GE
9 თებერვალი, 2024 12:00

„ტენდენციაა, რომ უნდა იყოთ ყველაფრის მთქმელი და მკადრებელი“ – როგორ ესმით მოსწავლეებს სიტყვები – ზრდილობა და თავაზიანობა?

ყმაწვილობის ასაკიდან გამოსულ ადამიანებს კარგად უნდა ახსოვდეთ დრო, როცა მშობლები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაგალითად, მოხუცისა და ორსულისათვის ადგილის დათმობას ასწავლიდნენ. ამას მშობლები ზრდილობას ეძახდნენ და ასე მუდმივი შეხსენებებით, ადამიანების სიყვარულსა და პატივისცემას გვიღვივებდნენ. უფროსებთან თქვენობით საუბარიც თავაზიანობის გამომხატველი იყო და ჟარგონებით მეტყველება ნამდვილად არ ითვლებოდა კარგ მანერად.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთხელ თუ მაინც გიმგზავრიათ, ან საყიდლების ვრცელ რიგში მდგარხართ, მაშინ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ დღევანდელი რეალობა მოზარდებს სხვა ქცევებს კარნახობს.

დროსთან ერთად, ხომ არ შეიცვალა საზოგადოებისთვის ზრდილობის ცნება და გაგება და როგორ ესმით დღეს მოზარდების თავაზიანი ქცევის შინაარსი? – თემაზე ზრდასრულთა და მოზარდთა პოზიტიური ფსიქოლოგიის სპეციალისტი, ხათუნა მელაძე-მირუაშვილი გვესაუბრება, რომელიც საკუთარი დაკვირვების შედეგებზე გვიამბობს.

ხათუნა მელაძე-მირუაშვილი: სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დროსთან ერთად, ყველაფერი იცვლება. ეს მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ არის ასე. ადამიანებიც იცვლებიან, ღირებულებებიც იცვლება, ზრდილობაც იცვლება… ზუსტად ამ ცვლილებიდან გამომდინარე, დღეს მშობლები ბავშვის აღზრდა-განათლებაში უფრო მეტ ფულს, ანუ ფინანსურ რესურსს დებენ, ვიდრე ადამიანურს, რადგან ფიქრობენ, რომ ეს მიდგომა სწორია.

– როგორ ესმოდათ ადრე ზრდილობისა და თავაზიანობის ცნებები და როგორ ესმით ახლა?

– ჩემს ახალგაზრდობაში, ასე მახსოვს, რომ ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ მეტად გამოიჩენდა თავს ზრდილობითა და თავაზიანობით. ზრდილობა და თავაზიანობა განიმარტებოდა როგორც კარგი აღზრდის, განათლების მაჩვენებელი. კაცი როგორ იტყოდა უწმაწურ სიტყვას ქალთან ერთად?! ოჯახში უფროსი ასაკის ადამიანს უდიდეს პატივს სცემდნენ. ნამუსი და სინდისი მნიშვნელოვანი თვისება იყო ადამიანში. ლიტერატურიდან რომ დავისესხო, წინანდელ საქართველოში „ნამუსის ქუდი“ ეხურათ და „ნამუსის ულვაში“ ჰქონდათ, რაც პატიოსნებაზე და უტყუარობაზე მეტყველებდა. ახლა კი ყველაფერი ღირებული გაუფასურებული და დაკნინებულია, იმდენად, რომ ზრდილობა და თავაზიანობა გამოუსვლელობის სინონიმებად იქცა, თითქოსდა ვინც ასეთია, ზედმეტად კომპლექსიანი და დროს ჩამორჩენილია.

– როგორ ფიქრობთ, დღეს მომგებიანი პოზიციაა ზრდილობიანი და თავაზიანი რომ ხარ, თუ პირიქით?

– განათლებული ადამიანისთვის, ვინც ასეთივე ადამიანების წრეში ტრიალებს ყოველთვის მომგებიანი პოზიციაა, მაგრამ იცით რა, მიკრო სოციუმზე ბევრია დამოკიდებული. იქ, სადაც ტენდენციაა, რომ უნდა იყო ყველაფრის მთქმელი და მკადრებელი, ალბათ, არ არის მომგებიანი პოზიცია. გააჩნია თავად როგორ საზოგადოებაში სურს ახალგაზრდას თვითდამკვიდრება. ჩემს სოციუმში, ადამიანი, პირველ რიგში, თავისი აღზრდით, თავისი კულტურით ფასდება და მერე განათლებაც თუ თან ერთვის ხომ მთლად უკეთესი. ქართველ მწერალს, ოტია იოსელიანს აქვს ნათქვამი: „17 წლის თუ ხარ კაცი, 77 წლისაც ხარ კაცი“, ასეა ეს ნამდვილად.

– ამ მთელ პროცესში სწავლა-სწავლების პროცესს რა მნიშვნელობა აქვს, განათლების სამინისტროს ჩართულობას თუ ხედავთ და სასკოლო დონეზე თუ ვითარდება ახალგაზრდა თაობა სწორი მიმართულებით?

– საჭიროა, განათლების სამინისტრომ მეტი რესურსი მომართოს ამ პრობლემის დასაძლევად. კერძოდ, აუცილებელია, სკოლებში დაწყებითი კლასიდანვე ისწავლებოდეს ემოციების მართვა, რაც ევროპის სკოლებში დიდი ხნის დანერგილია. როგორც ფსიქოლოგი, გეტყვით, რომ ეს საკითხი ემოციების მართვასთან არის დაკავშირებული, თუ ადამიანი აგრესიული და გაუწონასწორებელია, ის ზრდილობით აღსავსე ვერ იქნება. ამ კუთხით აუცილებელია ყველა საჯარო და კერძო სკოლაში ფსიქოლოგის და ფსიქოთერაპევტის ინსტიტუტის დანერგვა, ისე არა, როგორც დღეს არის დანერგილი. საჭიროა, სკოლის ბაზაზე მუშაობდნენ სერტიფიცირებული სკოლის ფსიქოლოგები გაზრდილი ფუნქციებით და პასუხისმგებლობებით. მშობლების სასკოლო ჩართულობისთვის კი მეტი უნდა გაკეთდეს. ბოლოს როდის იყო მშობელი სკოლაში რომ ვერ იხსენებს, ალბათ, ესეც პრობლემაა.

– და ბოლოს, რას ეტყოდით მშობლებს, როგორ შეუძლიათ ასწავლონ შვილს ზრდილობა და თავაზიანობა?

– რაც შეეხება მშობლებს, მიეცით შვილებს მაგალითი! თავად ასწავლეთ შვილს ზრდილობა და თავაზიანობა! პასუხისმგებლობა, რასაკვირველია ეკისრება საზოგადოებას, სკოლას, განათლების სისტემას, მაგრამ უმთავრესად თქვენ! პირადად მე, უკვე მრავალი წელია, რაც ბავშვთა და მოზარდთა სოციო-ემოციური უნარების განვითარებაზე ვმუშაობ, ასევე ვმუშაობ, ემიგრანტებთან და მათ შვილებთან, რომ დავეხმარო წაშლილი სოციო-ემოციური ურთიერთობების აღდგენაში. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, მთავარია, უბრალოდ ესაუბროთ შვილებს, ეს მათ ყველაზე მეტად დაეხმარებათ!

ასევე იხილეთ

„თუ სკოლაში ვიზიტს გეგმავთ, ამ პროცედურების დაცვა მოგიწევთ“ – სკოლის დირექტორის ინსტრუქცია მშობლებისთვის

როგორ ჩავდო ინვესტიცია შვილის განათლებაში სწორად და შედეგიანად – მშობელი გამოცდილებას გაგიზიარებთ

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში