მოსწავლის თვალით დანახული გაკვეთილები – „ქიმია იძლევა ამის საშუალებას…“
მოსწავლეების თვალით დანახული საგაკვეთილო პროცესი და მათი წარმოდგენები მასწავლებელზე, ერთგვარი მნიშვნელოვანი მინიშნებაა, თუ როგორი გაკვეთილი და მასწავლებელი სურთ ბავშვებს. EDU.ARIS.GE-მ თბილისის 167-ე საჯარო სკოლის XI კლასის წარმატებულ მოსწავლეს, მარიამ ქერეჭაშვილს ჰკითხა, როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდა, ის რომ ქიმიის მასწავლებელი იყოს.
„მე რომ ქიმიის მასწავლებელი ვიყო, პირველ რიგში, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ბავშვებს ვიზუალურად აღექვათ, რას სწავლობენ. მაგალითად, გავაკეთებდი ნივთიერებების მოდელებს. დავამზადებდი პატარა ბურთებს, რომლებიც სხვადასხვა ფერის იქნებოდა ელემენტების მიხედვით და ავაწყობინებდი ბავშვებს მოლეკულებს. დავანახებდი, რეაქციებში როგორ შევიდოდა ერთი ელემენტი მეორესთან, როგორ წაართმევდა წყალბადს ერთი მეორეს აქტიურობის მწკრივის მიხედვით და ა. შ. დღეს ძალიან ადვილია ინტერნეტის გამოყენება. გავაკეთებდი სახალისო ტესტებს კონკრეტული მასალის მიხედვით და ბავშვებს დავაინტერესებდი, რომ მათთვის ქიმიის სწავლა მოსაწყენი არ იყოს და მხოლოდ თეორიასთან არ ასოცირდებოდეს. პრეზენტაციებზეც ვიფიქრებდი, სადაც მხოლოდ ტექსტები კი არ იქნებოდა, არამედ – ვიზუალიზებული მასალაც ვიდეოებით დატვირთული, თანამედროვედ აწყობილი“, – გვიყვება თვალებანთებული გოგონა.
მარიამი ამბობს, რომ სკოლაში, ქიმიის გაკვეთილებმა იმედები გაუცრუა, რადგან თავად სახალისო ცდების მოლოდინში იყო, გაკვეთილზე კი მხოლოდ თეორიული მასალა შერჩა ხელში, რაც მისი აზრით, გარკვეულწილად, ონლაინ რეჟიმში სწავლების სიხშირემაც განაპირობა.
„დაბალ კლასებში სწავლისას, ყოველთვის მეგონა, რომ ქიმიის გაკვეთილი ძალიან საინტერესო ექსპერიმენტებით დატვირთული იქნებოდა, მაგრამ იმედები გამიცრუვდა, რადგან თეორიული მასალის გარდა, სკოლაში ფაქტობრივად არაფერი გვისწავლია. ეს ყველაფერი ალბათ იმის ბრალიც იყო, რომ ბოლო წლები ნახევრად ონლაინ რეჟიმში გვიწევდა სწავლა, მაგრამ სკოლაში ნორმალური ლაბორატორია არც გვაქვს, სადაც ჩემი მოლოდინები გამართლდებოდა. ონლაინ გაკვეთილების დროს ვიდეოებში თუ ვხედავდით ქიმიურ ცდებს“, – ამბობს სკოლის მოსწავლე.
მარიამ ქერეჭაშვილს სამედიცინოზე უნდა სწავლა. ქიმიაში რეპეტიტორთან მომზადება უკვე დაიწყო, რადგან ფიქრობს, რომ სკოლაში ნასწავლით ეროვნულ გამოცდას ვერ ჩააბარებს. ამის ერთერთ მიზეზად კი მოსწავლეს სასკოლო სახელმძღვანელოები მიაჩნია.
„შევცვლიდი სკოლის წიგნებს, რადგან, ჩემი აზრით, რასაც ამ სახელმძღვანელოებით ვსწავლობთ, ის ეროვნული გამოცდებისთვის ვერ დაგვეხმარება. მასალა იმდენად დაყოფილია, რომ როდესაც მომდევნო კლასში გადადიხარ, წინა წლებში რა ისწავლე, ის აღარ გახსოვს. ორგანული და არაორგანული ქიმია ისეა დაყოფილი, ბავშვი ვეღარ აკავშირებს ამ მასალებს ერთმანეთთან. სკოლაში ნასწავლით, ალბათ ვერაფერს დაწერ ეროვნულ გამოცდაზე და რადგან ქიმიის ჩაბარება მიწევს, ვემზადები რეპეტიტორთან“, – გვიყვება მარიამი.
სკოლის მოსწავლის აზრით, ქიმია ისეთი საგანია, მოსწავლეს თუ ინტერესი არ გაუღვიძე და სახალისოდ არ მიუდექი, ვერაფერს ასწავლი.
„მე რომ ქიმიის მასწავლებელი ვიყო, მხიარულ გაკვეთილებს ჩავატარებდი და ისეთ პრეზენტაციებს მოვაწყობდი, ყველას გასჩენოდა ამ საგნის მიმართ ინტერესი. საგანი იძლევა ამის საშუალებას, მაგრამ ბევრ ბავშვს არ უყვარს. არადა, ქიმია ძალიან საინტერესო საგანია, რადგან ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, სწორედ მასთან არის დაკავშირებული. საერთოდ, მასწავლებელი მოსწავლეებთან გახსნილი და მეგობრული უნდა იყოს და შეეძლოს, საგანი საინტერესოდ და რაც შეიძლება მხიარულად მიაწოდოს. მასწავლებელს ის საგანი, რომელსაც ასწავლის, ძალიან უნდა უყვარდეს. პედაგოგი თანამედროვეც უნდა იყოს, ტექნიკურ პროგრესს ფეხი უნდა აუწყოს და მოსწავლემ ეს უნდა დაინახოს“, – გვითხრა მარიამ ქერეჭაშვილმა.
ასევე იხილეთ:
რა აქცევს სკოლას მოსწავლისთის საინტერესო ადგილად – XI კლასელი თაზო დირექტორის როლს ირგებს
მარნეულელი მოსწავლე: „უნდა მივაღწიოთ, რომ ჩვენი შვილების თაობა მაინც იყოს უფრო განვითარებული“