GE
20 თებერვალი, 2024 12:43

ბეჭდური, აუდიო თუ ელექტრონული? – წიგნის მოყვარული მოსწავლე საკუთარ არჩევანს განგიმარტავთ

წიგნის კითხვის მოყვარულს დღეს მრავალფეროვანი არჩევანი აქვს – ბეჭდური, ელექტრონული და აუდიო წიგნები მკითხველის ინდივიდუალურ კომფორტზეა გათვლილი.

კითხვის დაწყებამდე არჩევანის გაკეთების დროს კი ყველას საკუთარი კრიტერიუმები აქვს და გამონაკლისი არც მოსწავლეები არიან. EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ის მოსწავლე საუბრობს, რომელმაც წიგნებს სამივე ფორმით – ბეჭდური, ელექტრონული და აუდიო, კითხულობს, მაგრამ ყველაზე მეტად ბეჭდური წიგნის კითხვა იტაცებს და თუ რატომ, ამაზე საკუთარი დაკვირვების შედეგს გვიზიარებს.

ნიკა კვირკველია თბილისის მე-11 საჯარო სკოლის, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე და სატელევიზიო გადაცემის „წიგნების თარო“ გამარჯვებული გუნდის წევრია. როგორც თავად ამბობს, წიგნებთან დაკავშირებულ რჩევებს თანატოლებიც ხშირად ეკითხებიან.

– ნიკა, წიგნის რომელ ვერსიას ანიჭებ უპირატესობას და რატომ?

– ყველაზე ხშირად ვიყენებ ბეჭდურ წიგნებს. შეიძლება ითქვას, რომ ბეჭდური წიგნის დიდი გულშემატკივარი ვარ. როდესაც სხვა გამოსავალი არ მაქვს, ან უბრალოდ ვერ ვიშოვე წიგნის ბეჭდური ვერსია, მხოლოდ მაშინ ვიყენებ მის აუდიო და ელექტრონულ ვერსიებს. ბეჭდური წიგნი უფრო მოსახერხებელი და ჩამთრევია – თავისი ფურცლების სურნელით თუ ყდის დიზაინით, მასში ჩანაწერების გაკეთებაც შეგიძლია და რაც მთავარია – გაჯეტებზე არ გხდით დამოკიდებულს, ნაკლებად გტკივდებათ თავი, თვალები და უკეთესად ფიქრობთ.

– შენი დაკვირვებით, კიდევ რა განსხვავებაა ამ წიგნებს შორის, დადებით და უარყოფით მხარეებზეც მოგვიყევი

– ბეჭდური წიგნი ელექტრონულ წიგნებზე გაცილებით უკეთესია, თუმცა მასაც აქვს უარყოფითი მხარე. ზოგი წიგნი საკმაოდ ძვირია და ბუნებრივია, ფინანსები ყოველთვის არ გვიწყობს ხელს, რომ მასზე წვდომა გვქონდეს. რაც შეეხება ელექტრონულ წიგნებს, ისინი გაცილებით იაფია და მოსახერხებელია ნებისმიერ სიტუაციაში – სიბნელეშიც კი ჩვეულებრივ შეგიძლია წაიკითხო (ბეჭდური წიგნისგან განსხვავებით), თუმცა ბეჭდური წიგნი რომ დღეში 100 გვერდი წაიკითხოთ არაფერი მოგივათ, მაგრამ იმავე რაოდენობით აუდიო რომ მოისმინოთ, ან ელექტრონული, უფრო მალე დაიღლებით, თვალებიც და ყურებიც აგტკივდებათ. ამიტომ, ვცდილობ, მოვერიდო.

– როგორია შენი კითხვის რეჟიმი, გარემო და რა დროს უთმობ მას?

– ელექტრონული წიგნის კითხვისას, ვცდილობ, ელექტრონული მოწყობილობა ისე მოვმართო, რომ თვალებისთვის ნაკლებ საზიანო რეჟიმით ვიკითხო [სინათლის დაწევა, განათების ფერის ცვლილება]. იცით, ზოგჯერ პირიქითაც ხდება, ელექტრონული და აუდიო წიგნები ეხმარება ადამიანს, რომ მოწყდეს ტექნიკას და ფუჭი საქმის კეთების -, „სქროლვისა“ და სოციალურ ქსელებში ყოფნის ნაცვლად, იკითხოს. მე პირადად, ვცდილობ, თავისუფალ დროს კითხვით დავკავდე. ვკითხულობ ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლაში, პარკში, დღის უმეტეს ნაწილს კითხვაში ვატარებ.

– მიეცით რჩევა იმ თანატოლებს, რომლებიც ახლა ხდებიან მკითხველები და ცდილობენ მოსინჯონ როგორც ბეჭდური, ისე წიგნის ელექტრონული ვერსიაც და აუდიოც

– როცა შერჩეული გაქვს შენთვის სასურველი წიგნი, აუცილებლად მოგინდება ეს წიგნი შენი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი გახდეს და თაროზე განსაკუთრებული ადგილი გამოუყო. ამიტომ, მე მაინც გირჩევთ, რომ ბეჭდურ წიგნები უფრო მეტი იკითხოთ, ვიდრე აუდიო და ელექტრონული. ჩემს ბიბლიოთეკაში ათასობით წიგნია, რომელიც ოჯახის რელიკვიად ითვლება. წიგნის შეძენის დროს ამ საკითხზეც იფიქრეთ. გაამდიდრეთ საოჯახო ბიბლიოთეკა, ამ წიგნებს აუცილებლად გამოიყენებენ თქვენი ოჯახის წევრები.

მკითხველებო, აუდიო, ელექტრონული თუ ბეჭდური წიგნი? თქვენი არჩევანიც გაგვიზიარეთ.

ასევე იხილეთ:

„დიალოგი შვილთან“ – როგორ აღვზარდოთ შვილი პასუხისმგებლიან მოქალაქედ

როგორ ჩავდო ინვესტიცია შვილის განათლებაში სწორად და შედეგიანად – მშობელი გამოცდილებას გაგიზიარებთ

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში