GE
19 აპრილი, 2022 16:24

„შვილის სკოლაში შესვლის ასაკი უნდა იყოს მშობლის არჩევანის თავისუფლება“ – დათო ლიკლიკაძე

ქუთაისელი ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე თვლის, რომ მშობლის გადასაწყვეტი უნდა იყოს, შეიყვანოს თუ არა თავისი 5 წლის შვილი სკოლაში და არა – სახელმწიფოს ჩინოვნიკების. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ, განათლების სფეროს მესვეურებმა გადაწყვეტილება მიიღეს – სასწავლო წლის დასაწყისში სკოლაში იმ ბავშვებს მიიღებენ, რომლებსაც იმ წლის 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ 6 წელი. სამომავლოდ კი დაგეგმილია, 1-ელი ოქტომბერი 31 დეკემბრით ჩანაცვლდეს.

დათო ლიკლიკაძე ერთი შვილის, ეველინის მამაა. გოგონა ჯერ სკოლაში არ დადის, მეხუთე წელშია და 25 იანვარს არის დაბადებული. დათოს აინტერესებს, რით ვერ გადაწყდა ერთხელ და სამუდამოდ სკოლაში შესვლის ასაკი და რატომ აბნევენ მშობლებს.

„დავაბნიეთ ჩვენი ბავშვები და მშობლები – ხან 5 წლის ბავშვებს ვიღებთ სკოლაში, ხან – 6 და ხანაც – 7 წლის. ქვეყანაში ყოველ 3 თუ 5 წელში რაღაც იცვლება ამ მხრივ. კი, ჩვენც უნდა გამოვთქვათ ჩვენი აზრი, მაგრამ, ფსიქოლოგები რას ამბობენ, რით ვერ გაირკვა“, – კითხულობს ლიკლიკაძე.

პატარა გოგონას მამას უკვირს იმ მშობლების, ვისთვისაც მთავარია, მისმა შვილმა „წელი არ დაკარგოს“ და სულ არ ითვალისწინებენ, რამდენად მომზადებულია ბავშვი სასწავლო გარემოსთვის.

„თუ 5 წლისას შეუძლია, თუ მზად არის, დაიწყოს სწავლა. ზოგმა ფსიქოლოგმა შეიძლება თქვას, ასე არ შეიძლებაო, მაგრამ ეს წესივით არ უნდა გავრცელდეს ყველაზე. შენ, მშობელმა უნდა შეხედო შენს შვილს და შეაფასო, რომ არ დაგეჩაგროს ბავშვი. სხვები რომ 6 წლისანი იყვნენ და ადვილად სძლევდნენ სასკოლო მასალას, ამ დროს კი შენმა შვილმა ვერ შეძლოს და ჩამორჩეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება ბავშვისთვის.

„ერთადერთი გამართლება აქვთ ხოლმე ასეთ დროს მშობლებს – წელი არ დაეკარგოსო. რატომ ეჩქარება ის წელი და რატომ თვლის დაკარგულად, არ ვიცი და ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. გააჩნია, ბავშვი ფიზიკურად როგორ არის მომზადებული. თუ თოჯინებით აღარ თამაშობს და სკოლა უნდა, შეგიძლია შეიყვანო. ჩემი შვილი, ცოტა ხნის მერე, 5 წლის იქნება და მისი სკოლაში შეყვანა ნამდვილად არ მომინდება. 25 იანვარს არის დაბადებული და სანამ 6 წლის გახდება, 4-5 თვე უნდა გავიდეს. მშობელმა თუ შეამჩნია, რომ ის მონაცემები აქვს, რაც პირველი კლასის მოსწავლეს უნდა ჰქონდეს, მაშინ შეიყვანოს, თუ არადა, არა. ეს უნდა იყოს არჩევანის თავისუფლება“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტმა.

დათო ლიკლიკაძე წინააღმდეგია, შვილს სკოლაში შესვლამდე წერა-კითხვა ასწავლოს, თუმცა თავადაც უკვირს, საიდან და როგორ ვითარდება მისი შვილი.

„წინააღმდეგი ვარ, სკოლაში შესვლამდე წერა-კითხვა იცოდეს ჩემმა შვილმა, რადგან სკოლის მუღამი დაეკარგება. ახალი ასო-ბგერა თუ ციფრი ბავშვისთვის აღმოჩენა უნდა იყოს და ამისთვის არსებობს დაწყებითი კლასების მასწავლებელი. მეც არ ვიცოდი სკოლაში შესვლისას ანბანი და კლასში ისე ვისწავლემ, როგორც ჩვეულებრივმა მოსწავლემ უნდა ისწავლოს.

„კი მიკვირს, დღეს ისე ძალიან ვითარდებიან ბავშები. 4 წლის არის ჩემი შვილი და ისე უფათურებს ხელებს ეკრანს, ათას პროგრამაში შედის, თამაშობს და ნახულობს რაღაცეებს… მე დაძაბული ვსწავლობ ტელეფონში პროგრამებს და ეველინმა საიდან ისწავლა ამდენი რამე, ვერ ვხვდებით. თავისით სწავლობენ ბევრ რამეს დღევანდელი ბავშვები და ძალიან განვითარებული თაობა მოდის“, – ამბობს დათო ლიკლიკაძე.

ასევე იხილეთ:

„ერთი შენობიდან უნდა იმართოს მთელი სასწავლო პროცესი“ – მშობლის პოზიცია

„რადგან სკოლაში არ ასწავლიან, ბავშვი ვერ გაარჩევს რა სახის თავდასხმაა და თავდაცვა ხომ უნდა შეეძლოს?!“ – მოსწავლეების მამა სკოლებში სამოქალაქო თავდაცვის საგნის შემოღებაზე

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში