„მადლობელი ვარ ჩემი სკოლის“ – მოსწავლე, რომელმაც სკოლას 5000 ლარიანი დაფინანსება მოუტანა
„მადლობელი ვარ ჩემი სკოლის, რომ მომცეს საშუალება, წარმატებისთვის მიმეღწია“, – ეს თბილისის 191-ე საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლის, ნინო ხიდაშელი სიტყვებია, რომელიც მოსწავლეთა კონკურსის, ,,ვწერ თავისუფალ თემას“, ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და სკოლის განვითარებისთვის 5 000 ლარი მოიპოვა.
კონკურსი, რომელშიც 354 მოსწავლე მონაწილეობდა, ორ ტურად ჩატარდა. ფინალურ ტურში გადასულ 122 მოსწავლეს, 11-დან ერთი თემა უნდა აერჩია და თხზულება დაეწერა. ნინომ აირჩია თემა, რომლის სათაურიც იყო „არსებობს თუ არა ადამიანის ზნეობრივი განვითარება“.
როგორც ნინო ხიდაშელი EDU.ARIS.GE-ს მოუყვა, ყველაზე საინტერესოდ ეს თემა მოეჩვენა. ნინომ თხზულების დასაწერად სამი ნაწარმოები მოიშველია.
„ბევრი მაქვს ამ თემაზე ნაფიქრი. უმბერტო ეკოს ერთი მოთხრობა აქვს – „ეს“, სადაც ძალიან კარგად ჩანს ის, რომ ტექნოლოგიების განვითარება აფერხებს ადამიანის ზნეობრივ განვითარებას და საბოლოოდ, ადამიანი განწირულია იმისთვის, რომ იყოს უზნეო და ამ მხრივ განუვითარებელი. სამწუხაროდ, ასეთი პესიმისტური დასკვნა გავაკეთე. მაგალითად მოვიყვანე ასევე სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“, რომელშიც კარგად ჩანს დაპირისპირება ამ ორ პოზიციას შორის. რუქა ფიქრობს, რომ ადამიანს არაფერი ეშველება და ყოველთვის ბოროტ და ცუდ პიროვნებად დარჩება. ამ თემაზე წერისას ჩემი მესამე მაგალითი იყო რუსი რეჟისორის, გარი ბალდინის პატარა, 10 წუთიანი ფილმი, „ადაჟიო“, სადაც კარგად ჩანს ბრბოს ფსიქოლოგია – ადამიანის პიროვნება იკარგება ბრბოში და შესაბამისად, ზნეობრივ განვითარებასაც ვერ აღწევს. „სიბრძნე სიცრუისას“ გაანალიზებამ ცოტა პოზიტივი შემოიტანა ჩემს თხზულებაში, მაგრამ უფრო მეტი პესიმიზმი ჩანდა“, – გვითხრა ნინომ.
ნინო ხიდაშელი მოსწავლე უკვე აღარ არის და ახლა თავისი სკოლის განვითარებისთვის ამზადებს პროექტს. კონკურსის წესების მიხედვით, გამარჯვებულის მიერ მოგებული თანხა სკოლამ განვითარებისთვის საჭირო პროექტის განსახორციელებლად უნდა მოიხმაროს. თავად პროექტს კი გამარჯვებული მოსწავლე ქმნის. ნინოს ვკითხეთ, რა იდეა აქვს სკოლის განვითარებისთვის.
„სკოლას, დირექტორს ძალიან გაუხარდა ეს ამბავი. 5 000 ლარით, ვფიქრობ, ქიმია-ბიოლოგიის კაბინეტი-ლაბორატორია მოვაწყობინოთ განათლების სამინისტროს ჩვენს სკოლაში. მითხრეს, პროექტი შეიმუშავე, გეგმა დასახე, თუ რაში გამოიყენებდი ამ ფულს შენი სკოლისთვისო და ჯერჯერობით ეს იდეა მაქვს, რადგან სკოლაში არ გვაქვს შესაბამისი ხელსაწყოები, რომ ბავშვების დაინტერესება მოხდეს საბუნებისმეტყველო საგნებით“, – ამბობს ნინო ხიდაშელი, რომელსაც სწავლის გაგრძელება ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით უნდა.
სასკოლო პროექტის დაფინანსების მოპოვების გარდა, ფულადი ჯილდო, 1000 ლარის ოდენობით, თავად ნინოსაც გადაეცა, ხოლო მის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მარინე სინაურიძე 700 ლარით დასაჩუქრდა.
მოსწავლეთა კონკურსი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც განათლების სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის მხარდაჭერაც ჰქონდა. პირველი ადგილი ჟიურიმ სამ მოსწავლეს მიაკუთვნა, ვინაიდან მათი ქულები ერთმანეთს დაემთხვა. შემოდგომისთვის ამ კონკურსზე შექმნილი საუკეთესო თხზულებების კრებულად გამოცემა იგეგმება, სადაც ერთ-ერთი ნაწარმოები, ნინო ხიდაშელის იქნება.
ასევე იხილეთ:
ზუგდიდელმა გოგონამ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე I ადგილი მეორედ მოიპოვა
ახალციხელი XI კლასის მოსწავლე ამერიკაში ისწავლის – როგორ აიხდინა ოთარ ჯინჭველაძემ ოცნება