GE
5 მარტი, 2026 15:07

სკოლის მოსწავლეებს ფორმებით, წიგნებითა და ავეჯით განათლების სამინისტროს შპს მოამარაგებს

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების I-VI კლასების მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეძენა-რეალიზაციას ახლადდაფუძნებული, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებული შპს – „საგანმანათლებლო რესურსები“ უზრუნველყოფს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დღეს, 5 მარტს, ახალ სტრუქტურაში გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

მისივე ინფორმაციით, ამავე შპს-ს ფუნქცია სკოლების სახელმძღვანელოებით და ავეჯით მომარაგებაც იქნება.

„დაფუძნდა შპს „საგანმანათლებლო რესურსები“, რომლის მიზანი არის, უზრუნველყოს სკოლების მომარაგება სახელმძღვანელოებით, ავეჯით, სხვადასხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით, მათ შორის ლაბორატორიებით. ასევე, იმ რეფორმის ფარგლებში, რომელიც ზოგად განათლებას ეხება, ჩვენ შემდეგი სასწავლო წლიდან ვიწყებთ I-VI კლასების ჩათვლით ფორმების შემოტანას სკოლაში და ამ ფორმების შეძენა-რეალიზაცია სწორედ ამ შპს-ს ფუნქციებში შევა. ახალ სტრუქტურულ ერთეულს მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება სასკოლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

განათლების სამინისტროს ცნობით, შპს „საგანმანათლებლო რესურსების‘‘ დირექტორის თანამდებობაზე მიხეილ ყუფარაძე დაინიშნა. „მას საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მიხეილ ყუფარაძე სახელმწიფო უწყებებში სხვადასხვა დროს წამყვან პოზიციას იკავებდა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ შორის საქართველოს პარლამენტში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში“, – წერს გივი მიქანაძის უწყება.

ამავე თემაზე:

2026-2027 სასწავლო წლიდან სასკოლო ფორმები სავალდებულო I-VI კლასებში ხდება – განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება

განათლების სამინისტრო მოსწავლეების სასკოლო ფორმებს თავისი გემოვნებით შეარჩევს

სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულება ყველა მოსწავლეზე არ გავრცელდება – ინფორმაცია მშობლებს

schools.ge (ნ)