როგორ დავიმეგობრო ჩემი პირველკლასელები? – მასწავლებელი კოლეგებს დამხმარე აქტივობების ჩამონათვალს უზიარებს
„წელს ახალი პირველი კლასი მყავს, რასაკვირველია, ეს დიდი გამოწვევაა. მასწავლებელი კარგი მეგობარიც უნდა იყოს და შერჩეული მაქვს ის აქტივობები, რომლებიც ყოველთვის მეხმარებოდა და უკვე ვიცი, რას გამოვიყენებ სწავლის დაწყების პირველ დღეს“, – ამის შესახებ თბილისის 75-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი, ალდა ნაჭყებია გვესაუბრება.
ის კოლეგებისთვის და არა მხოლოდ მათთვის იმ დამხმარე აქტივობებს გვიზიარებს, რომლებიც პირველკლასელების დამეგობრებაში დაეხმარებათ. პედაგოგი თავად აპირებს ამ აქტივობების გამოყენებას 16 სექტემბერს – სწავლის დაწყების პირველ დღეს.
„მაგისტრის ქუდი“ – პატარების უკეთ გაცნობისთვის გამოვიყენებ ბურთით თამაშს, თავდაპირველად, რა თქმა უნდა, მე გავეცნობი და შემდეგ პატარა, მსუბუქ ბურთს გადაუგდებ ერთ-ერთ მოსწავლეს, ის იჭერს ბურთს და გამომყავს დაფასთან, თავზე სიმბოლურ ქუდს (მაგისტრის ქუდი) დავახურავ, გაგვეცნობა (სახელი. გვარი. ასაკი და ა.შ.) თუ დაიმორცხვებს აუცილებლად ვეხმარებით და ვაქეზებთ. მის სახელს მთელი კლასი იმეორებს. შემდეგ ეს მოსწავლე ბურთს გადაუგდებს თანაკლასელს და ასე გრძელდება. ბოლოს, იმის შესამოწმებლად და გასახალისებლად, შემთხვევითობის პრინციპით ვუგდებთ ბურთს მოსწავლეებს და კლასს ვეკითხებით თუ რა ჰქვია და სწორად დავიმახსოვრეთ თუ არა მისი სახელი. ეს აქტივობა 10-15 წუთი გაგრძელდება.
„მეთამაშე ფერადი ბარათებით“ – თამაში ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ: ვამზადებთ სხვადასხვა ფერის ბარათების, ან ვიღებთ ფერად ბუშტებს. დაფაზე გავაკრავთ მაგალითად წითელი ფერის ბარათს ან ბუშტს და ვეკითხებით ფერს, რა შეიძლება იყოს წითელი? (მზე, ყვავილი) და ასე შემდეგ. ვცვლით ფერების მიხედვით და ამასთან, მარტივად ვარკვევთ კლასის ზოგად მზაობას და მეტ-ნაკლებ საჭიროებებსაც განვსაზღვრავთ სამომავლოდ. აუცილებელია, წესები თავიდანვე ავუხსნათ. ამ თამაშისათვისაც საკმარისია 10-12 წუთი.
„პოდიუმი“– პირველკლასელთათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა. შესაბამისად, თუ პატარებს შევთავაზებ ისეთ აქტივობას, რომელშიც მშობელიც იქნება ჩართული, ძალიან ეფექტურს გახდის პირველ დღეს. ამისთვის პატარა „პოდიუმის“ მოწყობა იქნება ძალიან ეფექტური. როცა დედიკო/მამიკო, ოჯახის წევრი.. მოაცილებს მოსწავლეს სკოლაში. წითელ ხალიჩაზე. (აქ ბევრი სხვა ფაქტორი არის გასათვალისწინებელი, ამიტომ მასწავლებელმა ყველა დეტალი სწორად უნდა განსაზღვროს რომ არ გამოიწვიოს უხერხულობა).
„ჩემი შვილი მზეა, გაიცანით“ – მშობელი გამომყავს ბავშვთან ერთად დაფასთან. ვთხოვოთ, თავისი შვილი დაახასიათოს ერთი ან ორი სიტყვით და იგივე ვთხოვოთ ბავშვსაც. თუ დრო მოგვცემს ამის საშუალებას, შესაძლებელია, მარტივი, სახალისო ისტორიაც მოვაყოლოთ. ამით ერთგვარი ზოგადი წარმოდგენაც შეგვექმნება და უფრო სწრაფად გავერკვევით თითოეული მოსწავლის ხასიათსა თუ დამოკიდებულებებში, რაც თავისთავად დაგვეხმარება მასწავლებლებს, რომ სწრაფად გავიგოთ თითოეული მოსწავლის შესაძლებლობა, მზაობა თუ საჭიროება. ვფიქრობ, საკმაოდ ემოციური და დასამახსოვრებელი დღე იქნება ყველასთვის.
პედაგოგი ამბობს, რომ მოსწავლეებთან დამეგობრება მათი გაცნობით, მათი საჭიროებების, სურვილებისა და შესაძლებლობების გაგებით იწყება. ეს აქტივობები კი ეხმარება მასწავლებელს მომავალში პარტარების ნამდვილ მეგობრად იქცეს.
ასევე იხილეთ: