GE
20 ივნისი, 2022 18:25

როგორ უვლიან მოსწავლეები სასკოლო წიგნებს – „ოჯახის კულტურას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა“

სხვადასხვა საგნის სახელმძღვანელოებს, რომლებიც საჯარო სკოლებში მოსწავლეებს ურიგდებათ, ხუთწლიანი ვადა აქვთ და, შესაბამისად, თითოეულმა 5 ბავშვის ხელში უნდა გაიაროს, თუმცა ხშირად, ორი მოსწავლის მიერ გამოცვლილი წიგნი მოხმარებისთვის უვარგისი ხდება.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, სასწავლო წლის დასასრულს როგორ მოვლილ წიგნებს აბარებენ მოსწავლეები და რა ითვლება მიზეზად, როდესაც ზოგი ბავშვი სხვაზე მეტად აზიანებს სახელმძღვანელოს – სიბეჯითე, ხარისხი თუ ზოგადი მიდგომა.

როგორც თბილისის 132-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, თამარ ილურიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, მისი დაკვირვებით, წიგნის მოვლის კულტურა პირდაპირპროპორციულია მოსწავლის ოჯახის კულტურისა, თუმცა წიგნის ხარისხზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული.

„წიგნების მოვლის კულტურა თანდათან იხვეწება, თუმცა თუ ოჯახში წიგნის მოვლის კულტურაა და ყველაფერი წესრიგშია, რა თქმა უნდა, სახელმძღვანელოებსაც მშვენივრად უვლის ბავშვი. ამ დროს კარგად ჩანს სოციალური მდგომარეობა საზოგადოებისა. ადრე უფრო ცუდ მდგომარეობაში მოჰქონდათ წიგნები, ახლა შედარებით უკეთესი სიტუაციაა. სტაბილური გარემო და წესრიგი ოჯახისა, ყველაფერში ჩანს და წიგნების მოვლაზეც კარგად ისახება.

„ბევრია დამოკიდებული ასევე წიგნის ხარისხზე – ფურცლის, ყდის ხარისხზე. ზოგი გამომცემლობის წიგნები უკეთესი ხარისხის არის. თუ ხარისხიანია, ადვილად არ ზიანდება, არ იფურცლება. ორ ნაწილად რომ გამოდის წიგნები, თხელი ყდებით, იმას ყდა ადვილად ძვრება და მისი ხუთწლიანი ხმარება წარმოუდგენელია“, – ამბობს თამარ ილურიძე.

პედაგოგი აკვირდება, რომ იმ საგნის სახელმძღვანელოები, რომლებსაც მოსწავლეები ყოველდღე მოიხმარენ, უფრო დაზიანებულია. არიან მოსწავლეები, რომლებიც კარგად სწავლობენ და წიგნებსაც ძალიან კარგად უვლიან, მაგრამ ხანდახან, კარგ მოსწავლეებს შორისაც არიან ისეთები, ვინც წიგნებს უგულოდ ეკიდებიან.

„თუ მოსწავლე ბეჯითია, როგორც წესი, სწავლის დაწყებისთანავე აწესრიგებს წიგნებს – გადასაკრავს უკეთებს, არ აზიანებს ყდას, უფრთხილდება ყველა ფურცელს. ხანდახან სიბეჯითე არ არის მთავარი, უფრო გულიანი მიდგომა ჭრის ასეთ დროს და ზოგადად, ნივთებისადმი მოფრთხილება“, – ამბობს პედაგოგი.

რაც შეეხება მასწავლებლის როლს წიგნების მოვლაში, თამარ ილურიძე ამბობს, რომ დამრიგებელი იქნება, თუ საგნის მასწავლებელი, აუცილებელია, მოსწავლეს ერთგვარი ექსკურსი ჩაუტაროს წიგნთან დამოკიდებულების თვალსაზრისით.

„ხშირად უნდა შეახსენო ბავშვს, რომ შემდეგ წელს სხვამ უნდა ისწავლოს ამ წიგნით და ფაქიზად მოეპყროს. როგორ ეტყვი, როგორ სთხოვ, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლისთვის. ბრაზითა და აგრესიით ბავშვს არაფერი უნდა უთხრა. ასეთ დროს უფრო დაგიჯერებს და წიგნსაც მოუვლის. სწორად და კორექტულად ნათქვამი, მეტნაკლებად ჭრის, მაგრამ, როგორც გითხარით, უფრო მეტად სწორედ ოჯახის კულტურას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. როცა ეს გარემოება იკვეთება, ვეღარ ვერევით, რადგან უკვე ოჯახის კომპეტენციას ვეხებით. მშობლებსაც ვაფრთხილებთ კრებაზე, მაგრამ ხანდახან არაფერი გამოდის“, – ყვება პედაგოგი.

ასევე იხილეთ:

მოსწავლეების მიერ ასომთავრული ასოებით შესრულებული „დედა ენის“ ამბავი

სკოლის დირექტორი: შევდივარ თითოეულ კლასში და მათ ბავშვთა უფლებებზე ვესაუბრები

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში