ისტის მასწავლებელი: როდესაც მოსწავლე ჩამორჩენილია ქართულში, ის ჩამორჩება ამ საგანშიც
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცოდნის გარეშე დღეს ფაქტობრივად წარმოუდგენელია პროგრესი და მუშაობა თითქმის ყველა სფეროში. შესაბამისად, მოსწავლეთა სასწავლო პროცესში, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, იგივე ისტის, საგანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.
ითვლება, რომ თანამედროვე ბავშვები, რომლებსაც პატარაობიდანვე შეხება აქვთ ელექტრონულ მოწყობილობებთან, უფროსებზე ბევრად კარგად ფლობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ ამ საგნის მასწავლებლები. მათი აზრით, ვისაც სხვა საგნების ათვისება უჭირს, უჭირს ასევე თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობებისა თუ ტექნოლოგიის სხვა მიღწევების ათვისება.
თბილისის 173-ე საჯარო სკოლის ისტის მასწავლებელი, არჩილ წიწაკიშვილი თვლის, რომ დღევანდელ თაობას უფრო მეტი სიახლე, განვითარება და წინ გადადგმული ნაბიჯები აინტერესებს, თუმცა, გვიდასტურებს, რომ რომელ ბავშვსაც, მაგალითად, ქართული ენის გაკვეთილების სწავლა უჭირს, უჭირს ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გარკვევაც.
„ბავშებმა ძალიან ბევრი რამ იციან და მასწავლებლები ჩართულები ვართ, რომ ყველას მაქსიმალურად მეტი სიახლე ვასწავლოთ, მაგრამ არიან მოსწავლეები, ამ საგანშიც ჩამორჩენა რომ აქვთ. როდესაც მოსწავლე ჩამორჩენილია, ის ჩამორჩება ჩემს საგანშიც. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეა და თითქოს ამ საგანში ჩამორჩენილი მოსწავლეები აღარ უნდა გვყავდეს, ასეთი ბავშვები მაინც არიან და ასე იქნება მუდამ. არიან ოჯახები, რომლებსაც არ მიუწვდებათ ხელი ბევრ რამეზე და ბუნებრივია მათი შვილების ჩამორჩენა, მაგრამ სხვა შემთხვევებიც გვხვდება, როცა ბავშვის გონება ვერ ეწევა სასწავლო პროცესს“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს, 22 ივლისს, ისტის საგნის გამოცდიდან გამოსულმა არჩილ წიწაკიშვილმა.
ამავე თემაზე გვესაუბრება კიდევ ერთი ისტის მასწავლებლობის მსურველი, მაია სიხარულიძე, რომელსაც სკოლაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. მისი აზრით, აუცილებელია, მოსწავლეებმა სწორად გაიაზრონ ინფორმაციული თუ სხვა სახის სიკეთეები, რაც თანამედროვე პროგრესს მოაქვს და ამისთვის აუცილებელია, პედაგოგის დახმარება. მისი აზრით, ელექტრონულ მოწყობილობებს უკეთესად ის მოსწავლეები ითვისებენ ვისაც ტექნიკური საგნების შესწავლა უფრო ეხერხებათ, ვიდრე ჰუმანიტარულის.
„მოსწავლეებს მოეთხოვებათ, სწორად გამოიყენონ კომპიუტერი და იცოდნენ საფრთხეები, ზიანი, რომელიც მოაქვს ყველაფრის ნახვას ინტერნეტში და ა. შ. ვისაც ე.წ. ტექნიკური ტვინი აქვს, მათემატიკას და ტექნიკურ საგნებს უფრო კარგად ითვისებს, ხოლო ჰუმანიტარობისკენ მიდრეკილი პიროვნება, უფრო ნაკლებად სწავლობს თანამედროვე ტექნოლოგიებს. ჰუმანიტარებმა უფრო იციან საძიებო სისტემა – რა გამოიყენონ და როგორ. მაგალითად, იურისტებმა იციან, როგორ მოძებნონ კანონები, მაგრამ ტექნიკური განვითარებისკენ ვინც იხრება, მათ შეუძლიათ შექმნან საიტი, გააცნონ ინფორმაცია სხვებს… თანამედროვე ახალგაზრდებს უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ და ამიტომ ამბობენ, რომ უფრო მეტი იციან. იმის მიუხედავად, რომ ბევრი ინფორმაცია აქვთ, ამ ბევრ ინფორმაციას კარგად ვერ ამუშავებენ, ხშირად აზრის გამოტანა უჭირთ და ამისთვის ისტის მასწავლებლის დახმარება აუცილებლად სჭირდებათ“, – ამბობს მაია სიხარულიძე.
ასევე იცილეთ:
პაატა პაპავა: თუ მშობელს სკოლა კარს არ უღებს და კომუნიკაციაში არ შედის, შეიცვალეთ სკოლა!