GE
28 აპრილი, 2022 14:10

მშობელი: ვერანაირი დიაგნოსტიკური შეფასება ვერ უშველის, ისეთი მდგომარეობაა სკოლებში

დიაგნოსტიკური შეფასება, რომელიც სკოლებში, IV-IX კლასებში უნდა ჩატარდეს, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მოსწავლეებისთვის ჯერჯერობით ერთგვარი სტრესის მატარებელია. როგორც სამი მოსწავლის მშობელი, მაკა ახვლედიანი EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ დიაგნოსტიკური შეფასების არსი ცუდი არ არის, ბავშვების უმრავლესობა დაიბნა, დაიძაბა და მხოლოდ იმიტომ, რომ მათთვის აღნიშნული თემის შესაბამისი ფორმით მიწოდება არ მოხდა.

სკოლებში მოსწავლეთა სადიაგნოსტიკო შეფასებისთვის ტესტირება ჩატარდება – რა უნდა იცოდნენ მშობლებმა და მასწავლებლებმა

მიუხედავად იმასა, რომ სკოლებს ვალდებულება ჰქონდათ, მშობლებისთვის ეცნობებინათ დიაგნოსტიკური შეფასების წერის შესახებ, ბევრმა მშობელმა ეს ინტერნეტმედიის საშუალებით გაიგო. მაკა ახვლედიანს III, VI და VIII კლასელი შვილები ჰყავს. ბავშები თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში სწავლობენ. დედა ამბობს, რომ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში სკოლებში დაგეგმილი დიაგნოსტიკური შეფასების შესახებ პირველად მანაც მედიის საშუალებით გაიგო.

„ჩემი VI კლასელი შვილის დამრიგებელმა ჯერ ბავშვებს უთხრა და მერე მშობლებსაც გაგვაგებინა სოციალური ქსელის საშუალებით დიაგნოსტიკური შეფასების შესახებ, თუმცა მე უკვე ინტერნეტსივრციდან მქონდა ეს ინფორმაცია. ჩემს VIII კლასელ შვილს მასწავლებლებმა უთხრეს მსუბუქად, რადგან მგონი, ჯერ თავადაც არ იცოდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე. მერე კრება მოვითხოვეთ და იქ გაჟღერდა ეს ამბავი. ამ ყველაფრიდან ის დასკვნა გამოვიტანე, რომ სურთ გაიგონ, რა დანაკარგები აქვთ სასწავლო პროცესში, რამდენად მომზადებულია განათლების სისტემა და როგორ აისახა განათლებაზე ის ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გავიარეთ“, – ამბობს მაკა.

მოსწავლეების მშობელი EDU.ARIS.GE-სთან ამბობს იმასაც, რაზეც ხმამაღლა საუბარსაც ბევრი მშობელი ვერ ბედავს. ის თვლის, რომ თუ სკოლაში გარემო არ შეიცვალა, იმ მძიმე მდგომარეობის გამოსწორებას, რაც დღეს სკოლებშია, ვერაფერი უშველის.

„მანამდეც და ამ პირობებში მით უმეტეს, ძალიან მნიშვნელოვანია, ის გარემო პირობები შეისწავლონ, რომელ სივრცეშიც უხდებათ ბავშვებს განათლების მიღება, რადგან ეს უფერო სერიოზული პრობლემა და დემოტივაციაა ბავშვებისთვის, ვიდრე რაიმე დავალების განხორციელება. საჯარო სკოლებში დღემდე არ არსებობს ის დამოკიდებულებები, რაც უნდა იყოს და რაც მოტივაციაა, რომ ბავშვს სკოლაში სიარული უნდოდეს. სამწუხაროდ, სკოლებში ისეთი მძიმე მდგომარეობაა, ვერანაირი რეფორმა ვერ უშველის და წინ ვერ წავა სკოლა, თუ ამას არ მიეხედა.

„სკოლაში არ არის მიმღებლობა, არ არის მხარდაჭერა, არის მუქარა. ჩემი სკოლაში სწავლის დროს რაც იყო, დღეს საჯარო სკოლების 80%-ში იგივე გარემოა. ასევე, ჩაკეტილი სივრცეა მშობელსა და სკოლას შორის. რაც არ უნდა იძახონ დირექტორებმა, რომ ვითომ მზაობა აქვთ… სკოლაში რომ მიდიხარ და რამეზე პრეტენზია გაქვს ან განსხვავებული აზრი, ინტრიგანი ხარ – სკოლის მხრიდან ეს დამოკიდებულებაა და მშობლები არჩევენ განზე გადგნენ და ხმა არ ამოიღონ, განსაკუთრებით მათ, ვისაც ინფორმაციის ნაკლებობა და დაუცველობის შიში აქვს… მოკლედ, ისეთი ჩაკეტილი სისტემაა, ვერანაირი ტესტირება ვერ უშველის“, – გვიყვება მაკა ახვლედიანი.

როგორც ის ამბობს, მნიშვნელოვანია, სასკოლო ცხოვრებაში ფსიქოლოგები ჩაერთონ და დააკვირდნენ, როგორ ურთიერთობენ მასწავლებლები მოსწავლეებთან, რადგან ეს დამოკიდებულება არაჯანსაღად მიაჩნია.

„ვფიქრობ, პროფესიონალი ფსიქოლოგები უნდა ჩაერთონ და მოხდეს დაკვირვება, შესწავლა, თუ რა მეთოდით ხდება პედაგოგების ურთიერთობა მშობლებთან და მოსწავლეებთან. განათლების ამბავი მეორე რიგში გადადის, იმდენი ინფორმაცია მომდის სკოლაში არსებულ არაჯანსაღ გარემოზე და დამოკიდებულებებზე. ბავშვებს სკოლაში სიარული არ უნდათ, ზოგს ფსიქოლოგი სჭირდება და იმიტომ, რომ ასეთი რამ შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი მასწავლებლის დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ. ზოგი პედაგოგი შეიძლება ასე განზრახ არ იქცევა, უბრალოდ, არ იცის, ვერ აღიქვამს ადექვატურად იმას, რასაც აკეთებს. ერთი სიტყვით, არ გვაქვს სკოლებში ის სივრცე, რომელიც ბავშვთან მუშაობისთვის მზად არის. სკოლა მხოლოდ ფიზიკა და მათემატიკა არ არის. მე მინდა, ბავშვმა სხვა ბევრი რამ მიიღოს სკოლიდან და იქ სიხარულით მიდიოდეს“, – ამბობს მოსწავლეების მშობელი.

კითხვაზე, რას გულისხმობს იმ მუქარაში, რომელიც სკოლაში მოსწავლის მისამართით ხორციელდება, მაკა ამბობს:

„ორიანს დაგიწერ“, „კლასში ჩაგტოვებ“ – ასე ემუქრებიან ბავშებს დღემდე. ეს კი ბავშვში სტრესს იწვევს. შეიძლება ნასწავლი ჰქონდეს რაღაც, მაგრამ ფსიქოლოგიურად სტრესული მდგომარეობის გამო ვერც უპასუხოს და ვერც დაწეროს. ბავშვთან ფაქიზი დამოკიდებულების ამბავი აქვთ შესასწავლი. ჩემთვის პრიორიტეტია, ჯანსაღი გარემო იყოს სკოლაში. მე აქტიური მშობელი ვარ და ჩემი შვილის ამბავს ისე არ დავტოვებ, მაგრამ იჩაგრებიან ძირითადად ისეთი ბავშვები, ვის მშობელსაც შეიძლება მოერიდოს, თავი შეიკავოს, დათმოს… მე რა ინფორმაციაც მომდის, სკოლებში საშინელი მდგომარეობაა და ვერანაირი რეფორმა ვერაფერს იზამს და ყველაფერი წყალში გადაყრილია, თუ ამას არ მიეხედა და ჯანსაღი გარემო არ შეიქმნა კლასში. ზოგადად ძალიან სტრესული სიტუაციაა სკოლაში და მუდმივად მჭირდება, რომ ვიყო მხარდამჭერი, ვანეიტრალო შვილების ემოციური მდგომარეობა და ა. შ.  ჩემთვის უცხო არ იყო, დიაგნოსტიკური შეფასების გამო ჩემი უფროსი შვილის დათრგუნვა. ფონი სულ სტრესულია სკოლაში და – მექანიკური, რუტინული დამოკიდებულებები“.

რაც შეეხება დიაგნოსტიკურ შეფასებას, მშობლის აზრით, მიწოდების ფორმა, ინფორმაციის გაცვლა არ არის ადექვატური და არც იმის იმედი აქვს, რომ განათლების რეფორმების ჯგუფის მიერ გაცხადებული მესიჯი, რომ ეს დავალება მოსწავლის შესაფასებელ ქულებზე არ იმოქმედებს.

„ჩემს შუათანა შვილს ახალგაზრდა პედაგოგი ჰყავს და შედარებით უკეთესად შეუძლია მიაწოდოს ბავშვებს ინფორმაცია. სხვა შემთხვევაში კი ასე არ არის. უფროს შვილს რომ უთხრეს დიაგნოსტიკური შეფასების შესახებ დათრგუნული მოვიდა სახლში. ხარვეზიანი იყო ეს წლები და განათლებაც ვერ მიიღეს ისე, როგორც საჭირო იყო და ნერვიულობდა. მერე მე ავუხსენი ბავშვს, რომ ეს მის ნიშანზე არ იმოქმედებდა. მიწოდებაც არ შეუძლიათ ისე, რომ ბავშვმა ასე არ განიცადოს და მე მიწევს ჩართვა ყველაფერში, რომ მშვიდად იყვნენ ჩემი შვილები.

„კიდევ ერთი შეცდომა, რაც ამ სისტემაშია, ის არის, რომ მასწავლებლები ყოველთვის ცდილობენ, თავი მოიწონონ თავიანთი მოსწავლეებით. ახლაც, დარწმუნებული ვარ, ამ დიაგნოსტიკური შეფასების გამო ბევრი უსაყვედურებს თავის მოსწავლეს – შემარცხვინე, ეს რა ქენი… შესაბამისად, ვიღაც ამის გამო, დასჯის მექანიზმის გამოყენებით ნიშანს დააკლებს, რადგან ვერ გამოავლინეს თავი და ეს მისი სირცხვილია.

„მხოლოდ ტექნიკური ხაზით დალაგება სწორი არ არის და უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგები უნდა ჩაერთვნენ და სხვაგვარად უნდა მოხდეს მიწოდება პედაგოგთანაც და ბავშვებთანაც. იქნებ სტრესმა იმოქმედა ბავშვის უნარებზე და ვერ გამოავლინა ცოდნა? მით უმეტეს, გარდატეხის ასაკში საკმაოდ ემოციური ფონი აქვთ ბავშვებს და შეიძლება შიში ჰქონდეთ. თუ მშობელმაც ვერ აუხსნა, რადგან არ იცის, ბავშვი არის სტრესში, რადგან ფიქრობს, რა ეშველება ყველა საგანში რომ ტესტირება აქვს“,- ამბობს EDU.ARIS.GE-სთან მშობელი.

ასევე იხილეთ:

„შვილის სკოლაში შესვლის ასაკი უნდა იყოს მშობლის არჩევანის თავისუფლება“ – დათო ლიკლიკაძე

„ერთი შენობიდან უნდა იმართოს მთელი სასწავლო პროცესი“ – მშობლის პოზიცია

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში