გამოცდების შედეგების მოლოდინში მყოფ მშობლებს: „ნუ დაუწესებთ შვილებს გადაულახავ, წარმოსახვით ბარიერებს!“
„როცა ჩემი მოსწავლეობის წლებთან ვავლებ პარალელს, ფაქტობრივად, საერთოს ვერაფერს ვხედავ, გარდა იმისა, რომ სწავლა მაშინაც და ახლაც მნიშვნელოვანია. ახლა მოზარდებს უამრავ გამოწვევასთან უწევთ გამკლავება“, – ამის შესახებ, სამტრედიის 1-ელი საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი და რეპეტიტორი, კახა გალდავა გვესაუბრება და კონკრეტულად ასახელებს იმ მთავარ გამოწვევას, რომელიც თინეიჯერებს, როგორც პიროვნულ, ისე აკადემიურ განვითარებაში უშლის ხელს.
პედაგოგის თქმით, ამ გამოწვევას თინეიჯერებისთვის სახელიც აქვს, – „გადაულახავი წარმოსახვითი ბარიერები, რომლებსაც უფროსები გვიწესებენ“; ახლა კი, როდესაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები უნდა გამოქვეყნდეს, ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია.
„ახალგაზრდა თაობის მიმართ, თუნდაც მაშინ, როცა ისინი გამოცდებს აბარებენ, ირჩევენ პროფესიას, ან უბრალოდ სწავლობენ, მოლოდინები, რა თქმა უნდა, გვაქვს და ველოდებით სასურველ შედეგებს. საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, როცა აბიტურიენტებს ვამზადებ (უმეტესობა თინეიჯერია), ჩვენ ყველა ვმუშაობთ მაღალი შედეგებისთვის, თუმცა გვავიწყდება, რომ ნებისმიერი დადებითი შედეგი სასურველია, რადგან ყველა მოსწავლე თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ცდილობს გამოცდის ჩაბარებას. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ სხვისი წარმატების აღიარებასა და დაფასებას. წინააღმდეგ ᲨემთხვევაᲨი, რაღაც გადაულახავ, წარმოსახვით ბარიერებს ვუწესებთ მათ, რომლითაც დახმარების ნაცვლად, ხელს ვუშლით“, – ამბობს მასწავლებელი.
ბატონ კახას ვკითხეთ, მის პედაგოგიურ პრაქტიკაში როგორ ვლინდება ის, რომ მოსწავლეს დაწესებული აქვს წარმოსახვითი გადაულახავი ბარიერები და თავად რა მიდგომებით უმკლავდება მსგავს გამოწვევას. პედაგოგმა გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება, რომელიც ყურადღებიან მშობლებსა და პედაგოგებსაც დააინტერესებთ.
„აბიტურიენტების მაგალითით გეტყვით: ის დღეები, რომლებიც ერთად გავატარეთ, სიხარულსა და ბედნიერების განცდას გვანიჭებს. გარკვეული პერიოდი ერთმანეთის ცხოვრებით ვიცხოვრეთ. ვერ ვიტყვი, რომ ზოგჯერ არ ვბრაზობდი და არ ვსაყვედურობდი-მეთქი, მაგრამ ჩემგან არ სწყინთ ხოლმე. უამრავი შემთხვევა მახსენდება, როცა ფაქტის ან მოვლენის გადმოცემის დროს შეცდომებს უშვებდნენ, ზოგჯერ ისეთს, თვითონაც რომ ძალიან ახალისებდათ.
ნებისმიერი ინფორმაცია სტრესია ტვინისთვის, ასევე სწავლაც. ჩვენ ვცდილობდით, ერთმანეთისთვის სასიამოვნო განწყობა შეგვექმნა და ასე გამოგვეწვია მოტივაცია, „აბა, ამას როგორ შეძლებთ, დარწმუნებული ვარ, გაართმევთ თავს“ – ასეთი საუბარი მნიშვნელოვანია, უნდა დააფასოთ მათი შრომა და შესაძლებლობები, ჩემმა კოლეგებმა ეს კარგად იციან. მომავალი აბიტურიენტების მშობლებსაც იმავეს ვეტყოდი, ნუ დაუწესებთ შვილებს გადაულახავ, წარმოსახვით ბარიერებს!“, – ამბობს კახა გალდავა.
ასევე იხილეთ: