როცა შენი შვილი სტუდენტი ხდება – რა საქმეები ელით წინ მშობლებს
2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტებმა საკუთარი შეფასებები უკვე ყველა საგანში იციან და ახლა შერჩეული ფაკულტეტების გადანაცვლებით არიან დაკავებული. ზაფხულის გამოცდებით არანაკლებ გადაღლილ მშობლებს კი აწუხებთ კითხვა: კიდევ რა ეტაპების გავლა მომიწევს, სანამ ჩემი შვილი სტუდენტი გახდება? როდის დასრულდება ჩემი ჩართულობა?
მშობლების ინფორმირების მიზნით, EDU.ARIS.GE-სთან მშობელი და პედაგოგი, სოფიკო გულუა საუბრობს, რომლის ორივე შვილმაც უნივერსიტეტი წელს წარმატებით დაასრულა. ჩვენი რესპონდენტი თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამოცდილებას გაგიზიარებთ და საჭირო რჩევებსაც მოგცემთ.
– მოგვიყევით თქვენი შვილების შესახებ, რას საქმიანობენ ახლა და რამდენად კმაყოფილი ხართ მათი სტუდენტობის წლებით?
– პირველ რიგში, ყველა აბიტურიენტს ვულოცავ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. რაც შეეხება ჩემს შვილებს, მყავს ორი ბიჭი გიორგი და ლუკა შანავები და ასევე შეძენილი შვილი (რძალი) მარიამ ჩიჩუა. ლუკა წელს გახდა აბიტურიენტი, ხოლო გიორგიმ და მარიამმა წელს მაღალი აკადემიური მოსწრებით დაამთავრეს სწავლა სახელმწიფო უნივერსიტეტებში. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, მათმა სტუდენტობის პერიოდმა განსხვავებულად ჩაიარა. ორი წელი ონლაინ სწავლება მოუწიათ. თუმცა ვისაც ნამდვილად სურს სწავლა, მათთვის შეფერხებას არ წარმოადგენს განათლების მიღების სხვადასხვა რეჟიმი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შრომამ ნაყოფი გამოიღო და ახლა სამსახურის ძიების ეტაპზე გადავედით. დიდი იმედი მაქვს, რომ დასაქმდებიან და სწავლა დაუფასდებათ.
– რა ეტაპები გაირეთ თქვენ, როგორც მშობელმა, შვილების გასტუდენტებამდე?
– აქტიურად ვიყავი ჩართული მათთვის საჭირო განათლების მიღებაში, რაც გულისხმობდა თვითონ პიროვნებასთან და სკოლის მასწავლებლებთან აქტიურ კონტაქტს, ჩართულობას სასწავლო პროცესში. მიუხედავად ამისა, მაინც დამჭირდა რეპეტიტორების აყვანა. მუდმივად ვცდილობდი, მოტივაცია მიმეცა შვილებისთვის და თვითშეფასება ამემაღლებინა. არც ქათინაურებს ვიშურებდი და მუდმივად ვამხნევებდი.
– თქვენი ჩართულობა, როგორი იყო პროფესიისა და უნივერსიტეტის შერჩევის ნაწილში?
– ყველა პიროვნებას აქვს საკუთარი არჩევანის უფლება. ამ შემთხვევაში, მშობლები მათთვის უფრო რჩევის მიმცემად გამოვდგებით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემმა შვილებმა თავისი გადაწყვეტილებით აირჩიეს პროფესია.
– ქალბატონო სოფიკო, რა საქმეები ელით წინ ამჟამად აბიტურიენტების მშობლებს, კიდევ რა ეტაპების გავლა მოუწევთ?
– მშობლები მუდამ ვართ ჩვენი შვილების სამსახურში, როცა მათ ეს სჭირდებათ, იქნება ეს მატერიალური თუ მორალური მხარდაჭერა. ახლა მშობლებმა უკვე იციან როგორი შეფასებები ჰყავთ მათ აბიტურიენტ შვილებს, მალე გაიგებენ სად ჩაირიცხებიან და ამ დროს მშობლის გვერდში დგომა მნიშვნელოვანია. შეიძლება აბიტურიენტი ვერ მოხდეს სასურველ უნივერსიტეტსა თუ ფაკულტეტზე და ამის გამო არ ღირს, შვილს უსაყვედურონ. შემდეგ უკვე მთავარი საქმეა უნივერსიტეტში რეგისტრაციის პროცესი და სწავლების საფასურის გადახდა იმ შემთხვევაში, თუ ფასიან მიმართულებაზე ჩაირიცხნენ და გრანტი ვერ მოიპოვეს. ამის შემდეგ კი პირველი დღისთვის მოსამზადებელი პერიოდია. ყველას უნდა, სწავლის დაწყების პირველ დღეს იდეალურად გამოიყურებოდეს. ვფიქრობ, რაც ჩვენ შეგვიძლია, ყველაფერი უნდა გავუკეთოთ შვილებს და ეს პროცესი დაუსრულებელია, რაც უფრო იზრდებიან, მით მეტი სჭირდებათ მშობლისგან.
– მიმართეთ ჩვენს მკითხველ მშობლებს
– მშობლებო, გჯეროდეთ თქვენი შვილების წარმატების, მიეცით მათ ნება აირჩიონ თავიანთი პროფესია თვითონ, რადგან პიროვნების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, სად ხედავ ეს ადამიანი საკუთარ თავს. არასდროს მოახვიოთ თავს თქვენი სურვილები, მიეცით მათ მხოლოდ რჩევები და შეცდომის დაშვების უფლებაც, რადგან შეცდომებით უკეთ ვსწავლობთ. აგრძნობინეთ გვერდით ყოფნა ყველა სიტუაციაში.
ასევე იხილეთ:
როცა შვილი ეროვნულ გამოცდებს აბარებს – ჯანსაღი ქცევის ინსტრუქცია მშობლებს
როგორ ჩავდო ინვესტიცია შვილის განათლებაში სწორად და შედეგიანად – მშობელი გამოცდილებას გაგიზიარებთ