რა აქცევს სკოლას მოსწავლისთის საინტერესო ადგილად – XI კლასელი თაზო დირექტორის როლს ირგებს
„მოსწავლეთა თვითმმარველობის, სამეურვეო საბჭოს და პედაგოგიური საბჭოს საქმიანობა არ უნდა იყოს განცალკევებული. კი, ცალ-ცალკე ორგანიზმებია, მაგრამ კოორდინირებულად უნდა მუშაობდნენ იმ მიზნისთვის, რომელიც აქვს სკოლას“, – გვითხრა XI კლასის მოსწავლემ, თაზო ჯოჯუამ, რომელსაც ვკითხეთ, რას გააკეთებდა, ის რომ სკოლის დირექტორი იყოს.
თაზო ჯოჯუა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლაში სწავლობს. ამბობს, რომ მის სკოლაში ბევრი საინტერესო პროცესი მიმდინარეობს, თუმცა, თავად რომ სკოლის დირექტორი იყოს, სწავლების თანამედროვე მეთოდებს უფრო აქტიურად დანერგავდა.
„მიუხედავად იმისა, რომ სწავლების ახალი მეთოდები აქტიურად ინტეგრირდება, ვფიქრობ, მე უფრო ბევრ რამეს შევცვლიდი. მაგალითად, პედაგოგებს დავავალებდი, მოეძიებინათ ახალი, განსხვავებული რესურსები და ინოვაციური სწავლების მეთოდები დაეგეგმათ. ეს ალბათ რამდენიმეწლიანი პერსპექტივაა, მაგრამ მცირე ინიციატივებით უნდა დავიწყოთ. ეს პროცესი ხელს შეუწყობს სკოლას, რომ მომავალში პოზიტიური ცვლილებები მოხდეს. საჭიროა ახალი, თანამედროვე, მსოფლიოში აკრედიტირებული სწავლების დანერგვა ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ადამიანური თუ მატერიალური რესურსის გათვალისწინებით“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან სკოლის მოსწავლე.
თაზო ჯოჯუას უნდა, მაგალითად, ქართული ენისა და ლიტერატურის თუნდაც ერთი გაკვეთილი ანიმაციას დაეთმოს და იმ მოთხრობის მიხედვით, რომელსაც მოსწავლეები გაკვეთილზე ისწავლიან, ანიმაცია შექმნან.
„დავნერგავდი ინიციატივებს, რომლის მიხედვითაც, ქართულის ერთ გაკვეთილს ანიმაციად ვაქცევდი მასწავლებლისა და მოსწავლის ჩართულობით. მოთხრობას ვასწავლიდი და მის შესახებ გავუზიარებდი ბავშებს ცოდნას, მაგრამ ამავე დროს, ვეცდებოდი ტექნოლოგიების გამოყენებას, რაც თავისთავად ცხადია, ძალზედ მნიშვნელოვანია, რათა მოსწავლეებმა გაითავისონ დღევანდელი ტექნოლოგიები და ისწავლონ მათი პროდუქტიულად გამოყენება. ვფიქრობ, მსგავსი შემოქმედებითი აქტივობები, ერთის მხრივ, ამ უნარებს ავითარებს და, მეორეს მხრივ, მხატვრულ-ლიტერატურულ ნაწარმოებს უფრო საინტერესოს გახდის. ანიმაცია შეიძლება პროფესიონალურად არ გაკეთდეს, მაგრამ სასიამოვნო იყოს. ჩვენს სკოლაში გვაქვს იდეა, რომ ინიციატივა მოვამზადოთ კომიქსების და ანიმაციების შექმნაზე ცოტა სხვა მიმართულებით. როდესაც რესურსი არის, უნდა წავახალისოთ მოსწავლეების შესაძლებლობები და მეტად ინოვაციურებიც ვიყოთ,“ – აღნიშნავს თაზო.
თაზო ჯოჯუა ამბობს, რომ მათ სკოლაში არსებობს საინიციატივო ჯგუფი, რომელიც, სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს და, მათ შორის, სათემო ინიციატივებსაც, თუმცა თავად მაინც სასწავლო პროცესის უფრო მეტად საინტერესოდ და პროდუქტიულად ქცევას ისურვებდა. მისი აზრით, ამ ყველაფერში მთავარი როლის შესრულება, სკოლის ხელმძღვანელს და მოსწავლეებს ეკისრებათ:
„პანდემიამ ბევრ რამეში შეგვიშალა ხელი და უკან დაგვხია. ახლა კი, როცა ვირუსი აღარ არის ისეთი აქტიური და გვეძლევა საშუალება, სკოლაში ვიაროთ, იქ არსებული შტოები – სამეურვეო საბჭო, თვითმმართველობა თუ პედაგოგიური საბჭო უფრო მეტად აქტიურები გახდნენ, რაც სკოლას საინტერესო ადგილად აქცევს და წარმატებასაც მოუტანს მოსწავლეებს. დირექტორს, როგორც ლიდერს აქვს ის ფუნქცია, რომ მართოს გუნდი. შეიძლება დირექტორს სურვილი ჰქონდეს და მოწადინებულიც იყოს, რომ როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების ინიციატივები გაიზიაროს და მხარი დაუჭიროს, მაგრამ მნიშვნელოვანი სხვადასხვა გზების მოფიქრებაა, რის მიხედვითაც სკოლაში ინოვაციური მეთოდები დაინერგება“.
რაც შეეხება მოსწავლეებს, თაზოს აზრით, მათი როლი ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, რადგან თუ მოსწავლე არ აჰყვა მასწავლებლებს, რომც უნდოდეთ, ვერაფერს შექმნიან.
„თანაშემოქმედებითი პროცესი უნდა იყოს, რომ შედეგს მივაღწიოთ. ანუ, მოსწავლე აქტიურად უნდა იყოს სასკოლო პროექტებში ჩართული და ამ აქტიურობის წახალისებას სკოლა და მენეჯმენტი უნდა ახორციელებდეს. მოსწავლის ინიციატივა კი სკოლის ადმინისტრაციისგან უნდა იყოს მხარდაჭერილი“, – გვითხრა ასკანელმა მოსწავლემ.
ასევე იხილეთ
მარნეულელი მოსწავლე: „უნდა მივაღწიოთ, რომ ჩვენი შვილების თაობა მაინც იყოს უფრო განვითარებული“