GE
10 ივნისი, 2022 13:00

„კარგად შეამოწმეთ სამედიცინო ჩანთა!“-ერთი სკოლის ამბავი, რომელიც ექსკურსიაზე ახალი რეგულაციების დაცვით წავიდა

„თუ ექსკურსიას კარგად დაგეგმავ, კილომეტრაჟის გათვალისწინება უაზრობაა. ბავშვები კი არ იღლებიან ამ დროს, მათი ტვინი იქითკენ არის მიმართული, რომ ბედნიერად და ხალისიანად გაატარონ ეს დრო“, – ამბობს თბილისის 178-ე საჯარო სკოლის პედაგოგი, თამარ ცანავა, რომელიც ერთ-ერთი პირველია, ვინც ახლად დაწესებული რეგულაციების შემდეგ, თავისი სადამრიგებლო, VII კლასის მოსწავლეები ექსკურსიაზე კახეთში წაიყვანა.

თამარ ცანავა ამბობს, რომ ექსკურსია ყველა რეგულაციის დაცვით განახორციელა. ვარკეთილში მდებარე სკოლა შედარებით ახლოს არის კახეთთან და მასწავლებელმაც იმის მიხედვით დაგეგმა საექსკურსიო ტური.

„პირველი, რაც გავთვალეთ, მანძილი იყო. ლოკაციები ისე შევარჩიეთ, რომ სკოლიდან 150 კილომეტრზე შორს არ წავსულიყავით. 10 დღით ადრე დავწერე განცხადება დირექტორის სახელზე. დირექტორმა რაც მოგვთხოვა – მძღოლის მოწმობა, ავტობუსის გამართულობა, პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთის ქონა, სიის სრული წარდგენა, ვინც მოდიოდა… ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ. გვყავდა ექთანიც – ამ კლასის მოსწავლეების სამ მშობელს აქვს სამედიცინო განათლება და ერთ-ერთის დიპლომი წარმოდგენილ დოკუმენტაციას დავურთეთ თან. მალფუჭებადი საკვები არ წაგვიღია და ა. შ.,“ – მოუყვა EDU.ARIS.GE-ს თამარ ცანავა.

პედაგოგის ამბობს, რომ არცერთი რეგულაცია არ ყოფილა, რომლის დაცვაც გაუჭირდათ, თუმცა, გარკვეულწილად არ ეთანხმება 150 კილომეტრიანი ზღვარის დაწესებას, რადგან მისი აზრით, საფრთხე მოკლე მანძილზეც არსებობს და დიდზეც.

„საფრთხე ყველგან არსებობს – 100 კილომეტრის დაშორებით წაიყვან, 20-ით თუ 200-ით. ალბათ ბავშვების ასაკიც უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს. რომც ყოფილიყო დაშვებული, VII კლასს მაინც არ წავიყვანდი უფრო შორს – აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. როცა მაღალი კლასია და ავტობუსი გამართულია, რატომაც არ შეიძლება უფრო შორ მანძილზე წასვლა? მეც ვყოფილვარ ორდღიან ექსკურსიაზე – ზუგდიდიდან წავსულვარ ბოდბეში. სულაც არ დავღლილვართ და პირიქით, ძალიან კარგად მახსოვს ის დღეები.

„გავითვალისწინეთ, რომ ბავშვები არ უნდა წაგვეყვანა ისეთ ადგილას, სადაც წყალსაცავი თუ მდინარეა. ამ რეგულაციას მივესალმები, რადგან ცოტა საშიშია და მეც მეშინია. იმდენად დაძაბული ვიყავი, ყველა გაჩერების შემდეგ სულ სიას ვკითხულობდი, მეშინოდა, რომელიმე სადმე არ დაგვრჩენოდა, რამე არ გამოგვპარვოდა. მშობლის გარეშე მხოლოდ ერთი ბავშვი მყავდა წაყვანილი და მისი მშობლის ნებართვაც გვქონდა და ისე წავიყვანეთ ის ბავშვიც“, – გვითხრა პედაგოგმა.

თამარ ცანავა ამბობს, რომ შეასრულა ექსკურსიის უმთავრესი ფუნქცია – შემეცნებითი ტური, რომელიც ბავშვებს ქართული ენის გაკვეთილზე კომპლექსური დავალებისთვის გამოადგათ.

„შემეცნებითი ექსკურსია გამოვიდა – ექსკურსიიდან დაბრუნებულებმა ქართულის მასწავლებელს პრეზენტაცია მოუწყვეს, დაწერეს, რა ნახეს, ფოტოებიც დაბეჭდეს… სამი ლოკაცია მოვიარეთ – იყალთო, ალავერდი და შუამთა. ალავერდში რაღაც დეტალები დააინტერესდათ – იქ სკამები სხვაგვარად არის განლაგებული და ამის დეტალების გასარკვევად მე თვითონ მივედი ერთ-ერთ ბერთან და ინფორმაციის მოძიებაში დავეხმარე ბავშვებს, ვიცოდი, რომ სჭირდებოდათ კომპლექსური დავალებისთვის. მე ინგლისურს ვასწავლი და ამ ინფორმაციას მერე ჩემს საგანშიც გამოიყენებენ. ინტეგრირებულ გაკვეთილებსაც ვატარებთ ხოლმე, მაგალითად, ისტორია-ინგლისურის ერთად და იქ გამოგვადგება“, – ამბობს მასწავლებელი.

როგორც თამარ ცანავამ გვითხრა, მათი ავტობუსი გზაში არავის გაუჩერებია და შეუმოწმებია, თუმცა ავტობუსის მძღოლისგან იცის, რომ პოლიცია ხშირად აჩერებს ითხოვს შესაბამის დოკუმენტაციას. EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, რას ურჩევდა სხვებს, ვინც ახლა აპირებენ ექსკურსიაზე წასვლას, პედაგოგი პასუხობს:

„პირველ რიგში, ყველას ვურჩევ, რომ კარგად შეამოწმონ სამედიცინო ჩანთა. შეიძლება, ავტობუსში იყოს, მაგრამ – არა სრულყოფილი. მე მაინც წავიღე ანტიჰისტამინური წამლები და მშობლებსაც ჰქონდათ სხვა მედიკამენტები. ისეთი ადგილებია, რომ მწერები ქვეწარმავლები შეიძლება იყვნენ, შეიძლება წაიქცნენ ბავშვები… ჩვენ მხოლოდ წყალბადის ზეჟანგი დაგვჭირდა, კოღოებმა რომ დაგვიკბინა ბავშვები. არავინ წაქცეულა, მაგრამ მაინც ვღელავდი. აუცილებლად წაიღეთ სიცხის დამწევი, თერმომეტრი, ზოგმა ბავშვმა შეიძლება ჭამისგან კუჭის სპაზმი მიიღოს და ესეც უნდა გაითვალისწინონ და შესაბამისი მედიკამენტი წაიღონ…

„ექსკურსიამდე ბავშვებს ინსტრუქტაჟი ჩავუტარე – არ უნდა გავიდნენ შორს, გარემო არ უნდა დაანაგვიანონ, არ უნდა გაიფანტონ, თუ ტყეში ვართ. კარგად გვქონდა დაგეგმილი და განაწილებული, გასართობად ვის რა მოგვქონდა – ბურთები, შემეცნებითი კარტები, პლედები, ბადმინტონი, დინამიკი, მიკროფონი და ა. შ. მათთან ერთად ვითამაშე ბადმინტონი, წრეში ბურთი და მგონი, მათზე კარგადაც გავერთე“.

ჩვენ გავესაუბრეთ ასევე ამავე კლასის მოსწავლის მშობელს, თეონა გასვიანს, რომ გაგვეგო, რას ფიქრობენ მშობლები დაწესებული რეგულაციებით მოწყობილ ექსკურსიებზე. თეონა ამბობს, რომ არსებულმა რეგულაციებმა ამჯერად ხელი არ შეუშალა, რადგან ეს მანძილი აწყობდათ, თუმცა სურვილი აქვს, მომავალი წლისთვის 150 კილომეტრიანი ზღვარი აღარ არსებებობდეს.

„იმდენად აღფრთოვანებულები ვიყავით, ექსკურსიები რომ დაიშვა, სადაც არ უნდა წავსულიყავით, მაინც ყველანაირად კმაყოფილები ვიქნებოდით. რაც შეეხება ავტობუსის მოწესრიგებას, საფრთხისგან დაზღვევას და ა. შ., ყველა მშობელი მივესალმებით, რადგან პირველ რიგში, ეს ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის არის. კახეთზე ბავშვები თემატურადაც ბევრ საკითხს გადიან და თავადაც ძალიან აინტერესებდათ ყველაფერი. ბავშვებიც და მშობლებიც ძალიან კმაყოფილები დავრჩით. იმდენად ხალისიანი და შემეცნებითი ტური გვქონდა, მგონი, მთელი წელი გაგვყვება ეს ემოციები. კარგია, როდესაც წყალსატევთან არ შეიძლება ბავშვების მიყვანა და ა. შ. ერთადერთი, რაც არ მოგვწონს, მანძილია და თუ გაითვალისწინებენ, კარგი იქნება. ბავშვები იზრდებიან და გვინდა, ცოტა შორი მანძილებიც დალაშქრონ ერთად“.

VII მოსწავლე, გიორგი იმერლიშვილი, რომელიც ამავე ექსკურსიაზე გახლდათ, EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ გართობასთან ერთად, ბევრი საინტერესო ინფორმაციაც მიიღო. გიორგისაც ერთი თხოვნა აქვს – 150 კილომეტრიანი ზღვარი არ არსებობდეს.

„ისეთი კარგი ინფორმაციები მივიღეთ ექსკურსიაზე, რომ ამის მიხედვით კომპლექსური დავალება დავწერეთ ქართულში. კომპლექსური დავალების თემა იყო „გზამკვლევი“. უნდა აგვეღო რომელიმე კუთხე და მასზე გვეამბნა. იქ გადაღებული ფოტოები დავბეჭდეთ და ჩვენს „გზამკვლევს“ დავურთეთ. ისეთი ფოტომასალა გვქონდა, რომელსაც ინტერნეტში ვერ ვნახავდით. დიდი ხანია, ექსკურსია არ გვქონია. ახლა კი ბევრი ვიხალისეთ და ბევრი ახალი რამეც გავიგეთ. ცოტა შორსაც რომ შეგვეძლოს წასვლა, კარგი იქნებოდა“, – ამბობს გიორგი.

სასკოლო ექსკურსიების მოწყობასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ცოტა ხნის წინ შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც:

ექსკურსია უნდა განხორციელდეს მხოლოდ ერთ დღეში, ღამისთევის გარეშე; ლოკაციის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე არ აღემატებოდეს 150 კმ-ს; ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ უნდა მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიებზე; ექსკურსიაში მონაწილე სრულწლოვან პირთა შორის უნდა იყოს სულ მცირე ერთი ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები; სატრანსპორტო საშუალებას უნდა მართავდეს შესაბამისი გამოცდილებისა და სათანადო კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლი და ა. შ.

ასევე იხილეთ:

მშობელი სასკოლო ექსკურსიებზე: ახალი რეგულაციებით ირღვევა ჩვენი შვილების უფლებები

აზარალებს თუ არა ექსკურსიებზე განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება შიდა ტურიზმს

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში