GE
13 ივნისი, 2022 14:22

„ერთად ვიზრუნოთ, რომ ყველამ თავის ენაზე მიიღოს განათლება“ – VII კლასის მოსწავლე კონფლიქტის ზონიდან

„ჩაძინებულსაც გამღვიძებია და მსმენია ხმა საომარი ტექნიკისა და ბუნებრივი იქნება თუ ვაღიარებ, შემშინებია… ახლაც მაშინებს, მაშფოთებს, რა იქნება ხვალ? დიახ, ომი ჩემს ყურს უკანაა“, – წერს ესეში VII კლასის მოსწავლე, ნოდარ კოლოტაშვილი, რომელიც კონფლიქტის ზონაში, ე. წ. საზღვართან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში ცხოვრობს.

„აგრესიის მსხვერპლი უდანაშაულო ბავშვების საერთაშორისო დღესთან“, 4 ივნისთან დაკავშირებით, განათლების ეროვნული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონია 11 ივნისს, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. კონკურსს სულ სამი გამარჯვებული ჰყავს, რომელთა შორის ერთ-ერთი ნოდარ კოლოტაშვილია.

ნოდარი გულწრფელად წერს, რის შიში აქვს, როგორ აღიქვამს ომის საშინელებას და უფროსებს მოუწოდებს, შეწყვიტონ საშინელი ომი. EDU.ARIS.GE გთავაზობთ ამონარიდებს სკოლის მოსწავლის მიერ დაწერილი ესედან.

„მე ცამეტი წლის ვარ, ვცხოვრობ გორის რაიონის ერთ-ერთ პატარა სოფელში, რომელმაც 2008 წელს ომის სიმწარე თავის თავზე იწვნია. იყო ნგრევა, მსხვერპლი, ტერიტორიების დაკარგვა… დღეს ეს სოფელი კონფლიქტის ზონაა, ძალიან ახლოსაა ე. წ. საზღვართან და მე ხშირად ვხედავ, როგორ გადაადგილდებიან უზარმაზარი სამხედრო კოლონები. ხშირად სროლის ხმებიც მესმის და ყველაფერი ეს იწვევს შიშს, გაურკვევლობას, იმედგაცრუებას, იმის განცდას, რომ ომის კერა ძალიან ახლოსაა და ხშირად ვფიქრობ, უცებ აქაც რომ ისევ დაიწყოს ომი. ომი, რომელიც ამჟამად უკრაინაში მძვინვარებს მთელი თავისი სისასტიკით და ნთქავს, ანადგურებს ყველაფერს, სპობს ადამიანებს, აობლებს ბავშვებს, დაუნდობლად ძალადობს მათზე… ახლაც თითქოს ისმის სროლის ხმა, ხან სუსტად, ხანაც მძიმედ, აფეთქებებიცაა… ამ ხმას აქამდე არ ვაქცევდი ყურადღებას… დიდი ხანია ჩამესმის, ღამით, ჩაძინებულსაც გამღვიძებია და მსმენია ხმა საომარი ტექნიკისა და ბუნებრივი იქნება თუ ვაღიარებ, შემშინებია… ახლაც მაშინებს, მაშფოთებს, რა იქნება ხვალ? დიახ, ომი ჩემს ყურს უკანაა…

მე მაშინ დავიბადე, როცა ქართული მიწა ომის ჭრილობებს იშუშებდა … ხშირად მესმის ჩემი ახლობელი უფროსებისგან, რომ ის, რაც დღეს უკრაინაშია, მათაც გამოიარეს, მათაც ბომბავდნენ, მათაც ხოცავდნენ, მათაც ლტოლვილებად აიძულებდნენ წასვლას, ყვებიან, როგორ გარბოდნენ, როგორ ემალებოდნენ რუსულ მოიერიშე თვითმფრინავებს სარდაფებში, როგორ დატოვეს ცრემლითა და გოდებით მუხლჩაუხრელი შრომით შეძენილი ქონება, როგორ ეთხოვებოდნენ მშობლიურ კერას, რადგან ეგონათ, რომ ვერასოდეს ვერ დაბრუნდებოდნენ, აგრესორი დაიპყრობდა და ნაცარტუტად აქცევდა ყველასა და ყველაფერს…

დედა ამბობს, რომ ამ მომენტში მარტო ჩემზე ფიქრობდა თურმე. ყვება, ღამით როგორ დარბოდნენ ბაღებში, რადგან მოსაზღვრე სოფლებიდან თავდასხმების და „მოროდიორობის“ სრულიად რეალური საფრთხე არსებობდა… მე ჯერაც არ ვყოფილვარ მოვლენილი ქვეყანას…

ახლაც თვალწინ მიდგას პატარა უკრაინელი ბიჭი, ომის საშინელ სიმბოლოდ ქცეული, გულშიჩამწვდომი ტირილით, თითქმის მშიერი, მშობლებს რომ დაეძებს გამალებით. ვინაა პასუხისმგებელი ამაზე? ამ ბავშვს და მისნაირ მილიონობით მოზარდს სრული უფლება აქვს იცხოვროს, ისწავლოს, სრულფასოვან მოქალაქედ იგრძნოს თავი, მშობლიურ მიწა-წყალზე იტანტალოს, ილაღოს, იცელქოს, მშობლების კალთაში მყუდროდ დადოს თავი. ახლა კი სრული კონტრასტია, რა ხდება დღეს? ილახება ბავშვთა უფლებები, ფეხქვეშ ითელება მათი ღირსება, ისინი მენტალურ, ფიზიკურ ძალადობასა და ტანჯვას განიცდიან. მათი ნაღვლიანი თვალები ბევრს ამბობენ, ვხედავ მიმოფანტულ სათამაშოებს, ცალ-ცალ ფეხსაცმელს, დანგრეულ ველოსიპედებს, მოწყენილობისაგან მიძინებულ სტადიონებს და სულით ხორცამდე მზარავს ეს განუკითხაობა…. როდემდე? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს?…

ვიცი, რა ბარბაროსულ პირობებში უხდებოდათ არსებობა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმსმელი, მონსტრი ფაშისტური რეჟიმის ქვეშ ებრალებს. გავიდა მას მერე რამდენიმე ათეული წელი, მსოფლიო თავისი განვითარების ალბათ ზენიტში მყოფია და რა ხდება უკრაინაში, პალესტინაში, ლიბანში? არის რამე განსხვავება, არის რამე კომპრომისი? არა, ადამიანებო, არა! თქვენ, უფროს ადამიანებს, არ გევალებათ შეაჩეროთ ეს აგრესია? არ გეფიქრებათ დაიცვათ ბავშვები სიცოცხლის მოსპობისგან? ნუ შფოთავთ მარტო, ეს ზღვაში წვეთია! მეტი გევალებათ, მეტი მოგეთხოვებათ! მეტი გეკისრებათ! თუ მარტო სადღაც ევროპის ან ამერიკის კონტინეტზე თბილ კაბინეტებში მოკალათებულნი ჯიუტად იმეორებთ მოხუცი პეტრეს სიტყვებს: „მე რა შუაში ვარ“… დიახაც, რომ ხართ, ყველანი ხართ პასუხისმგებელნი, რომ ომი შეჩერდეს, რათა მილიონობით პატარა თბილ ოჯახში მშვიდად იძინებდეს, სკოლაში გახარებული მიდიოდეს, სწავლობდეს და თავს დაცულად გრძნობდეს და არა ამდენი ლტოლვილი იყოს, ამდენი ოჯახი ინგრეოდეს, სამუდამო დაღი დაესვათ ბავშვებს ფსიქიკას, ფერადი და ლაღი ბავშვობა გაუფერმკთალდეთ და გაუნაცრისფერადეთ…

უმორჩილესად გთხოვთ, შეწყვიტეთ ომი! შეწყვიტეთ სროლა! შეწყვიტეთ სადღაც ჩემგან მარჯვნივაც ამ სამხედრო ტექნიკის მანევრირება! უკვე მერამდენე თვეა უკრაინაში იღვრება უდანაშაულო ადამიანების სისხლი, ყოველწამიერ იღუპებიან ადამიანები და როდემდე? ექნება ამას ოდესმე დასასრული?… ზოგჯერ დგება დრო, რომ როცა ომობანა საყვარელი თამაში აღარ არის, რადგან ის ჩვენს რეალურ ცხოვრებაში იჭრება, ომი არც მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გატაცებით ყურებაა მაშინ, როცა მავანი თავის თბილ სახლში ზის… ამ დროს ჩვენ რაღაც ისეთს განვიცდით, რასაც საშიში ზღაპრის მოსმენისას ბებიისა და ბაბუის კალთაში უდარდელად მოკალათებული. ომი უკვე რეალურ ამბად იქცევა და ჩვენს ბაზისურ რწმენას უტევს. უტევს იმას, რომ სამყარო მშვიდი და სამართლიანია, რომ სხვა ადამიანების ნდობა შეიძლება და რომ სიკეთე ყველაში და ყველგანაა, უსაფრთხოების განცდა ადამიანის საჭიროებაა და ომი კი ამ საყრდენს გვაცლის, ჩვენ საშიშროებას უფროსების თავლით ვუყურებთ, მაგრამ მათზე მეტი უსაზღვრო ფანტაზია გვაქვს, მაგრამ არ შეგვიძლია თავის დაცვა…

თქვენ, უფროსები, თქვენს შიშებს ინფორმაციის სწრაფი და უწყვეტი ნაკადის მიღებით უკუაგდებთ, მერე განიხილავთ, ემოციებს გამოხატავთ, ამ დროს ჩვენ გვაქვს უამრავი კითხვა და არ გვპასუხობთ, გაურკვევლობის განცდა გვეუფლება… არ ღირს ზღაპრების მოყოლა, არარეალისტური სურათების დახატვა, რადგან ეს ორაზროვნება და ბუნდოვანება უფრო შემაშინებელია, ვხედავთ, რომ თქვენი დღის რუტინა შეცვლილია, მთლიანად ამ ამბით ხართ მოცულნი, მეორე მხრივ კი გვეუბნებით, არაფერია საშიშიო, არც ჩვენი სრულ იზოლაციაში მოხვედრაა გამართლებული, ან საკუთარ სივრცეში გამოკეტვა, რადგან გვესმის თქვენი კომენტარები, მოდის ტალღასავით ინფორმაციები ინტერნეტიდან. მოდის ტყუილები და მართალები. ომი კი უნდა დასრულდეს! მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ბავშვი სანგრებში არ უნდა კვდებოდეს, ცაში თვითმფრინავის გამოჩენის არ უნდა ეშინოდეს, მასზე არ უნდა ძალადობდეს, ტყვედ არ უნდა ვარდებოდეს, ჩვენ გვაქვს მშვიდობიან გარემოში ცხოვრების უფლება და ნუ წაგვართმევთ მას ნურავინ.. კი, ბატონო, გავუწოდოთ დახმარების ხელი ათასობით ლტოლვილ ბავშვს, სკოლის მერხიც ვუწილადოთ, ტაშის კვრითაც მივეგებოთ ჩვენს სკოლაში შემობიჯებულებს, მაგრამ უპირველესად, ერთად ვიზრუნოთ, რომ ყველამ თავის ენაზე მიიღოს განათლება, ყველა თავისი მშობლის გვერდით, საკუთარ მიდამოში იზრდებოდეს და ჰქონდეს ცხრათვალა, მშვიდობიანი მზე!“

ასევე იხილეთ:

„რადგან სკოლაში არ ასწავლიან, ბავშვი ვერ გაარჩევს რა სახის თავდასხმაა და თავდაცვა ხომ უნდა შეეძლოს?!“ – მოსწავლეების მამა სკოლებში სამოქალაქო თავდაცვის საგნის შემოღებაზე

მარნეულელი მოსწავლე: „უნდა მივაღწიოთ, რომ ჩვენი შვილების თაობა მაინც იყოს უფრო განვითარებული“

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში