GE
13 თებერვალი, 2024 11:00

გაკვეთილების დაწყებამდე – როგორ შევქმნათ მოსწავლისთვის პოზიტიური დილა და განვაწყოთ სწავლისთვის

უფროსების მსგავსად, მოსწავლეებსაც აქვთ დილის რუტინა და სხვათა შორის, არც მათთვისაა მარტივი პოზიტიური განწყობის შექმნა თუ შენარჩუნება. დილას ადრე ადგომა, წინა დღით ჩალაგებულ ჩანთაში ნივთების საგულდაგულოდ გადამოწმება, გამოპრანჭვა და სარკეში რამდენჯერმე ჩახედვა, შემდეგ კი სკოლის გზა…

იმის გასარკვევად, თუ რა მეთოდებით ცდილობენ მშობლები, რომ შვილს სკოლაში წასვლის წინ პოზიტიური განწყობა შეუქმნან, EDU.ARIS.GE ახალგაზრდა დედას, თათია ჯინჭარაძეს ესაუბრა. ჩვენი რესპონდენტი, ზოგადი განათლების სპეციალისტია და მშობლების მხარდამჭერ FACEBOOK-ის ჯგუფებში, ხშირად აზიარებს ისეთ მოქნილ სტრატეგიებს, რომლებიც შვილის აღზრდაში ნაკლებად ჩართულ მშობელსაც უმარტივებს საქმეს.

თათია მისი შვილის მაგალითზე გვიხსნის, როგორია მოსწავლის დილა და ტრადიციული რუტინა გაკვეთილების დაწყებამდე. მისი სიტყვებით, რეჟიმში ყოფნა ყველაზე მეტად მოსწავლეებს დაწყებით კლასებში უჭირთ.

„ჩემი შვილი მეორე კლასშია. დილის 08:00 საათზე იღვიძებს, მაღვიძარას დახმარებით. მისთვისაც დილით ადრე ადგომა საკმაოდ არასასიამოვნო პროცესია. ზოგადად, დაწყებითი კლასის მშობლებისთვის ეს პრობლემა ნაცნობია. უფროსკლასელებსაც არ უყვართ ადრე გაღვიძება და მომზადება, მაგრამ ეს, შეიძლება, უფრო მეტად სიზარმაცით იყოს გამოწვეული ან კონკრეტული მიზეზებიც ჰქონდეს, თუ რატომ არ უნდა სკოლაში წასვლა. დაწყებით კლასებში კი რაც არ უნდა კარგი მასწავლებლები ჰყავდეს მოსწავლეს და უყვარდეს სკოლა, მაინც უჭირს რეჟიმში ყოფნა. შესაბამისად, ბავშვებს განწყობაც მეტ-ნაკლებად ერთნაირი აქვთ, ეძინებათ და სჭირდებათ დრო გამოსაფხიზლებლად“, – ამბობს მშობელი.

თათია ჯინჭარაძის თქმით, თუ მშობელი დილის რუტინის პოზიტიური მონაწილე ხდება, ის შვილს დადებით განწყობას უქმნის. საწინააღმდეგო შემთხვევაში მოსწავლე იგივე განწყობით მიდის გაკვეთილებზე, რომლითაც გაიღვიძა.

და როგორ ვიქცეთ შვილის დილის პოზიტივად? – თათიას პრაქტიკული მიდგომები დეტალებშია გათვლილი.

მიდგომები, რომელიც მშობელმა ნებისმიერი სასკოლო ასაკის შვილისთვის პოზიტიური დილის შესაქმნელად შეუძლია გამოიყენოს:

შვილის გაღვიძების პროცესი რაც შეიძლება პოზიტიური გახადეთ. ამისთვის, გავაღვიძოთ შუბლზე კოცნით, ჩავრთოთ სასიამოვნო მუსიკა. ერთად შევარჩიოთ სამოსი. უთხარით თქვენ თავად რას იცვამთ და ჰკითხეთ ის რას იცვამს. ურჩიეთ როგორი ვარცხნილობის გაკეთება სჯობს. ბიჭების შემთხვევაშიც სწორედ ასე, ენერგიულად ჩაერთეთ. ცოტა წაიცეკვეთ და მოდით ენერგიაზე. ეს დაგეხმარებათ გამოფხიზლებაშიც და პოზიტიური განწყობის შექმნაშიც.

შვილებთან ერთად საუზმობა აუცილებელია. ხშირად, მოსწავლის უგუნებო ხასიათის მიზეზი ცარიელი კუჭია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას უყვარს კარგად, გემრიელად ჭამა. ერთად საუზმობა არ დაგავიწყდეთ. იმის ყურება თუ როგორ ზრუნავთ შვილზე, ამაღლებს მათ ცხოვრების ხარისხსა და განწყობას. თუ ვერ შეძლებთ ერთად ისაუზმოთ, მოუმზადეთ და თქვენთვისაც მოიმზადეთ წასაღებად. მაგალითის ჩვენებით მოსწავლე მარტივად დაისწავლის სასარგებლო ჩვევებს.

გაღვიძებისას უთხარით ეს სიტყვები. უთხარით, რომ გული გიგრძნობთ, დღეს ყველაზე კარგი დღე იქნება, რაც კი ოდესმე ყოფილა. რაღაც ახალი და განსაკუთრებული გელოდებათ წინ და საღამოს ამის შესახებ ისაუბრებთ. ეს დიდი სტიმულია შვილისთვის, რომელიც ინტერესიანია და უყვარს თავგადასავლები.

აწარმოეთ კალენდარი „ღიმილაკებით“. გააკარით ოთახში ე.წ თაბახის ფურცელი, ან თუ გაქვთ ამის რესურსი, დაფა შეიძინეთ. კალენდარზე, რიცხვის გასწვრივ მონიშნეთ თქვენი გეგმები. მაგალითად, 11 თებერვალი: მაქვს გამოცდა ქართულ ენაში, უნდა დავესწრო სპექტაკლს და წავიდე ვარჯიშზე. იგივე ჩანაწერი მშობელმაც უნდა დატოვოს და თუ ამ გეგმას შევასრულებთ, დღის ბოლოს შეგიძლიათ, ეს დღე ე.წ ღიმილაკის სტიკერით აღნიშნოთ. კვირის ბოლოს კი დაითვალეთ, რამდენი ღიმილი დააგროვეთ. თქვენ კი ჯილდოც არ უნდა დაგავიწყდეთ. ეს მეტი სტიმული იქნება შვილისთვის და თავად თქვენთვისაც.

მთავარი სტრატეგიაა სიყვარულის გამოხატვა. მთავარი არ არის, რომ გიყვართ შვილი, მთავარია, რომ ამ სიყვარულს უჩვენებთ. ამიტომ, აუცილებელია შვილს დილით მეტი სიყვარული და სითბო ვაჩუქოთ. ვუთხრათ სამოტივაციო სიტყვები, „დღეს შენ საუკეთესო იქნები“, „უმრავ ახალ რამეს ისწავლი“, „როგორი ლამაზი და ჭკვიანი მყავხარ დედიკო“ – ამგვარი მიდგომების გამოყენებით შვილთან ურთიერთობა ჯანსაღი და მეგობრული ხდება.

მშობლებო, თქვენი გამოცდილებაც გაგვიზიარეთ, რა მიდგომებს, იყენებთ შვილისთვის პოზიტიური განწყობის შესაქმნელად?

ასევე იხილეთ:

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში