პაატა პაპავა: თუ მშობელს სკოლა კარს არ უღებს და კომუნიკაციაში არ შედის, შეიცვალეთ სკოლა!
„თუ მშობელს შეხება აქვს ისეთ სკოლასთან, რომელიც მას კარს არ უღებს და კომუნიკაციაში არ შედის, პირდაპირ ვეტყვი: შეიცვალეთ სკოლა!“ – ასე მოუწოდებს მშობლებს EDU.ARIS.GE-ს საშუალებით USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის წიგნიერების მიმართულების უფროსი კონსულტანტი, განათლების ექსპერტი პაატა პაპავა.
USAID-ის, მსოფლიო ბანკისა და UNICEF-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის თემაც იყო „პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე“, პაატა პაპავა ერთ-ერთი დისკუსიის ფასილიტატორი გახლდათ. სწორედ ამ კონფერენციაზე გაიჟღერა მშობლის სკოლასთან თანამშრომლობის აუცილებლობამ და აღინიშნა ისიც, რომ ბევრი სკოლის კარი დღეს მოსწავლეთა მშობლებისთვის ჩარაზულია.
EDU.ARIS.GE-სთან პაპავამ სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა მშობლები უნდა ეცადონ, მოუსმინონ სკოლას. თუ პირიქით, სკოლა არ უსმენს მათ, ესე იგი, იქ რაღაც წესრიგში არ არის.
„პირველ რიგში, მშობლებმა უნდა მოუსმინონ სკოლას. თუ სკოლა არ თანამშრომლობს მშობელთან და ვიცი, რომ ამის შესახებ ბევრი მათგანი ჩივის, სწორედ მათ მივმართავ ახლა: თუ თქვენ ცდილობთ და მაინც არ ხართ კმაყოფილი სკოლის მხრიდან შემხვედრი კომუნიკაციით, ინტერაქციით, პრობლემების განხილვის მზაობით სკოლის მხრიდან, უნდა დაფიქრდეთ ამ სკოლის შეცვლაზე“, – ამბობს ექსპერტი.
EDU.ARIS.GE-ს შენიშვნაზე, რომ სკოლის შეცვლა ბავშვისთვის ერთგვარი ფსიქოლოგიურიო სტრესია, პაატა პაპავა პასუხობს:
„ცხადია, არის სხვა პრობლემები, რომელიც ამას მოჰყვება, მაგრამ მე მაინც დავრჩები ამ რჩევით – შეცვალეთ სკოლა. ან, თუ სკოლა არ აქტიურობს, გავაქტიურდეთ მშობლები. მიდით და უთხარით: გამარჯობა, როგორ ბრძანდებით, მინდა, გესაუბროთ. ეს არის მარტივი ფორმა, ისეთივე, როგორც იწყება ყველა კომუნიკაცია ამ სამყაროში. თავიდან შეიძლება არ იყოს იოლი კონსტრუქციულ კალაპოტში ჩასმა ამ კომუნიკაციის, მაგრამ თანდათანობით, როგორც ნებისმიერ რამეს ვსწავლობთ, ისე უნდა ისწავლოს მშობელმაც სკოლასთან ურთიერთობა და სკოლამ კიდევ ერთხელ გაიაზროს მშობელთან ურთიერთობის ვალდებულება და აუცილებლობა”.
ექსპერტი ფიქრობს, რომ თუ დარაჯი მშობელს არ უშვებს სკოლაში, იქ რაღაც რიგზე ვერ არის. მისი აზრით, სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს გამოყოფილი დრო, როდესაც მშობელს სკოლაში შესვლა და პედაგოგებთან კომუნიკაცია შეეძლება, თორემ ნებისმიერ დროს მშობლების შესვლა-გამოსვლა, სულაც არ იქნება სასარგებლო. მაგრამ: „თუ თქვენ კვირის განმავლობაში სკოლასთან საქმიანი თანამშრომლობის საშუალება არ გეძლევათ, ეს ძალიან ცუდის ნიშანია“.
პაატა პაპავას აზრით, მშობლის ჩართულობა შვილის სასწავლო დაწესებულებასთან, შეცვლის კომუნიკაციას და ამ კომუნიკაციით, ბავშვებისთვის შეიცვლება ძალიან ბევრი რამ.
„შეიძლება პირველი და მეორე შეხვედრა ვერ გამოდგეს სათანადო, მაგრამ მესამე შეხვედრიდან, ურთიერთობა, წესით, 10-დან 8-9 შემთხვევაში, გადავა თანამშრომლობის რეჟიმში. ეს კომუნიკაციის შინაგანი ბუნებაა. შეიძლება ტოქსიკური აღმოჩნდეს ეს კომუნიკაცია და ვერ შედგეს, მაგრამ თუ მე კონტრაქტში მიწერია, რომ უნდა ვითანამშრომლო თქვენთან, ანუ მოვალეობაა ეს ჩემი, მაშინ მოვბილიზდები იმგვარად, რომ, კონსტრუქციულ კალაპოტში ჩავსვა ურთიერთობის თემა და ჩვენ გადავალთ საქმიან ფორმატში. ახლა, როდესაც პანდემიისგან გამოწვეულ ზარალზე ვსაუბრობთ, სკოლამ უნდა მოამზადოს სპეციალური გზავნილები მშობლისთვის, დათვალოს, თუ როგორია ამა თუ იმ ბავშვისთვის ეს ზიანი, ბავშვს რა უქადის ამ ჩავარდნებზე თვალის დახუჭვა და ყველამ ერთად უნდა მოვაგვაროთ პრობლემა“, – ამბობს განათლების ექსპერტი.
ასევე იხილეთ:
მშობელი: ვერანაირი დიაგნოსტიკური შეფასება ვერ უშველის, ისეთი მდგომარეობაა სკოლებში
„ერთი შენობიდან უნდა იმართოს მთელი სასწავლო პროცესი“ – მშობლის პოზიცია