რა ასაკში (არ) შეიძლება მოზარდმა ტატუ გაიკეთოს – სპეციალისტი მშობლებს მიმართავს
შეუძლია თუ არა 14-16 წლის მოზარდს, რომ ტატუ გაიკეთოს? – სპეციალისტები ამბობენ, რომ მშობლის ნებართვის საფუძველზე, ეს შესაძლებელია. ქართველი მშობლების უმრავლესობას ტატუს არ სწყალობს და მოზარდებს უწევთ, რომ ალტერნატიული გამოსავალი იპოვონ. იკეთებენ ე.წ დროებით ტატუს, მიმართავენ თვითნებობის გზას, საკუთარი ხელით ან „გამოცდილი“ მეგობრის დახმარებით იხატავენ სხეულს. ხშირია შემთხვევები, როცა მოზარდი მალულად იკეთებს ტატუს, საჭიროების შესაბამისად ვერ უვლის და უკუჩვენებებით საკუთარ ჯანმრთელობასაც საფრთხეს უქმნის.
EDU.ARIS.GE ტრადიციულად, მშობლებისა და მოზარდების ინფორმირებას შეეცდება. ჩვენი რესპონდენტი გეტყვით, რა ასაკში შეიძლება, ან არ შეიძლება, მოზარდმა ტატუ გაიკეთოს, თუ არსებობს განსაკუთრებული გარემოებები იმისთვის, რომ შვილს ამ ასაკშიც მისცეთ თანხმობა და როგორ მოიქცეთ, თუ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ მოიხატა სხეული. ამ თემებზე ჩვენთან ტატუ არტისტი, ფსიქოლოგიის სტუდენტი, ლიკა მდივნიშვილი საუბრობს.
– როდესაც ტატუს გასაკეთებლად თქვენთან მოზარდი მოდის, რას ეკითხებით და რატომ?
– პირველ რიგში, ვეკითხებით თანახმაა თუ არა პროცედურის ჩატარებაზე მოზარდის მშობელი ან პასუხისმგებელი პირი, მეურვე. ვიღებთ მშობლისგან წერილობით ან ზეპირ თანხმობას, თანხმობის შემდეგ კი, უკვე განიხილება ის დეტალები, რომელიც უშუალოდ პროცესს ეხება. ამ სიფრთხილის მიზეზი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ 18 წლამდე ასაკის პირებზე პასუხს აგებენ მისი მშობლები და ისეთი სერიოზული გადაწყვეტილება, როგორიცაა ტატუ, რომელიც სამუდამოდ გრჩება ტანზე, რომელსაც სჭირდება გააზრება და გაანალიზება, შეიძლება, მოზარდმა ვერ მიიღოს. როგორც წესი, არა მხოლოდ მოზარდი, ზოგჯერ ზრდასრული ადამიანებიც ვერ იაზრებენ ტატუს სერიოზულობას. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ინდივიდუალურია. ასევე, შეიძლება, ამ საკითხს იმ კუთხითაც შევხედოთ, რომ მოზარდების ხასიათი და დამოკიდებულებები უკეთ ესმით და იციან მშობლებმა. გარდატეხის ასაკში, ზოგჯერ საჭიროა, გაკონტროლდეს და გაანალიზდეს მოზარდის სურვილები, რადგან უამრავი შემთხვევაა, როდესაც მოგვიანებით, როცა ვიზრდებით, გვეცვლება შეხედულებები, გემოვნება, დამოკიდებულება და ა.შ.
– რას უხსნით მოზარდს სანამ ტატუს გაიკეთებს?
პირველი: ტატუს გაკეთებამდე აუცილებელია, გავაცნოთ პროცესის მიმდინარეობისას მოქცევის წესები. მაგალითად ის, რომ მან უნდა გამოთქვას საკუთარი შეგრძნებები. თუ ის ვერ უძლებს ტკივილს, უნდა მოითხოვოს პროცესის შეჩერება, დასვენება. ასევე, არ შეიძლება, პროცესის დროს გამოძრავება და ამისთვის აუცილებელია ტატუ არტისტთან კომუნიკაცია. ეს პატარა დეტალები პროცესს უფრო იოლს ხდის.
მეორე: პროცესის დაწყებამდე არტისტი დაახლოებით უხსნის სხეულის მოხატვის მსურველს, რა ეტაპზე რა ქმედებებით განვითარდება ხატვის პროცესი.
– თუ არსებობს განსაკუთრებული გარემოებები იმისთვის, რომ შვილს ამ ასაკშიც მისცეთ სხეულის მოხატვის უფლება?
– ეს ყველაფერი ინდივიდუალურია, თუმცა, განსაკუთრებული პირობა იმისათვის, რომ მშობელმა აუცილებლად უნდა დართოს ნება მოზარდს, არ არსებობს. საჭიროა მოზარდებთან კომუნიკაცია, მათი აზრის მოსმენა და ადეკვატური შეფასება. მალულად, გაურკვეველ პირობებში გაკეთებულ ტატუს, რომელმაც შეიძლება, ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს, ყოველთვის ჯობს, შვილთან შეთანხმდეთ. ისაუბროთ, განიხილოთ და კომპრომისების მეშვებით ერთ გადაწყვეტილებამდე მიხვიდეთ. გახსოვდეთ, თუ მოზარდს დიდი სურვილი აქვს, ის ამას აუცილებლად გააკეთებს, ამიტომ გადაჭრით არას თქმა გამოსავალი არ არის. აქვე შემიძლია, რომ საკუთარი მაგალითი გავიხსენო. მოზარდობის დროს, როდესაც ტატუს გაკეთების ძალიან დიდი სურვილი მქონდა, ჩემმა მშობლებმა ასეთი ვარიანტი შემომთავაზეს: უნდა მომეცადა 18 წლამდე და შემდეგ თავისუფლად დამეხატა სასურველი ესკიზი. რა თქმა უნდა, ამან ჩემში პროტესტის გრძნობა გამოიწვია, თუმცა, ნორმალური ტატუ არტისტისტი მშობლის თანხმობას ითხოვდა, გაურკვეველ პირობებში დახატვის სურვილი კი მე თვითონ არ მქონდა. შედეგი ის არის, რომ დაველოდე 18 წელს და გავიკეთე ტატუ, მაგრამ არა ის ნახატი, რომელიც მოზარდობაში მინდოდა და საერთოდაც, სანამ საბოლოო ესკიზზე ჩამოვყალიბდებოდი, ძალიან ბევრჯერ შევიცვალე აზრი. მოზარდობის დროს, აკვიატებული იდეები ხშირ შემთხვევაში იცვლება და საკმაოდ განსხვავებული გემოვნება გვიყალიბდება, თუმცა, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ვიტყვი – ინდივიდუალურია.
– არის თუ არა საფრთხის შემცველი დროებითი ტატუები?
– დროებითი ტატუები, ეს არის სრულიად უმტკივნეულო და უსაფრთხო ვარიანტი, რადგან ის არის კანის ზედაპირზე და ჩვეულებრივ შორდება, ე.წ. ნაკლეიკასავით.
– სხეულის მოხატვამდე სამედიცინო შემოწმება, ექიმის დასკვნა, თუნდაც დერმატოლოგის, აუცილებელია?
– დერმატოლოგიური კონსულტაცია და დასკვნა საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს რაიმე სახის ლაქები ან გამონაყარი აღენიშნება. ამ დროს ტატუ არტისტმა თავი უნდა დაიზღვიოს და სამედიცინო ცნობის მიხედვით გადაწყვიტოს, დახატავს თუ -არა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ფერადი ტატუების შემთხვევაში, განსაკუთრებით წითელი და ვარდისფერი ტუშის გამოყენებისას, გავარკვიოთ, არის თუ არა მსურველი ალერგიული.
– და ბოლოს, მიმართეთ მშობლებსა და თინეიჯერებს, რა ასაკში სჯობს ტატუს გაკეთება?
– ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ყველა დაელოდოს სრულწლოვანებას. ამ დროს, შენს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი შენს გარდა არავინაა და უფრო მეტად თავისუფალი და თავდაჯერებული ხარ მიზნებში. თუმცა, თუ მოზარდობის ასაკში სურვილი მტკიცე და გააზრებულია, ჩემი აზრით, 16 წლიდან, რა თქმა უნდა, მშობლის თანხმობით, შესაძლებელია თამამი გადაწყვეტილების მიღებაც. 16 წლის ქვემოთ კი, მაინც უფრო ბავშვურები ვართ და სერიოზული და მტკიცე გადაწყვეტილება ზედმეტად ხმამაღალი ნათქვამი იქნება.
ასევე იხილეთ:
როცა თინეიჯერი შვილი პირსინგის გაკეთებას გეგმავს – რა უნდა იცოდნენ მშობლებმა
5 შეცდომა, რომელსაც მამები საქართველოში შვილის აღზრდის დროს უშვებენ – ფსიქოლოგის მიმართვა მამებს