ინტერვენციის გეგმის ნიმუში სკოლებისთვის – სპეციალური მასწავლებელი ვარშავიდან კოლეგებს ეხმარება
„სასწავლო წლის დასაწყისში, სპეციალურ მასწავლებლებს სკოლებში აქვთ ვალდებულება, დაწერონ სპეციალური მასწავლებლის ინტერვენციის გეგმა, რომელიც შეიძლება, იყოს წლიური ან სემესტრული. მასზე დაყრდნობით ხორციელდება აქტივობები სსსმ მოსწავლეებთან და საკმაოდ შრომატევადი საქმეა”, – ამის შესახებ კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, სპეციალური მასწავლებელი, ნუცა გომურაშვილი ვარშავიდან გვესაუბრება.
ის ცდილობს, დაეხმაროს იმ პედაგოგებს, რომლებიც ახლა იწყებენ გეგმაზე მუშაობას და სასარგებლო რჩევებთან ერთად, მათ უზიარებს საკუთარი ხელით შექმნილი ინტერვენციის გეგმის ნიმუშს.
იხილეთ: სპეციალური მასწავლებლის ინტერვენციის გეგმის ნიმუში
– ნუცა, რა არის სპეციალური მასწავლებლის ინტერვენციის გეგმა და რა ვადებში იწერება ის?
– სპეციალური მასწავლებლის ინტერვენციის გეგმა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის დამაგვირგვინებელი ნაწილია, ის არის სპეციალური მასწავლებლის სამუშაო გეგმა. ინტერვენციის გეგმაში გაწერილი თითოეული მიზანი ეფუძნება მოსწავლის შესაძლებლობებს და ემსახურება მისი ცოდნის უახლოესი ზონის აქტუალიზებას. ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე მუშაობა სასწავლო სწავლის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში სრულდება. არსებობს შემთხვევები, როდესაც დროის ინტერვალი მცირედით ხანგრძლივდება.
– ინტერვენციის გეგმაზე მხოლოდ სპეციალური მასწავლებელი მუშაობს?
– ინტერვენციის გეგმა არის დოკუმენტი, რომელსაც ქმნის სპეციალური მასწავლებელი, თუმცა მისი წერის პროცესი აუცილებლად მოიცავს მუდმივ კომუნიკაციას საგნის მასწავლებლებთან, მშობლებთან და არსებობის შემთხვევაში, სკოლის ფსიქოლოგთან. ინტერვენციის გეგმის თითოეული სასწავლო მიზანი აუცილებლად ეხმაურება საგნობრივ სასწავლო მიზნებს და ხელს უწყობს მოსწავლის სრულფასოვან ჩართულობას.
– მიეცით რჩევა მათ, ვინც ახლა იწყებს ფიქრს ინტერვენციის გეგმაზე სამუშაოდ,
– პირველ რიგში, იხელმძღვანელეთ, სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიოს დახმარებით. ეს არის პროფესიული გზამკვლევი, რომელიც გვთავაზობს სარეკომენდაციო ფორმასა და მნიშვნელოვან მიმართულებებს. დიდი ყურადღება მივაქციოთ დიაგნოსტიკური შეფასების არაფორმალური მეთოდების ორგანიზებას, მოსწავლის საწყისი უნარებისა და შესაძლებლობების სიღრმისეულ შეფასებას. გეგმაში გაწერილი აქტივობები უნდა ეფუძნებოდეს სწავლა-სწავლების მულტიმოდალურ სტრატეგიას, რაც ორი ან მეტი მგრძნობელობითი არხის ჩართულობას გულისხმობს. გახსოვდეთ, მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები მიზნის მიღწევის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელია.
ასევე იხილეთ: