ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე – მომავალი აბიტურიენტის გეგმა მოსწავლისგან
ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ის, ვინც დამამთავრებელ მე-12 კლასშია, წინ ცხელი წელი ელის – აბიტურიენტობის.
მომავალი აბიტურიენტი, სოფელ ნოღას საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ნინი თევზაძე, მშობლებისა და სხვა მე-12 კლასის მოსწავლეთათვის სწავლის დაწყებამდე შესასრულებელ საქმეებზე გვესაუბრა და საკუთარი გეგმაც გაგვიზიარა.
საინტერესოა, რა უნდა მოვასწროთ და რატომ მოვასწროთ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე?
როგორც ნინი EDU.ARIS.GE-სთან აღნიშნავს, ის ცდილობს მიჰყვეს საკუთარ გეგმას, რომელიც არდადეგების პერიოდისთვის შეადგინა.
– ნინი, პირველ რიგში, გვითხარით, რა მოლოდინები გაქვთ ახალი სასწავლო წლისგან, 1 წელი იქნებით აბიტურიენტი, ეს თქვენთვის სასიამოვნო გამოწვევაა, თუ პირიქით?
– მე სამტრედიის რეგიონში ვცხოვრობ. ნამდვილად არ იქნება მარტივი წელი ჩემთვის, თუმცა ნამდვილად არ მინდა, უსიამოვნო იყოს. გარდა იმისა, რომ მომზადებას ვაპირებ 3 საგანში, სკოლაშიც უნდა ვიარო. რა სიხშირით, ეს ჯერ არ ვიცი, მაგრამ ბევრი გაცდენები არ უნდა მქონდეს. ამ შემთხვევაში ექსტერნის გამოცდებზე გასვლა მომიწევს და ეს ნამდვილად იქნება ზედმეტი სტრესი. ალბათ, მთავარი მოლოდინი რაც მაქვს არის ის, რომ წარმატებით ჩავაბარო ყველა გამოცდა და დედაქალაქში წამოვიდე სასწავლებლად. ვფიქრობ, იქ მეტი შესაძლებლობები მექნება, მაგრამ მუშაობაც მომიწევს, რომ ოჯახს დავეხმარო.
– ნინი, რა არის ის „საქმეები“, რომელიც სასურველია, რომ აბიტურიენტსა და მათ მშობლებს სასწავლო წლის დაწყებამდე ჰქონდეთ შესრულებული, ან ნაფიქრი მაინც?
–დასვენება, როგორც აბიტურიენტის, ისე მისი მშობლის შემთხვევაში. აუცილებელია, მშობელმაც და აბიტურიენტმაც შეძლოს განტვირთვა და დასვენება, რომ ძალები აღიდგინოს და უფრო მეტი ენერგია ჰქონდეს. მშობლები რომ შვილებზე მეტად ნერვიულობენ, ეს ყველამ ვიცით, ამიტომ ვურჩევ აბიტურიენტებს, რომ მშობლების დასვენებაზეც იზრუნონ და ზედმეტად არ გადაღალონ ყოველდღიურობით.
ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროგრამის გადახედვა. ოღონდ, მხოლოდ გადახედვა! რადგან დასვენება ვახსენეთ, ალბათ, უმჯობესი იქნება, ზედმეტი მეცადინეობისგან თავშეკავება და გონების დასვენება, თუმცა მე პირადად, პერიოდულად ვუყურებ საგამოცდო პროგრამას და იმ საკითხებს, რომლის ცოდნაც მომიწევს, შესწავლას კი სექტემბრიდან ვიწყებ.
კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა და ფილმების ყურება. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გამოცდებზე ჩვენ გვიწევს არგუმენტირებული მსჯელობა და ასე რომ ვთქვათ, ითხოვენ იმას, თუ რამდენად წიგნიერები ვართ. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ არ ვკითხულობთ, არ გვექნება სიტყვათა მარაგი მშობლიურ ენაშიც კი და მერე ნამდვილად გაგვიჭირდება ისეთი დავალებების შესრულება, როგორიცაა მაგალითად თხზულების წერა, წყაროს ანალიზი…
რეპეტიტორების ოპტიმალურად შერჩევა. ეს რთული პროცესია. დედაქალაქში კი ალბათ, კიდევ უფრო რთული. რეგიონში არც ამდენი მასწავლებლები გვყავს და თან, უფრო საცხოვრებელთან ახლოს გვინდა მოვემზადოთ და სამგზავრო დანახარჯები შევამციროთ. არ არის მარტივი, დღეში 2 საათს მგზავრობაში რომ ატარებ, ენერგია გვეცლება, ამიტომ შერჩევის გეგმა აქაც საჭიროა.
ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ალბათ, სანამ გვაქვს თავისუფალი დრო, კარგი იქნება სამედიცინო ანალიზებსაც თუ გავიკეთებთ. ტონუსში უნდა მოვიყვანო სხეულიც და გონებაც, ძილი მოვიწესრიგოთ და თუ საჭიროა, გამოვიკვლიოთ რამე ხომ არ გვაწუხებს. შემზადებული უნდა შევხვდეთ გამოწვევებს.
– რეპეტიტორების აყვანა ახსენეთ, როგორია რეგიონში რეპეტიტორის შერჩევის მეთოდი?
– ძირითადად ვარჩევთ იმ სკოლის მასწავლებლებს, რომელშიც ვსწავლობთ. ვცდილობთ, შორი მანძილის გავლა არ გვიწევდეს. მაგრამ თუ აბიტურიენტებს ფართო არჩევანი სურთ, სოფლიდან ქალაქშიც უწევთ რეპეტიტორის მოძიება. მგზავრობა, როგორც აღვნიშნე, დამატებითი ხარჯია. გრანტის აღება და პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაბარება ვისაც სურს, რა თქმა უნდა, ქალაქის რეპეტიტორებს მიმართავს, ან სულაც დედაქალაქის. მაგრამ ვფიქრობ, ეს მოსწავლეზეც არის დამოკიდებული და მხოლოდ რეპეტიტორის პრესტიჟულობაზე არ უნდა ამყარებდნენ იმედებს.
– და ბოლოს, შესაძლოა აღარ გქონდეთ იმდენი თავისუფალი დრო, რაც აქამდე, რა არის ის, რაზეც უარს არ იტყვით და შეეცდებით, რომ აბიტურიენტობამ ხელი არ შეგიშალოთ?
– მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან დროს გატარებაზე. სხვებსაც იმავეს ვურჩევ. ყოველთვის გამონახონ დრო საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის.
ასევე იხილეთ:
როცა შენი შვილი სტუდენტი ხდება – რა საქმეები ელით წინ მშობლებს
ეს ფილმები მშობლებთან ერთად უნდა ნახოთ – კინომცოდნის რეკომენდაციები მოსწავლეთა მშობლებს და არამხოლოდ