განათლების მინისტრის მოადგილე მოსწავლის სასკოლო ფორმის სავარაუდო ფასს გვისახელებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია აცხადებს, რომ სასკოლო ფორმის სრული პაკეტის ღირებულება, დაახლოებით, 100-დან 150 ლარამდე იქნება.
როგორც ზვიად გაბისონიამ დღეს, 17 აპრილს, EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, მშობლებს შვილების სასკოლოდ მომზადება გაცილებით ძვირი უჯდებათ, ფორმის შემთხვევაში კი, გადასახდელი თანხის ოდენობა გაუნახევრდებათ.
„ჩვენი გათვლით, დღეს არსებული „არაფორმული“ პაკეტის, რასაც მშობელი მოსწავლისთვის ყიდულობს, დაახლოებით, ნახევარი დაჯდება ფორმა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ფასი იყოს ძალიან დაბალი. სოციალურად დაუცველებისთვის ფორმის უსასყიდლოდ გადაცემას სახელმწიფო თავის თავზე აიღებს. ჩვენი აზრით, ფორმა მშობლებისთვის პირიქით, შეღავათი იქნება, იმიტომ, რომ მთელი პაკეტი, თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით, 100-დან 150 ლარამდე იქნება, მაშინ, როცა მშობელს სადღაც 300-400 ლარამდე მაინც უჯდება მოსწავლის, ასე ვთქვათ, აღჭურვა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ პირიქით, შეღავათი იქნება და არა წნეხი“, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ.
EDU.ARIS.GE-ს კითხვას, როგორ მოიქცევა სკოლა, თუ მოსწავლე ან მშობელი სასკოლო ფორმის ტარებაზე უარს იტყვის, ზვიად გაბისონიამ ასე უპასუხა:
„კანონი არის კანონი. კანონს აქვს თავისი შესრულების მექანიზმები. რა სანქციები იქნება, გამიჭირდება ამის თქმა. ვერ გეტყვით, არ ვიცი, რა ფორმა იქნება, მაგრამ სახელმწიფომ რადგან ეს [ფორმები] სავალდებულო წესით შემოიღო, უნდა უზრუნველყოს ეს, გასაგებია. თუმცა, გამიჭირდება ამაზე პასუხი, რადგან ასეთი ტიპის სანქცირების ნაწილი მე ჯერ არსად წამიკითხავს“.
განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, სასკოლო ფორმის შემოღებას ბევრი პლუსი აქვს, მათ შორის კი მნიშვნელოვანი სოციალური გათანაბრების კომპონენტია.
„არსებობს მსოფლიო გამოცდილება, რომლის მიხედვითაც, არის ქვეყნები, სადაც საჯარო სკოლებში არის ფორმები. იყო პერიოდი, როდესაც არ იყო ფორმები სკოლებში, ჩემი მოსწავლეობის პერიოდში იყო – არც ალერგია დამმართნია და არც დავღუპულვართ. სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება და იცით, რომ ლაპარაკია მხოლოდ საჯარო სკოლებზე, კერძო სკოლებზე არ გაგვივრცელებია. კერძო სკოლების პრაქტიკას რომ გადავხედოთ, დიდ ნაწილს ფორმები კანონის შემოღებამდეც ჰქონდა. არც იმ კერძო სკოლებში არ დაღუპულა არავინ. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ძალიან პოზიტიური. აქვს ძალიან ბევრი პლუსი – მათ შორის, სოციალური გათანაბრების ნაწილი და ა.შ. არ დაგიმალავთ, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, ძალიან მომწონს ეს ფორმები – ერთიც და მეორეც, რაც ვნახე… არის ადამიანთა ნაწილი, რომელიც ყველაფერს აპროტესტებს, რაც კი შეიძლება გააკეთო. ჩვენ რომ ვთქვათ, რომ ფორმები არ უნდა იყოს არსად, ამასაც გამოუჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ არა, ფორმები მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ზვიად გაბისონიამ.
ამავე თემაზე:
განათლების მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
„პოლიგლოტში“ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული იმართება by სკოლა პოლიგლოტი
-
„ხარისხიანი სასკოლო ფორმა 200 ლარი მაინც დაჯდება“ – რისი გადამხდელები არიან და რას ფიქრობენ მშობლები ფორმებზე by სკოლების ამბები
-
სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია AIA-GESS-ში – ამჯერად სესია ინგლისურ ენაში გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS