეთა შესაძლებლობების გახსნისკენ მოუწოდებენ. ამის შესაძლებლობა კი წესით, როგორც საჯარო ისე კერძო სკოლებს, მეტად გაუჩნდებათ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებებზე მუშაობის პირველი ეტაპი დაასრულა და დამტკიცებული ცვლილებები კერძო და საჯარო სკოლებისთვის მეტი დამოუკიდებლობის მინიჭებას მოიაზრებს.
ასევე იხილეთ:
რა შეიცვალა ეროვნულ სასწავლო გეგმაში – ჩამონათვალს განათლების სამინისტრო აქვეყნებს
ეროვნული სასწავლო გეგმა და სხვადასხვა საგნის სტანდარტები – განახლებული დოკუმენტები გამოქვეყნდა
ავტორები: თამარ კირკიტაძე და edu,aris.ge
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება