GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი კომენდანტების 45-ე კონფერენციას დაესწრო

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში გამართულ კომენდანტების 45-ე კონფერენციაში.

აკადემიის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების ხელმძღვანელი პირებისთვის აღნიშნული კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს მხარეებს შორის საუკეთესო პრაქტიკისა და ცოდნის გაცვლას, რათა უმაღლესმა სამხედრო სასწავლებლებმა შეძლონ თანამედროვე გამოწვევებასა და საფრთხეებთან გამკლავება.

რიგით 45-ე კონფერენციის მთავარ თემას “ალიანსისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სამხედრო ადაპტაცია“ წარმოადგენდა. 3 დღის განმავლობაში ძირითადი აქცენტები, თანამედროვე შეიარაღებულ ძალებში, სტრატეგიული კომუნიკაციების, სოციალური მედიისა და გენდერის როლებზე გაკეთდა. ასევე განხილულ იქნა ჰიბრიდული ომების, კიბერუსაფრთხოებისა და მსოფლიოში მიმდინარე გამოწვევებთან ნატო-ს სასწავლო კურიკულუმების ადაპტაციის საკითხები.

კონფერენციის ფარგლებში, ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ნორვეგიის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების ხელმძღვანელმა პირებმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა და კონტრადმირალმა ლუის დედიხენმა მოაწერეს.
მემორანდუმის თანახმად ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ნორვეგიის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯს შორის დაგეგმილია სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური