„მშობლებს ხარჯს გვიორმაგებენ!“ – წლის დასაწყისში ტანსაცმელს იყიდით, სემესტრის ბოლომდე კი – სასკოლო ფორმას
2026-2027 სასწავლო წლიდან, საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის ყველა კლასის მოსწავლისთვის ფორმის ტარება სავალდებულოა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ 15 სექტემბერს, სკოლის კარებს სასკოლო ფორმით მხოლოდ პირველკლასელები შეაღებენ, რადგან II-VI კლასის ჩათვლით მოსწავლეთა ფორმებით უზრუნველყოფა ვერ ესწრება.
განათლების მინისტრი გვამშვიდებს, რომ სხვა კლასები სასკოლო ფორმებს პირველი სემესტრის განმავლობაში მიიღებენ, თუმცა არაფერს ამბობს იმაზე, რომ II-VI კლასების მოსწავლეთა მშობლებს სემესტრის დასაწყისში სხვა ტანსაცმლის შეძენა მოუწევთ, შემდეგ კი სასკოლო ფორმის საფასურის გადახდა.
სწორედ ამ გარემოებამ გამოიწვია საზოგადოების პრეტენზიაც. თუკი სამინისტრო ამტკიცებს, რომ ფორმების შემოღების ერთ-ერთი მიზანი მშობლებისთვის ხარჯების შემცირებაა, შექმნილი რეალობა საპირისპიროს მიუთითებს – მშობლებს ორმაგი ხარჯის გაღება მოუწევთ.
თემაზე სასაუბროდ EDU.ARIS.GE სხვადასხვა სკოლებს ეწვია და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მშობლების მოსაზრებები მოისმინა.
ლანა მირცხულავას ორი შვილი თბილისის 179-ე საჯარო სკოლის III და IV კლასებში სწავლობს. მშობელი ჩვენთან საუბრისას არ მალავს, რომ ფორმები მოსწონს, არც მათი შემოღების წინააღმდეგია, თუმცა ვარაუდობს, რომ განათლების სამინისტროს ახალი გადაწყვეტილება ოჯახებს ხარჯებს გაუორმაგებს:
„ჩვენ, მშობლებს, სასკოლო ფორმის შემოტანა გვიხაროდა, რადგან ვფიქრობდით, რომ არ მოგვიწევდა ორმაგი ხარჯის გაწევა, გვექნებოდა ერთნაირი ფორმები, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს პროცესი გადაიდო. გამოდის, სკოლაში ბავშვების გაშვება ფორმის გარეშე მოგვიწევს – ხომ ვერ დაველოდებით, როდის შეიკერება? ამიტომ, მე ჩემს ორ შვილს უნდა ვუყიდო 15 სექტემბრისთვის სასკოლო ტანსაცმელი და შემდეგ უკვე უნდა შევიძინო განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმები, როდესაც ხელმისაწვდომი იქნება. ეს ორმაგი ხარჯია და არ მგონია, რომ ვინმეს ეს აზრი მოეწონოს“.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ლანა მირცხულავას მიაჩნია, რომ უმჯობესი იქნება, თუკი, მოსწავლეებისთვის ფორმის ტარება სავალდებულო 2027-2028 სასწავლო წლიდან გახდება.
„სასურველი იქნება, რომ ეს სიახლე მომდევნო სასწავლო წლიდან შემოვიდეს. შედეგად, ორმაგი ხარჯის გაწევა აღარ მოგვიწევს. ალბათ, თვითონაც უფრო მეტად ჩამოყალიბდებიან – რა, როგორ და რანაირად. მაინც მგონია, რომ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არიან ფორმების სტანდარტებშიც. ესკიზები ნანახი მაქვს და ვერ გეტყვით, რომ მე პირადად, რამე დავიწუნე, მაგრამ არის აზრთა სხვადასხვაობა და სასურველია, უკმაყოფილება რომ არ იყოს, მშობლებთან შეთანხმებით, მათი სურვილების გათვალისწინებით და შესაბამისი სტანდარტების დაცვით შეიკეროს სასკოლო ტანსაცმელი. ეს ფორმები უნდა მოირგონ ბავშვებმა და უნდა შევიძინოთ მშობლებმა, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენი აზრი მნიშვნელოვანია“, – გვითხრა ლანა მირცხულავამ.
დამატებით ხარჯებზე საუბრობს ნინო ასანიძეც, რომლის შვილიც თბილისის მე-60 საჯარო სკოლის მე-4-კლასელია. ამის გარდა, როგორც მშობელი გვეუბნება, განათლების სამინისტროსგან შემოთავაზებული ფორმა მოსწავლეებისთვის არაკომფორტულიც იქნება:
„ბავშვს სექტემბრისთვის უნდა ვუყიდო ტანსაცმელი, რომელშიც არც ისე ცოტა თანხას ვხარჯავ ხოლმე. შემდეგ კი, ნოემბერში ან დეკემბერში ფორმა უნდა შევუძინო. ვფიქრობ, რომ ერთი ფორმა არ გვეყოფა, ორი ან სამი მაინც დაგვჭირდება. ამიტომ, მიმაჩნია, რომ სასკოლო ფორმა ჩვენთვის დამატებითი ხარჯი იქნება.
გარდა ამისა, ფორმის ფასიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს. თუ ჩვეულებრივ ტანსაცმელზე უფრო ძვირი უნდა გადავიხადო, მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ სასკოლო ფორმაზე პრიორიტეტული ამ ეტაპისთვის მოწესრიგებული და დალაგებული სკოლებია. ფორმის ესკიზებიც ნანახი მაქვს და არ მომწონს. არაკომფორტული იქნება ბავშვებისთვის – დასვენებაზე დარბიან და არა მგონია, პიჯაკები კარგი იდეა იყოს, მოსავლელადაც რთული იქნება“.
სოფო ჩიქოვანისთვის დამატებითი ხარჯი, არა II-VI კლასების მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის დაგვიანება, არამედ ზოგადად, ფორმების სავალდებულოდ შემოღებაა. როგორც მშობელი გვიხსნის, მისი სამი შვილი სწორედ დაწყებითი საფეხურზე სწავლობს და თითოეულისთვის სამი ფორმის შეძენა მაინც მოუწევს.
„ის, რომ 15 სექტემბერს ფორმა არ იქნება ხელმისაწვდომი და მოგვიანებით უნდა შევიძინოთ, ვფიქრობ, რომ დამატებით დისკომფორტს არ ქმნის, რადგან ფორმის გარდა, სხვა ტანსაცმელი ისედაც უნდა ჰქონდეთ ბავშვებს. სკოლის გარდა, სხვაგანაც დადიან და ფორმით სხვაგან ვერ წავლენ. ამიტომ, ეს პირადად ჩემთვის, ნაკლებად დისკომფორტულია, თუმცა მიმაჩნია, რომ ზოგადად, ფორმის შეძენა დამატებით ხარჯებს მოითხოვს. მაგალითად, ჩემს შემთხვევაში, სამი ბავშვისთვის მომიწევს ფორმის ყიდვა და მინიმუმ სამი ცალი უნდა ვიყიდო თითოეულისთვის. ერთხელ ჩაცმულს, მეორედ როგორ ჩაიცვამს – ჰიგიენის საკითხია.
რაც შეეხება, ზოგადად, სკოლაში მოსწავლის ფორმით სიარულს, გარკვეულწილად ეს შეიძლება კარგი იყოს. ზოგი ბავშვი სკოლაში არასასკოლო ფორმით დადით – ასე ვთქვათ, ცოტა გამომწვევად და ამის რეგულირება თუ მოხდება, ეს კარგია. არ ვფიქრობ, რომ ფორმის შემოღებით ბულინგის პრობლემა მოგვარდება. ბულერი ასეთ შემთხვევაშიც მოძებნის რამეს – ჩანთას, ფეხსაცმელს, ვარცხნილობას – ნებისმიერ რამეს“, – აღნიშნა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას სოფო ჩიქოვანმა, რომელიც თბილისის 21-ე საჯარო სკოლის 1-ელი, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეების მშობელია.
ამავე თემაზე:
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმას 50 ლარად იყიდის და მშობლებს 100-150 ლარად შესთავაზებს?
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
სკოლა „პოლიგლოტში“ პირველი კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
რატომ და როგორ სჯიან მოსწავლეებს ცემით მალაიზიის სკოლებში – მშობლების 60% ამას ეთანხმება by სკოლების ამბები
-
გიმნაზია AIA-GESS-ში ღონისძიება – „ესპანური დღეები“ გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS