კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ნიაგარას კოლეჯის (კანადა) დელეგაცია ესტუმრა
23 აპრილს ნიაგარას კოლეჯის პრეზიდენტი შონ კენედი და ვიცეპრეზიდენტი გორდ არბო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, რექტორი კახაბერ კორძაია, ვიცერექტორი თამარ ინასარიძე, კანცლერის მრჩეველი მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში ზვიად გაბისონია, სამართლის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ხატიძე, „შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ნანა პარინოსი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ ლაღიძე და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ნიაგარას კოლეჯს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, განსაკუთრებით, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით.
სტუმრები გაეცნენ ქართული ღვინის რვაათასწლოვან ისტორიას, ამ კუთხით არსებულ მდიდარ გამოცდილებასა და უნივერსიტეტის საქმიანობას აღნიშნული უნიკალური კულტურის შენარჩუნების საკითხში.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით თანამშრომლობაზე და CIU-ს ახალი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მათ ჩართულობაზე კვლევითი მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ მევენახეობა-მეღვინეობის სადოქტორო პროგრამას, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, პირველად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ნერგავს, პროგრამა კი უცხოელ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობითა და მრავალფეროვანი პრაქტიკული კომპონენტით იქნება დატვირთული.
შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტის (USACA)“ საქმიანობა და ამ მიმართულებით განხორციელებული პროექტები.
დასასრულს მხარეებმა საჩუქრები გაცვალეს, რის შემდეგაც, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
კანადური დელეგაციის ვიზიტი მოგვიანებით გაგრძელდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კორპუსში, სადაც ისინი ფაკულტეტის დეკანს ოლანი გოცირიძეს, დეკანის მოადგილეს სამეცნიერო მიმართულებით დავით მაღრაძესა და ფაკულტეტის ადმინისტრაციულ/აკადემიურ პერსონალს შეხვდნენ.
სტუმრებმა მოინახულეს ფაკულტეტის ბაზაზე არსებული ლაბორატორიები და უნიკალური მარანი. ასევე, მონაწილეობა მიიღეს ქართული ჩურჩხელის ამოვლების ტრადიციულ პროცესში, დღე კი საზეიმო ვახშმით დასრულდა.
24 აპრილს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტს ნიაგარას კოლეჯის 30-მდე სტუდენტი ესტუმრა. კანადელ სტუმრებს ფაკულტეტის წარმომადგენლებმა ქართული ვაზისა და ღვინის თემატიკაზე ჩაუტარეს თეორიული და პრაქტიკული კურსი, რომელიც შემდეგი სახის თემატიკას მოიცავდა: „საქართველოს მევენახეობის ისტორია“ – ტრენერი შენგელი კიკილაშვილი, „ქართული ღვინის მრავალფეროვნება“ – ტრენერი გიორგი სამანიშვილი, „ქვევრის ღვინო და დეგუსტაცია“ – ტრენერი საბა ქიტიაშვილი.
კურსის დასასრულს თითოეულ მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.
- CIU-ს წარმომადგენლები საერთაშორისო ფორუმზე – „ინოვაციების სამიტი – ინოვაციების გაძლიერება გლობალური მასშტაბით“ by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- მოსწავლეების ვიზიტი CIU-ში პროექტის – „მედიაწიგნიერება და მედიის როლი საზოგადოების ინფორმირებაში“ – ფარგლებში by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „დაიცავი ჩემი უფლებები!” – CIU-ში შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი