GE
3 აგვისტო, 2023 12:53

ეს ფილმები მშობლებთან ერთად უნდა ნახოთ – კინომცოდნის რეკომენდაციები მოსწავლეთა მშობლებს და არამხოლოდ

სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებს ნაკლები თავისუფალი დრო ჰქონდათ. ისინი ახლა, ზაფხულის არდადეგების პერიოდში ცდილობენ დანაკლისების შევსებას. ფილმების სამყაროში მოგზაურობა ყველა ბავშვსა თუ თინეიჯერს ხიბლავს, კითხვა – „აბა, რა ჩავრთო?!“ მართლაც საინტერესოდ ჟღერს, თუმცა მშობლები აქაც აწყდებიან გამოწვევას…

არის შემთხვევები, როცა შვილი მისი ასაკისთვის შეუსაბამო ფილმებს უყურებს. მაგალითად, საშინელებათა ჟანრის ე.წ „ჰორორებს”. ასეთ დროს მშობლისთვის ახალი საფიქრალი ჩნდება: „უნდა ჩავერთო თუ არა ფილმის არჩევის პროცესში,“ „ისე როგორ ვესაუბრო, რომ ავუხსნა მისთვის ეს არის უკეთესი“… საორიენტაციო კითხვები, როგორც წესი, ბევრია.

ამ მართლაც აქტუალურ საკითხებზე, EDU.ARIS.GE კინომცოდნეს, ნენო ქავთარაძეს ესაუბრა, რომელიც კინოხელოვნებას საქართველოს 4 რეგიონის 8 სკოლაში ასწავლიდა. სპეციალისტი იმ პოპულარული ფილმების შესახებ მოგიყვებათ რომლებიც სასურველია, სასკოლო ასაკის მაყურებლებმა მშობლებთან ერთად ნახონ და ამის მიზეზებსაც დაასახელებს.

– ნენო, პირველ რიგში, გვითხარით, რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს კინოინდუსტრია საშიში ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რა არ უნდა გამორჩეთ მშობლებს?

– ზოგადად, ფილმის „საშიშად“ ან „ნაკლებად საშიშად” შეფასება ძალიან პირობითი ცნებები მგონია. ყველა ფილმს ჰყავს თავის პოტენციური აუდიტორია და კონკრეტული ასაკობრივი სეგმენტი. მაგალითად, ბრიტანეთის კინოინსტიტუტი ცალკეულ ფილმებს კონკრეტულ ასაკობრივ კატეგორიას ანიჭებს. ამის მიხედვით, ფილმები იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ფილმი რომელიც მოზარდმა (ბავშვმა) მშობლის თანდასწრებით უნდა ნახოს, ფილმი, რომლის ნახვაც მარტოს შეუძლია, +10,+13, +16. +18… ასაკიდან დაშვება. ამგვარი მიდგომა და ასეთი პრინციპი, ცხადია, მშობელს საქმეს უმარტივებს. მან აპრიორში იცის, რა ფილმია მისი შვილისთვის დასაშვები.

კინოინდუსტრიაში, მეინსტრიმულ ფილმებში საფრთხეს მოზარდისთვის ასაკობრივად შეუფერებელი კონტენტი წარმოადგენს, რაც ცალკეულ შემთხვევებში, როგორც წესი, ჟღერდება – ძალადობის, შიშველი სცენების, რასიზმის, არაჰუმანური სცენების და ა.შ. სახით. თუმცაღა კარგი რეჟისორის შემთხვევაში, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თემა და საკითხი შესაძლოა, იმგვარად იყოს რეპრეზენტირებული, რომ პირიქით, ფილმი მოზარდისთვის ერთგვარ „სასწავლო მასალად“ იქცეს. ასე რომ, საბოლოოდ, ყველაფერი მაინც კონკრეტულ ავტორამდე და ფილმამდე შეიძლება დავიყვანოთ.

– როგორც ამ სფეროს სპეციალისტი, გვითხარით, რომელი ჟანრებია პოპულარული ბავშვებსა და თინეიჯერებში?

– ჩემი მოსწავლეების მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, თინეიჯერებს ძალიან უყვართ საშინელებათა ჟანრი-„ჰორორი“, თრილერი და მელოდრამები. როცა ეკრანზე გმირი საფრთხეშია და შენ -მაყურებელი ამ დროს უსაფრთხოდ გრძნობ თავს, ეს ყველა ასაკის მაყურებლისთვის მიმზიდველი (სასურველი) მდგომარეობაა. ამჟამად, თინეიჯერებში ძალიან პოპულარულია ნეტფლიქსის პროდუქცია და ის ჟანრული არსენალი, რომელიც ინტერნეტ ტელევიზიის სერიალებშია წარმოდგენილი. პირადი მაგალითით გეტყვით, ჩემმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ საავტორო კინო გაცილებით უფრო საინტერესო და ბევრის მიმცემი აღმოჩნდა მოზარდებისთვის. ჩარლი ჩაპლინი, ფრანსუა ტრიუფო, მილოშ ფორმანი, ალფრედ ჰიჩკოკი, ძმები დარდენები… ამ რეჟისორთა ფილმების ნახვის შემდგომი დისკუსია 13-15 წლამდე მოსწავლეებში, ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო.

– არის ფილმები, რომლებიც გაყიდვების რეკორდებს ხსნის და ბავშვებიც სწორედ მათ უყურებენ, ასეთ შემთხვევაში რას ურჩევდით მშობლებს, როგორ დაადგინონ ხომ არ არის ეს ფილმი საშიში შვილის ფსიქო-სოციალური განვითარებისთვის?

– ასეთ შემთხვევაში, უმჯობესი იქნება, მშობელმა ჯერ თავად უყუროს ფილმს და გაიგოს თუკი მასში რაიმე სენსიტიური საკითხია, ან ისეთ სცენა, რომელმაც შესაძლოა, მოზარდის ფსიქო-სოციალურ განვითარებაზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს. თუ მან არ იცის, როგორ და რა გზებით უნდა ესაუბროს ფილმის ყურების შემდგომ საკუთარ შვილს, უმჯობესია ფსიქოლოგს, კინომცოდნეს ან/და კინოგანათლების ექსპერტს მიმართოს. როგორც წესი, ინტერნეტში ყველა მაღალბიუჯეტიან ფილმზე იწერება რევიუ, რეცენზია და უფრო მეტიც, არსებობს მიწოდების მეთოდოლოგიები ფილმის შესახებ. ის, თუ როგორ უნდა გააცნო მოზარდს ცალკეული ნამუშევარი და როგორ უნდა წარმართო დისკუსია მის ირგვლივ. ქართულ სინამდვილეშიც არსებობს რამდენიმე პლატფორმა კინოგანათლების კუთხით, სადაც ქართული და უცხოური ფილმების შესახებ მასალაა განთავსებული, რაც ვფიქრობ, მშობლებს ნამდვილად წაადგებათ.

– დაასახელეთ 5 ფილმი, რომლებსაც თქვენი აზრით, მოზარდმა აუცილებლად მშობელთან ერთად უნდა უყუროს

ამ ფილმების ნახვა შვილებთან ერთად უმჯობესი იქნებოდა, რადგან არა მხოლოდ მათ, მშობლებსაც დაგაფიქრებდათ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

  • ფრანსუა ტრიუფო – „400 დარტყმა“;
  • ჩარლი ჩაპლინი – „ბიჭუნა“; „ახალი დროება“; „ოქროს ციებ-ცხელება“;
  • ლუკინო ვისკონტი – „ყველაზე ლამაზი“;
  • სტივენ დალდრი – „ბილი ელიოტი“;
  • ჟან-პიერ და ლუკ დარდენები – „ბიჭი ველოსიპედით“.

– ნენო, შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს მკითხველ მშობლებს, რა იქნებოდა თქვენი სათქმელი?

– კინოგანათლება დასავლურ საზოგადოებაში დიდი ხანია სასკოლო თუ არაფორმალური სივრცის განუყოფელ და აუცილებელ ნაწილად იქცა. ამიტომ, მშობლებს ვურჩევდი, რომ ფილმები არა მხოლოდ გასართობ მასალად, არამედ სასწავლო არსენალადაც აქციონ. შეურჩიონ საკუთარ შვილებს ის ავტორები და ის ფილმები, რომლებიც ყველაზე ახლოსაა მათ ასაკთან, იმ თემებთან და გამოწვევებთან რაც კონკრეტულ ასაკში მოზარდს „აწუხებს“.

ასევე იხილეთ:

როგორ ჩავდო ინვესტიცია შვილის განათლებაში სწორად და შედეგიანად – მშობელი გამოცდილებას გაგიზიარებთ

როგორ მქონდეს წარმატებული კარიერა და თან, შესანიშნავი მშობელი ვიყო? – სპეციალისტის პასუხი მშობლებს

ვარ თუ არა თანამედროვე მშობელი? – ფსიქოლოგი მშობლებს პასუხობს

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში