„სწორედ ესაა ჩვენი, მშობლების შეცდომა“ – როგორ ჩავრთოთ შვილი საოჯახო ცხოვრებაში
„აუ, კარგი რა მამა“, „ასეთი ხასიათი მაქვს“, „მთელი დღე ხომ არ ვისაუბრებ“, – ეს ფრაზები ხომ არ გეცნოთ?
თუ თქვენი შვილი თინეიჯერია, ან ყველა საკითხს თქვენგან განსხვავებულად უყურებს, ალბათ გესმით, რა გრძნობაა, როცა სახლში ყოფნის დროს, შვილი თქვენგან სრულად იზოლირებულია. მაგალითად, მის ხმას მაშინ იგებთ, როცა გაბრაზებულია, ან რაღაც სჭირდება, ძირითად დროს კი სოციალურ ქსელში ატარებს. ამის გამო, როგორც წესი, მშობლები ხშირად აკრიტიკებენ შვილს და სხვათა შორის, საკუთარ თავსაც, რომ „მისი სწორად აღზრდა ვერ შეძლეს“.
იმას, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ახალგაზრდები ნაკლებად აღიქვამენ პრობლემად. EDU.ARIS.GE-სთან საკითხზე მშობელი, ნათია ფელიშვილი საუბრობს, რომელიც პროფესიით განათლების სპეციალისტია. ამბობს, რომ სწორი მიდგომებითა და მოქნილი სტრატეგიებით სრულყოფილად შეძლო სტუდენტი შვილის საოჯახო ცხოვრებაში ჩართვა და ახლა გარშემომყოფები რჩევების მიღებასაც სთხოვენ, თუ როგორ შეძლონ იგივე მათაც. ჩვენი რესპონდენტი იმ სტრატეგიებს გაგიმხელთ, რომელიც სასკოლო ასაკისა და უკვე ზრდასრული ასაკის შვილთან შეგიძლიათ გამოიყენოთ.
– ნათია, მოგვიყევით, რამდენად დიდი პრობლემაა დღეს ახალგაზრდების ინდიფერენტულობა და თავად როგორ უყურებდით ამ საკითხს ოჯახში?
– ზოგადად, ოჯახში ახალგაზრდებისადმი ძალიან სუბიექტური აზრი და განწყობა აქვთ. ალბათ, სხვაგვარად ვერც იქნება, რადგან შვილები ჩვენი მუდმივი ფიქრი და საზრუნავია. ასე გაგვზარდეს და ასე ვზრდით თითქოს ჩვენც – ვუყენებთ მათ მთელ რიგ მოთხოვნებს და ქვეცნობიერად ვცდილობთ, დავიმსგავსოთ. ალბათ, პირველ რიგში, ეს მშობლებსა და შვილებს შორის არსებულ მანძილს ზრდის. კიდევ ერთი რამ, რაც თითქოსდა გვაშორებს ეს ეპოქაა, რომელშიც ვცხოვრობთ -ტექნოლოგიური სიახლეებით გაჯერებული. გვაშორებს მშობლების ყოველდღიურ საზრუნავში ჩაკარგულობაც… ახალგაზრდების გატაცება ტექნოლოგიურ ტრენდებთან დაკავშირებით უცხოა და მშობლისთვის ხშირად გაუგებარი (თუმცა არა მიუღებელი). დროთა განმავლობაში, ერთ დროს პაწია მანძილი მშობელსა და შვილს შორის იზრდება. ამ ზრდას კი ხშირად მშობლის საყვედურები, შვილის გაღიზიანება და ჩაკეტილობა მოჰყვება. ეთიშება საოჯახო ამბებს, აქვს თავისი „თემები“ და იმას, რასაც ჩვენ ახალგაზრდობის ინდიფერენტულობას ვეძახით მთელი არსებით ვლინდება.
– თავად რით „იმართლებენ თავს“ ასეთ დროს ახალგაზრდები და რას ეტყოდით მათ?
– არ მიყვარს მუდმივად თავის მართლების რეჟიმში მათი ჩაყენება. ვფიქრობ, სწორედ ესაა ჩვენი, მშობლების შეცდომა. ამით მათ ორგანიზმში თავდაცვის სიგნალს ვრთავთ, რაც ყველა ადამიანს დაბადებიდან თან დაჰყვება და ამ სიგნალების სიმძაფრე მათში სხვადასხვაგვარად ვლინდება. ვლინდება აგრესიით, გულგრილობით, აურზაურით, ჩაკეტილობით, შფოთვებით. მოდით, მათთვის ამ დისკომფორტის მოხსნას შევეცადოთ და ვნახავთ რა საოცარი გრძნობაა სიმშვიდე, სილაღე, სიმშვიდე სულში და სხეულში.
– დაგვისახელეთ სტრატეგიები თინეიჯერ და ზრდასრული ასაკის შვილთან სწორი ურთიერთობისთვის, რათა მათი მონაწილეობა ოჯახის ცხოვრებაში შესაძლებელი და შედეგიანი იყოს
საოჯახო საქმეების განაწილება. მიეცით თუნდაც უმნიშნელო საქმე, რომელსაც ერთი და იმავე დროს გააკეთებს. დროის განსაზღვრა აუცილებელია, მან უნდა იცოდეს, რომ ოჯახის ნაწილია და შეუძლია გარკვეული საქმე შეასრულოს. მაგალითად ნაგვის გატანა და პურის მოტანა, საკუთარი სათამაშოებისა თუ სხვა ნივთების დალაგება.
დასვენების დღეებში ფილმის შერჩევა და ერთად ყურება. ეს მისი გემოვნებისა და მისწრაეფების დანახვაში დაგეხმარებათ. იგებთ როგორი ფილმები უყვარს, ხოლო მას უჩნდება პასუხისმგებლობა, შეარჩიოს ფილმი და არა შემთხვევით ჩართოს. შეუქეთ არჩევანი, ისაუბრეთ ფილმის შესახებ, მოისმინეთ მისი აზრიც და კვლავ მიეცით საშუალება ფილმის შერჩევის. მერწმუნეთ, შემდეგ ჯერზე უფრო მეტი მონდომებით აარჩევს.
პერიოდულად ერთად მოაწესრიგეთ საოჯახო ფოტოების ალბომი. სთხოვეთ, თავად აარჩიოს ფოტოები, ჩაამაგროს და ჩანაწერებიც გაუკეთოს, გააფორმოს. სხვა დროს, ალბათ, თავად გთხოვთ ფოტოს დადაღებასაც და ალბომში დამატებას.
სამაგიდო თამაშები. მართალია საოჯახო საქმიანობასთან არაფერ შუაშია, მაგრამ ოჯახის ერთად შეკვრის და დროის გატარების საუკეთესო საშუალებაა. ამ დროს იცნობთ ერთმანეთს სხვადასხვა მხრიდან, ჩანს ლოგიკურობა, სისხარტე, გადაწყვეტილების მიღება, აზარტულობა. ახალი ქართული სამაგიდო თამაში „მონადირე“ მითების და ლეგენდების ცოდნასაც გააღრმავებს.
გაითვალისწინეთ მისი ინტერესები ან თავად მიეცით არჩევანის უფლება. ეს აძლევს მათ მოტივაციას. მაგალითად ინტერესს, რომ წაიკითხოს თქვენი ფულით ნაყიდი, მაგრამ საკუთარი გადაწყვეტილებით არჩეული წიგნი. კითხვის პროცესში, პერიოდულად, (დასაწყისი, შუა, დასასრული) ჰკითხეთ, რას ფიქრობს? როგორ განვითარდება? რა განწყობა დაუტოვა? რას გრძნობს? ამავდროულად, თქვენც გამონახეთ დრო და წაიკითხეთ, გამოთქვით თქვენი აზრიც.
თუკი წელიწადში თუნდაც 2-3 წიგნს წაიკითხავთ ამ სტრატეგიის გამოყენებით, ნახავთ როგორ გაჩნდება თქვენ შორის სასაუბრო თემები, როგორ აღმოაჩენთ მის შინაგან სამყაროს და გაქრება მითი ინდიფერენტულობასა და გულგრილობაზე.
მშობლებო, გაგვიზიარეთ – თქვენ რა მეთოდებს იყენებთ შვილის საოჯახო ცხოვრებაში ჩასართავად?
ასევე იხილეთ:
როცა შვილი ეროვნულ გამოცდებს აბარებს – ჯანსაღი ქცევის ინსტრუქცია მშობლებს
როგორ ჩავდო ინვესტიცია შვილის განათლებაში სწორად და შედეგიანად – მშობელი გამოცდილებას გაგიზიარებთ