GE
22 დეკემბერი, 2023 16:43

„სულ მასწავლებლის როლში ხომ არ ვიქნებით?!“ – საახალწლო წვეულებისთვის პედაგოგებიც ემზადებიან

კარგად დაბრაწული გოჭი, ღორის მწვადი, სოკო კეცზე, შემწვარი წიწილა, ოსტრი, კუჭმაჭი… ეს მადისაღმძვრელი კერძები მცირე ჩამონათვალია იმ სუფრიდან, რომელიც როგორც გავიგეთ, ერთ-ერთ რესტორანში არაერთხელ მოუმზადებიათ არც ქორწილისთვის და მით უმეტეს, არ დაბადების დღისთვის. ქართული კერძებისგან შედგენილ მამაპაპურ სუფრას საახალწლოდ არც მეტი, არც ნაკლები, სკოლის პედაგოგების კორპორატიული წვეულებისთვის შლიან.

როგორც იქნა, მასწავლებლებისთვისაც დადგა განტვირთვის დრო!

მართლაც, 2024 წლის 1 ივლისიდან დაპირებული ხელფასების ზრდა („500 ლარით და მეტით“), ან მრავალსაათიანი სავალდებულო ტრენინგების გაუქმება რატომ არ იმსახურებს აღნიშვნას?! სწორედ ამიტომ, მასწავლებლების ნაწილი, საახალწლო ტრადიციას არც 2023 წლის მიწურულს არღვევს და საკუთარი ფინანსებით დაგეგმილ კორპორატიულ წვეულებას კიდევ უფრო ამაღლებული განწყობით ხვდება.

მაშ ასე, მოგიყვებით, როგორი ხალისით აღნიშნავენ პედაგოგები 2024 წლის შემობრძანებას.

მარინა კაპანაძე 20 წელია, რაც თბილისის 166-ე საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებელია და როგორც EDU.ARIS.GEსთან ამბობს, კოლეგებთან ერთად, ახალი წლის აღნიშვნის მრავალწლიან ტრადიციას წელსაც გააგრძელებს.

პედაგოგი გვიყვება, რომ კორპორატიულ წვეულებისა თუ საზეიმო შეკრებების ორგანიზატორები ძირითადად ის მასწავლებლები არიან, რომლებსაც კოლეგებთან ერთად ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილება აქვთ. ახალი წლის აღნიშვნის მსურველი პედაგოგები ყოველთვის საკუთარი ინიციატივითა და ფინანსებით იკრიბებიან, ხარჯებს კი ინაწილებენ.

„ჩვენს სკოლაში კოლეგები ხშირად ვიკრიბებით ერთად და, რა თქმა უნდა, წელსაც გულანთებულებმა დავგეგმეთ საახალწლო კორპორატიული წვეულება. რაც შეეხება ხარჯებს, ეს მხოლოდ ჩვენი ფინანსებით ხდება. ვითვალისწინებთ ყველა პედაგოგის შესაძლებლობებს და პრობლემის გარეშე ვაგვარებთ ამ საკითხსაც. პედაგოგები ყოველთვის გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს, თანაბრად ვინაწილებთ ხარჯებს. ჩვენი კოლექტივის შემთხვევაში, ეს ხარჯი 50-70 ლარს არ სცილდება, მთავარი ერთად ყოფნის სურვილია“, – გვიხსნის მასწავლებელი.

მარინა კაპანაძე არაფორმალურ გარემოში კოლეგებთან ერთად მხიარულების დეტალებსაც იხსენებს და ამბობს, რომ ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან, მათ შორის სიამოვნებით არჩევენ საღამოსთვის შესაფერის ტანისამოსს და სიამოვნებით გამოდიან პედაგოგის ჩვეული როლიდან.

„განსაკუთრებულად ვემზადებით, აბა, სულ მასწავლებლის როლში ხომ არ ვიქნებით?!. ჩვენც ბავშვებივით ვხალისობთ და ვმხიარულობთ. ვიხსენებთ სკოლაში გადახდენილ კურიოზულ თავგადასავლებს, ვცეკვავთ, ვუსმენთ მუსიკას და არაჩვეულებრივად ვერთობით. მრავალი წელია, სუფრის უცვლელი თამადა გვყავს. ქალბატონი, რომელიც გამოირჩევა გურული იუმორით, ლექსებისა და ისტორიების საინტერესოდ გადმოცემის მრავალფეროვნებით“, – ასე ახასიათებს ოჯახის წევრების გარეშე გატარებულ სადღესასწაულო დღეს მასწავლებელი.

ის EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ დაპირებული ხელფასების მატების გადაწყვეტილება ნამდვილად არის აღსანიშნი ამბავი, მაგრამ მთავარი მიზეზი, რისთვისაც კოლეგები იკრიბებიან, მაინც მონატრებული არაფორმალური ურთიერთობებია, ხალისი, რომელიც სასწავლო წლის განმავლობაში არცთუ ბევრია.

„ჩემი აზრით, 2024 წლის მთავარი საზეიმო განწყობის მიზეზი თუ მოტივი, რატომაც  ვიკრიბებით და არ ვარღვევთ ჩვეულ ტრადიციას, მაინც არის ურთიერთობა, რომელიც დღეს მასწავლებლებისთვისაც დეფიციტს წარმოადგენს. ამდენ საქმეებში ზოგჯერ გვავიწყდება, რომ ჩვენც უბრალო ადამინები ვართ…“, – ამბობს პედაგოგი.

ბიოლოგიის მასწავლებლებს სათქმელი კოლეგებისთვისაც აქვს. ახალგაზრდა თუ გამოცდილ პედაგოგებს ის ახალი წლის სამსახურის წრეში აღნიშვნის სიკეთეებს ახსენებს:

„მინდა კოლეგებს მივმართო: მეტი სითბო, სიყვარული, ყურადღება შეცვლის განწყობას ერთმანეთის მიმართ და გაზრდის ჩვენს მოტივაციას. ამიტომ, რატომაც არ უნდა შეიკრიბოთ და იზეიმოთ ერთად ახალი წელი?! მხოლოდ ბედნიერ მასწავლებელს შეუძლია, ინტერესით აკეთოს არამარტო თავის საქმე, არამედ გაზარდოს პოზიტიური, კეთილშობილი, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მოსიყვარულე თაობა“, – ამბობს 166-ე საჯარო სკოლის პედაგოგი, მარინა კაპანაძე.

ასევე იხილეთ:

„ნაზი და კაშკაშა“ – როგორი ნაძვის ხეები დადგეს საჯარო სკოლებმა (+ფოტო/ვიდეო)

როგორი ნაძვის ხეები დადგეს საჯარო სკოლებმა – ნაწილი II (+ფოტო/ვიდეო)

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში