GE

სასწავლო დაწესებულებებში მედიაციის სწავლების დანერგვაზე განათლების კომიტეტში იმსჯელეს

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა სასწავლო დაწესებულებებში მედიაციის, როგორც სასწავლო დისციპლინის დანერგვასთან დაკავშირებით. პარლამენტის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხის თაობაზე კომიტეტისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს ირაკლი ყანდაშვილს შეხვდნენ.

პარლამენტის ცნობით, შეხვედრაზე დასახეს გეგმები იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება მოხდეს აღნიშნული დისციპლინის ინტეგრირება სასწავლო კომპონენტად.

„განვიხილეთ ახალი ინტიტუციის – დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის სწავლების დანერგვის საკითხი სკოლებში სამოქალაქო განათლების ფარგლებში, ვინაიდან ეს არის მნიშვნელოვანი მოქალაქეობრივი უფლება და ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა ბავშვებმა ადრეული ასაკიდან იცოდნენ ამ ინსტიტუციის მნიშვნელობა“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა შეხვედრის შემდეგ.

როგორც ირაკლი ყანდაშვილმა აღნიშნა, მედიაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმია, რომელიც კონფლიქტის მხარეებს საშუალებას აძლევს ურთიერთშეთანხმებით დაასრულონ დავა და შეთანხმება იყოს მათ ინტერესზე მორგებული. პროფესიონალი მედიატორები სწორედ ამაში ეხმარებიან დავის მხარეებს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ინსტიტუციას ადრეული ასაკიდანვე ეცნობოდნენ ჩვენი მოქალაქეები.

„ძალიან მნიშვნელოვანია მედიაციის, როგორც დისციპლინის სწავლება საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, რათა ჩვენ მივიღოთ მოქალაქე, რომელმაც ჯერ კიდევ სასწავლო მერხიდან იცის დავის გადაწყვეტის აღნიშნული მექანიზმის თაობაზე. ამითი ჩვენ მოვახდენთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გამომდინარე იქიდან, რომ მომავალ მოქალაქეებს ეცოდინებათ დავის წარმოშობამდე თუ როგორ უნდა მართონ მათი კონფლიქტი. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულების სწავლება საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში“, – განაცხადა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

ასევე იხილეთ:

ატესტატის აღების მსურველთა ნაწილისთვის საფასური გაიზარდა – როდიდან შეძლებთ დოკუმენტის აღებას

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური