დამწყებ მასწავლებლებს: „პირველ სამუშაო დღეს იმდენი უნდა იყოთ, რამდენი მოსწავლეც გეყოლებათ კლასში“
მხოლოდ წელს, მასწავლებლის გამოცდებზე 18 900-ზე მეტი მსურველი იყო რეგისტრირებული. ეს რიცხვი საკმარისია იმის სათქმელად, რომ მასწავლებლები, რომლებსაც პირველი სამუშაო დღე ექნებათ, წელსაც საკმაო რაოდენობით იქნებიან სკოლებში წარმოდგენილი. დღევანდელი სტატიით სწორედ დამწყები სკოლის პედაგოგების დახმარებას შევეცდები. ნაწილს, ალბათ, რეპეტიტორობის გამოცდილებაც აქვს და ახალგაზრდა თაობასთან ურთიერთობაც არ უჭირს, თუმცა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებას აქვს გარკვეული სპეციფიკა და თავისებურებები.
დაწყებითი კლასების ახალგაზრდა პედაგოგი, მარიამ კაკაბაძე, რომელსაც მასწავლებლის პროფესიაში ყოფნის მე-9 წელი უსრულდება, დამწყებ პედაგოგებს სასარგებლო რჩევებს გაუზიარებს.
სანამ მარიამს ამ საპასუხისმგებლო საკითხზე ჩვენს რესპონდენტობას შევთავაზებდით, კოლეგებისგან მისი შეფასებებიც მოვისმინეთ. „არის საოცრად მხიარული, დადებითი, მეგობრული, კოლეგიალური. ყურადღებიანი როგორც მოსწავლეებთან და მშობლებთან, ისე სკოლის თითოეულ წევრთან“, – ასე დაგვიხასიათეს მარიამი, მის მშობლიურ, ქალაქ ბათუმის მე-5 საჯარო სკოლაში, სადაც ის ბოლო რამდენიმე წელი, წარმატებით ასწავლის.
EDU.ARIS.GE მარიამ კაკაბაძის სასარგებლო გამოცდილებას გიზიარებთ:
დაამარცხე შენში “უსუსური ბავშვი” – როდესაც სკოლის სივრცეში ფეხი პირველად შევდგი, მახსოვს, როგორი უსუსური ვიყავი, მთელი სხეული მიკანკალებდა და ცოტა მეშინოდა კიდეც. ვფიქრობდი, უნებურად “თავი არ შემერცხვინა”, მაგრამ საბოლოოდ, შინაგან სისუსტეს მაინც გადავაბიჯე, დავამარცხე “უსუსური ბავშვი”. იცოდეთ, ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ საკუთარ თავს ბოლომდე წარმოაჩენთ.
მოემზადეთ, ახალი თვალით დაინახოთ “მასწავლებელი” – შენ შეიძლება გქონდეს სულ სხვა წარმოდგენა, მაგალითად, ფიქრობდე, რომ მასწავლებლები არ იცინიან, არ თამაშობენ, არ მხიარულობენ, კონკურენტად აღიქვამენ კოლეგას.. სკოლაში პროფესიონალი და პოზიტიური ადამიანები მუშაობენ, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ ყველა დამწყებ, მოტივირებულ მასწავლებელს შანსი უნდა მისცენ, რადგან სკოლაზე და ბავშვებზე შეყვარებულმა მასწავლებლებმა და ხელმძღვანელობამ ყველაზე კარგად იცის, რომ მთავარი არა პირადი წარმატება, არამედ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებაა!
ყურადღებით მოუსმინეთ პირველ მოსწავლეებს – თუ მასწავლებლობას გადაწყვეტთ, ძალიან უნდა გიყვარდეთ თქვენი საქმეც და ბავშვებიც. პირველ დღეს თავადაც მღელვარებაში იქნებით, მაგრამ არ უნდა გამოგრჩეთ, რას მოგიყვებიან პირველი მოსწავლეები, პირველი შთაბეჭდილება ბავშვებს არასდროს ავიწყდებათ.
პირველ სამუშაო დღეს იმდენი უნდა იყოთ, რამდენი მოსწავლეც გეყოლებათ კლასში – სკოლაში შესვლისთანავე მასწავლებელმა უნდა იგრძნოს და აგრძნობინოს მოსწავლეებს, რომ იმდენია, რამდენი მოსწავლეც ჰყავს და შეეცადოს, პირველ რიგში მათ მეგობრად იქცეს, ბავშვებს თავიდანვე მისცეს მოტივაცია და სამომავლოდ, საგანი შეაყვაროს.
არ გამოგრჩეთ მშობლები და კოლეგები! – პირველ დღეს, როგორც წესი, მშობლებიც თან მოჰყვებიან შვილებს. მშობლებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი ფაქტორი. მშობელმა პედაგოგისგან პირველივე დღიდან უნდა იგრძნოს, რომ ის ზრუნავს მოსწავლეზე და უფრთხილდება მას. არ იყოთ მორიდებული, იყავით ღია და კომუნიკაბელური. კოლეგებთან ურთიერთობაშიც მნიშვნელოვანი ფაქტორი ღიაობაა.
აჩვენეთ გამოცდილ კოლეგებს, რომ ისურვებდით გამოცდილების გაზიარებას – ჩემს პირად მაგილითზე დაყრდნობით გეტყვით.. გამოცდილი კოლეგების დამსახურებაცაა, სკოლის წარმატებული ნაწილი რომ ვარ და ვცდილობ, პირველი ნაბიჯები სწორი სვლით გავამართლო, „უსუსური გოგო” პროფესიონალურად მეტად გავზარდო და განვავითარო. ყოველთვის ვგრძნობ კოლეგების თანადგომასა და მხარდაჭერას.
აბა პედაგოგებო, თქვენ რა რჩევებსა და დარიგებებს გაუზიარებდით ახალბედა კოლეგებს.