GE
10 ივნისი, 2022 16:40

გაკვეთილზე მომზადებული მინდვრის ფხალი იმერულად – „გემრიელი“ აქტივობა სხვიტორის სკოლაში

იმერეთში, სოფელ სხვიტორში, V კლასის მოსწავლეებმა გაკვეთილზე, ბუნებისმეტყველების მასწავლებელ ნინო ჭიღლაძესთან ერთად, იმერული ფხალი მოამზადეს. როგორც მასწავლებელი გვიყვება, „გემრიელი“ აქტივობა ზოგადი განათლების რეფორმის პროექტის, „ჩვენი კულტურა ჩვენი სიამაყეას“, ფარგლებში განახორციელა, რადგან ამ პროექტის ერთ-ერთი აქტივობა ტრადიციული ქართული კერძები გახლავთ.

ნინო ჭიღლაძე EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ გაკვეთილზე ქართული სამზარეულოს სიმდიდრესა და მრავალფეროვნებაზე ისაუბრა და ბავშებს მინდვრის ფხალის იმერულად დამზადების ტრადიცია და მომზადების წესი გააცნო. მისი თქმით, ეს კერძი ტრადიციული იმერული სამზარეულოს შემადგენელი ნაწილია, რომელსაც დიდი ხნის ისტორია აქვს.

„კომპლექსური დავალება შევასრულეთ ფხალის მომზადებით, რომლის პირობა იყო კვებითი კავშირი ბიომრავალფეროვნებასთან. არიან ნაირმჭამელები, ხორცისმჭამელები და მცენარისმჭამელები. ამჯერად, მცენარისმჭამელებზე შევჯერდით და დავალება ისე შევასრულეთ, რომ მხოლოდ მცენარეული პროდუქტები გამოვიყენეთ. ნიგოზი მივიტანე, როდინი – დასანაყად, მჭადი გამოვაცხეთ ზეთში, რომელიც ასევე მცენარეულია. ფხალისთვის ჭინჭარი, იაია, ტარხუნა, ქინძი და ოხრახუში გამოვიყენეთ. ჭინჭარი და იაია ბავშვებთან ერთად, სკოლასთან ახლოს მდებარე პატარა ტყეში დავკრიფე. წინა დღით დავკრიფეთ, გავრეცხეთ და შევინახეთ. იმერეთში ეს ფხალი ძალიან ღირებული კერძი იყო ყოველთვის. ბავშვებს ვასწავლით დამზადებას, რომ არ დაიკარგოს ეს ტრადიცია“, – გვიყვება მასწავლებელი.

ბიოლოგიის პედაგოგმა წინა დღეს ღია გაკვეთილი ჩაატარა, რომელსაც მშობლებიც ესწრებოდნენ, მეორე დღეს კი პრაქტიკული ნაწილი განახორციელა. როგორც ამბობს, ამ აქტივობამ ბავშვები ძალიან გააბედნიერა.

„ბავშებს კაკალი დავამტვრევინე, მერე დანაყეს, მჭადები დავაცხვეთ, ყველაფერი ადგილზე გავაკეთეთ. ბავშვები ამბობდნენ, რომ არასოდეს დაავიწყდებათ ფხალის მომზადება. მათი ოჯახის წევრებიც კი აკეთებენ, რადგან ეს კერძი იმერეთში ძალიან მიღებულია, ახლა კი თავიანთი ხელით მოამზადეს და ამით ძალიან ბედნიერები იყვნენ“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ნინო ჭიღლაძემ.

ნინო ჭიღლაძე 34 წელია, რაც საჯარო სკოლის პედაგოგია. აგროსაინჟინრო და ბიოლოგიის ფაკულტეტები აქვს დამთავრებული. ახლა უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს.

„წლების წინ, შრომას რომ ვასწავლიდი, გაკვეთილებზე კულინარიასაც გავდიოდით და მაშინაც ვამზადებდით კერძებს, ნამცხვრებს. ახლა კი კომპლექსური დავალების ფარგლებში გვევალება, გაკვეთილები ბავშვისთვის საინტერესო გავხადოთ. ბავშვები სწავლობენ, რა როგორი მცენარეა, გემო როგორი აქვს… ბოლოს გემრიელად მიირთვეს ცხელი მჭადი და ფხალი. გაკვეთილი ყველა რეგულაციის დაცვით ჩავატარეთ. ერთი სიტყვით, საინტერესო და გემრიელი აქტივობა გამოგვივიდა“, – ამბობს მასწავლებელი.

ასევე იხილეთ:

„მოსწავლეებმა დაინახეს, რომ პედაგოგსაც შეუძლია იყოს ბავშვი“ – ბათუმელი მასწი პეპი გრძელწინდას როლში

ფოთელმა მოსწავლეებმა გაკვეთილზე ბებიები მიიწვიეს

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში