პირველკლასელთა ფერადი ბოლო ზარის ამბავი
27 მაისს, ქვეყნის მასშტაბით, პირველკლასელთათვის არდადეგები დაიწყო. პირველი სასწავლო წლის ბოლო ზარის დღე სკოლების ნაწილმა ზეიმით აღნიშნა.
თბილისის 145-ე საჯარო სკოლაში 116-მა მოსწავლემ იზეიმა პირველი სასწავლო წლის დამთავრება. სკოლაში სულ პირველკლასელთა ოთხი პარალელური კლასი იყო. თითოეულ კლასს კი ამ სკოლაში თავისი ფერი აქვს. სწორედ ამ ფერის მაისურებით იყვნენ პატარები ამ დღეს სკოლაში წარმოდგენილნი. სკოლის დირექტორმა, მაია ოსიყმიშვილმა, EDU.ARIS.GE-ს კლასებისთვის ფერების შერჩევის ამბავი მოუყვა:
„სწავლის დასაწყისში, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, თითოეული პარალელური კლასი ირჩევს თავის ფერს და მერე, იმ კლასის სიები, რომელმაც მწვანე ფერი აირჩია, მწვანე ფერის ფურცლებზეა გამოკრული სკოლაში, ვარდისფერი ვინც აირჩია – ვარდისფერზე და ა. შ. მასწავლებელსაც, პირველ დღეს იმავე ფერის კაბა თუ პერანგი აცვია და მოსწავლე ადვილად ხვდება, ვინ არის მისი მასწავლებელი. იმავე ფერის საჰაერო ბუშტებს ვახვედრებთ ხოლმე კლასში და ამით სასიამოვნო გარემოს ვუქმნით. რა ფერებიც ჰქონდათ ბავშვებს სწავლის დაწყებისას, სექტემბერში, იგივე ფერებით იყვნენ წარმოდგენილნი პირველკლასელთა ბოლო ზარის ზეიმზე. სულ 4 პარალელური კლასი გვყავს და მწვანე, წითელი, ვარდისფერი და თეთრი მაისურები ეცვათ თითოეული კლასის მოსწავლეებს“.
145-ე საჯარო სკოლაში პირველკლასელთა ბოლო ზარის ღონისძიება ღია სივრცეში, სკოლის ეზოში გაიმართა. ბავშვებმა ფლეშ მობი წარმოადგინეს, რომელიც სპორტის მასწავლებლის ხელმძღვანელობით მოამზადეს. სკოლის დირექტორმა კი მათ დიპლომები გადასცა, სადაც აღნიშნული იყო, რომ პირველი კლასის საპროგრამო მასალა წარმატებით დაძლიეს.
„ძალიან კმაყოფილები იყვნენ ბავშვები, თითოეული მათგანის გაბედნიერება მოვახერხეთ, მათი წარმატება ასეთი ზეიმით რომ აღვნიშნეთ და მივულოცეთ პირველი კლასის დამთავრება. ყველამ დაძლია ის პროგრამა, რაც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით იყო გათვალისწინებული. ასეთი ღონისძიებები ბავშვებისთვის ძალიან მნიშნელოვანია, რადგან ამ დროს ხედავენ, რომ მათ შრომას ვაფასებთ და თვითონ წარმატებული მოსწავლეები არიან. დიპლომებშიც, რომელიც ყველას გადავეცით, სწორედ ეს ეწერა – „პირველი კლასის საპროგრამო მასალის წარმატებით დაძლევისთვის“. მშობლების განწყობაც ძალიან ამაღელვებელი იყო“, – გვითხრა მაია ოსიყმიშვილმა.
ასევე იხილეთ:
„მოსწავლეებმა დაინახეს, რომ პედაგოგსაც შეუძლია იყოს ბავშვი“ – ბათუმელი მასწი პეპი გრძელწინდას როლში