მოსწავლეებმა „ვეფხისტყაოსნის“ ტარიელი გაასამართლეს
თბილისის „ბაქსვუდის სკოლის“ X კლასის მოსწავლეებმა, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩაატარეს. მოსწავლე „ნაფიცმა მსაჯულებმა“, ბევრი მსჯელობის შემდეგ, პოემის გმირს, ტარიელს, ხვარაზმელი უფლისწულის მკვლელობის გამო, გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს და 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ტარიელის „სასამართლო პროცესი“, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, თამუნა მეტრეველის უშუალო ინიციატივით დაიგეგმა და განხორციელდა. როგორც თამუნა EDU.ARIS.GE-ს უყვება, როდესაც გაკვეთილზე ხვარაზმელი უფლისწული მოკვლის ამბავი გაიარეს, გადაწყვიტეს, სასამართლო პროცესი ჩაეტარებინათ და გაერკვიათ, იყო თუ არა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული.
„შემთხვევითობის პრინციპით გავანაწილეთ როლები – პერსონაჟები დავწერეთ ფურცლებზე და ისე ავირჩიეთ, ვინ ვის როლს ითამაშებდა. პერსონაჟების ნაწილი გამოვიგონეთ, მაგალითად, პროკურორები, გამომძიებელი, მოსამართლე, ხვარაზმელი მეფე… მერე, „გამომძიებელმა“ და „პროკურორებმა“ შეადგინეს კითხვები თითოეული მოწმის დაკითხვის მიზნით“, – გვიყვება მასწავლებელი.
ამის შემდეგ, როგორც თამუნა მეტრეველი ამბობს, მოსწავლეები გაეცნენ ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს სტრუქტურას და სისხლის სამართლის კოდექსში მოძებნეს შესაბამისი მუხლები, რის მიხედვითაც შეიძლებოდა ტარიელს მკვლელობის ბრალი მოხსნოდა. მოსწავლეები ფიქრობდნენ, რომ თუ ტარიელი ამ მკვლელობას შეასრულებდა, როგორც სამხედრო პირი, ამას „ნაფიცი მსაჯულები“ მხედველობაში მიიღებდნენ და მას მოეხსნებოდა ის მუხლი, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში, ძილის დროს მკვლელობას გულისხმობს.
„გამომძიებელმა“ ბოლოს მოამზადა ანგარიში და პირდაპირ სასამართლოში განვაგრძეთ ამ ამბის განხილვა ისე, რომ წინასწარ დადგმული არაფერი ყოფილა. მოსწავლეები კითხვებზე პასუხებს სცემდნენ ტექსტიდან ან უშუალოდ პერსონაჟის ხასიათიდან გამომდინარე. ეს ნაწილი ტექსტთან მუშაობის ნაწილზე იყო მიბმული – როგორ აღიქვეს პერსონაჟის ფუნქცია, როლი თუ ხასიათი. განაჩენის გამოტანა კი „ნაფიცი მსაჯულებისა“ და „მოსამართლის“ გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული და არც ეს ყოფილა წინასწარ გათვლილი. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, მოსწავლეებს ტექსტი აღექვათ ცოცხალ ორგანიზმად და არა – ჩაკეტილ მოცემულობად, რომელთან შეხებაც არ შეიძლება“, – ამბობს პედაგოგი.
როგორც თამუნა მეტრეველი EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, მოსწავლეები ცდილობდნენ, „ვეფხისტყაოსნის“ საოცნებო გმირის გამამართლებელი ფაქტორები დაესახელებინათ და, ამის გამო, ფარსადანის პერსონაჟთან დაკავშირებით უფრო მეტი კითხვები გაუჩნდათ.
„ჩვენ რომ გავაცოცხლეთ ხვარაზმშა, მან პირდაპირ თქვა, ჩემი შვილის სიკვდილში დამნაშავე არა ტარიელი, არამედ ფარსადანია, რადგან მას უნდა უზრუნველეყო უფლისწულის უსაფრთხოებაო. ბავშვები ასეთ დეტალებზე და ტარიელის ფსიქოტიპზე ამახვილებდნენ ყურადღებას. თავად ტარიელის პერსონაჟის პასუხები გამოკითხვის დროს ძალიან საინტერესო იყო, რადგან ბოლოს მიყვებოდა იმ ხაზს, რაც დაარიგა ნესტანმა და, საბოლოო ჯამში, ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებაც განპირობებული იყო ტარიელის ნათქვამით, რომ მკვლელობას არავის აბრალებდა საკუთარი თავის გარდა. ამ ყველაფრის კარგად გააზრება ჩვენი მოსწავლეების მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად არის მნიშვნელოვანი“, – მოგვიყვა მასწავლებელი.
ასევე იხილეთ:
გაკვეთილზე მომზადებული მინდვრის ფხალი იმერულად – „გემრიელი“ აქტივობა სხვიტორის სკოლაში
„მოსწავლეებმა დაინახეს, რომ პედაგოგსაც შეუძლია იყოს ბავშვი“ – ბათუმელი მასწი პეპი გრძელწინდას როლში