GE

კავკასიის უნივერსიტეტის უდიპლომო კურსდამთავრებულები

ფოტო –
CU FB

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ჩივილით მოგვმართეს – კურსდამთავრებულები დიპლომების აღებას ვერ ახერხებენ, რადგან მათ ინგლისური ენის საერთაშორისო კურსების სერტიფიკატებს სთხოვენ.

სტუდენტები ამბობენ, რომ ეს მოთხოვნა უსამართლოა, რადგან ადმინისტრაციას იგი წინასწარ, ჩაბარებამდე არ გამოუცხადებია და თავად უნვერსიტეტი ინგლისურ ენაში ვერ იძლევა საიმისო ცოდნას, რომ ძვირადღირებული გამოცდა დაძლიონ.

მათი თქმით, დამატებით საკმაოდ სოლუდური თანხების გადახდა უწევთ იმისათვის, რომ დიპლომი მიიღონ. ეჭვობენ, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას გარკვეული დაინტერესება ამოძრავებს და ჯოხი კი მათზე ტყდება. ამ ყველაფერზე კი ისინი ადმინისტრაციისაგან პასუხად იღებენ, რომ თუ უნივერსიტეტის მოთხოვნებს ვერ „უძლებენ“,  შეუძლიათ „სხვაგან წავიდნენ“.

როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, ეს პრობლემა არაერთ სტუდენტს აწუხებს, თუმცა, საჯაროდ საუბრისაგან თავს იკავებენ. შიშობენ, რომ თუკი უკმაყოფილებას სახალხოდ გამოხატავენ, ამის გამო დაისჯებიან და დიპლომის აღება კიდევ უფრო გაურთულდებათ.

ჩვენთან საუბარს მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი დათანხმდა, თუმცა იმ პირობით, რომ მის სახელსა და გვარს არ გავამხელდით. პირობითად მას ნინოს დავარქმევთ.

-ნინო: ტურიზმის ფაკულტეტზე ვსწავლობ. პირველი კურსის ბოლოს რექტორმა მოგვწერა, რომ ვინც  სწავლის დასრულებამდე ბრიტანეთის საბჭოში IELTS-ს ან TOEFL-ს  გამოცდებს  არ ჩააბარებდა, დიპლომს ვერ აიღებდა.

მაშინ ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ვიცოდით, რომ ჩაბარება მოგვიწევდა, მაგრამ ასე თუ გაპრობლემდებოდა და სადიპლომოს დაცვის საშუალებასაც არ მოგვცემდნენ, არ მეგონა. ვფიქრობდი, რომ ამ გამოცდას უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ჩავაბარებდი.

მესამე-მეოთხე კურსზე უკვე აქტიურად გვწერდნენ, რომ ვინც სერტიფიკატებს არ აიღებდა, ვერც სადიპლომო ნაშრომის დაცვაზე გავიდოდა და ნიშნებთანაც არ ექნებოდა წვდომა. სხვა ფაკულტეტებზე სხვა რაღაცების შეზღუდვით ემუქრებოდნენ.

-გამოდის, რომ უნივერსიტეტმა ეს პირობა თქვენთან ხელშეკრულების დადების შემდეგ წამოაყენა?

-ნინო: დიახ. ჩვენთან ყოველ სემესტრში ახალი ხელშეკრულება იდება. ამ უნივერსიტეტის კურდამთავრებულებისგან ვიცი, რომ წინა წლებში ხელშეკრულებას ბავშვებს სახლებში ატანდნენ, რათა მასზე ხელი მშობლებს მოეწერათ. ჩვენ კი თავად გვაწერინებდნენ. ესეც არასწორია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც სრულწლოვანები ვართ, გადასახადს მშობლები იხდიან და წესით, ჩემი კი არა მშობლების ხელმოწერაა საჭირო.

სტუდენტების ხელმოწერას ძალა ვერ ექნება, რადგან ჩვენ გადახდისუნარიანი არ ვართ, არანაირი შემოსავალი არ გვაქვს. არადა, თუ ხელშეკრულებაზე ხელს არ მოვაწერდით, გვეუბნებოდნენ, რომ ნიშნებისა და ფინალური ქულების ბაზასთან წვდომა არ გვექნებოდა. ანუ, ფაქტიურად გვაიძულებდნენ, რომ მასზე ხელი მოგვეწერა. მეორე ეგზემპლარს სახლშიც არ გვატანდნენ.

-რა მოხდება თუ გამოცდას არ ჩააბარებთ?

-ნინო: ჩემ ჯგუფში 15 ბავშვი ვიყავით, IELTS-ის გამოცდაზე ყველა გავედით.  12-მა  ჩააბარა, სამს  კი 0,5 ქულა დაგვაკლდა. გამოდიოდა, რომ სადიპლომოს დაცვაზე არ გვიშვებდნენ, რაც 10 კრედიტიანია და 240 კრედიტს ვერ ვაგროვებდით.

რექტორს ჯერ წერილი მივწერეთ, შემდეგ კი შევხვდით. ვთხოვეთ, რომ სადიპლომოს დაცვაზე ის ბავშვებიც გავეშვით, ვისაც გამოცდაზე 0,5 ქულა დაგვაკლდა. თავიდან უარზე იყო – გამონაკლისს თუ დავუშვებ ყველაზე უნდა დავუშვაო, მაგრამ ბოლოს დაგვთანხმდა და ჩვენ, სამ სტუდეტს საშუალება მოგვცა სადიპლომო ნაშრომის დაცვაზე გავიდეთ. თუმცა, ეს ბევრს არაფერს ცვლის, რადგან თუკი 8 ოქტომბრამდე, ანუ დიპლომების გადაცემამდე სერტიფიკატები არ ავიღეთ, დიპლომს მაინც არ მოგვცემენ.

-როდის მოგიწევთ შემდგომ დიპლომის აღება?

-ნინო: ერთი წლის შემდეგ, გამოდის, რომ იქით წელს უნდა დაველოდოთ და ერთი წელი უნდა გაგვიცდეს. ამის გამო მაგისტრატურაშიც ვეღარ ჩავაბარებთ.

-გამოცდის ჩაბარება თანხებთანაა დაკავშირებული?

-ნინო: რა თქმა უნდა. თავად გამოცდაზე გასვლა 361 ლარი ღირს. ეს ჩვენთვის პრობლემა იყო. გარდა ამისა, ამ გამოცდაზე ისე ვერ გახვალ და სერტიფიკატს ვერ აიღებ, თუკი წინასწარ საფუძვლიანად არ მოემზადე. თავად ბრიტანეთის საბჭოში მომზადება ძალიან ძვირი ღირს, ამიტომ იქ ვერ დავდიოდით, ცალკე მასწავლებლები ვნახეთ და ზოგი თვეში 200 ლარს იხდიდა, ზოგიც – 300-ს. რამდენიმეთვიანი გადასახადი და ამას დამატებული გამოცდის საფასური, საკმაოდ სოლიდურ თანხამდე ადის.

ამას რომ რექტორს ვეუბნებოდით, გვპასუხობდა, რომ შეგვეძლო უფასო ონლაინ-კურსებით მოვმზადებულიყავით, მაგრამ ონლაინ-კურსი ისეთ ცოდნას ადამიანს ვერასდროს მისცემს, რომ ასეთი დონის გამოცდა ჩააბაროს. ონლაინ-კურსით მომზადებული გამოცდაზე აუცილებლად ჩაიჭრება და გამოდის, რომ გამოცდის საფასურსაც ტყუილად გადაიხდის.

-კონკრეტულად IELTS-ის ან TOEFL-ის სერტიფიკატს რატომ ითხოვს უნივერსიტეტი? ალტერნატივის სახით შიდა გამოცდას არ გთავაზობდათ?

-ნინო: არა. ამაზე ადმინისტრაციაში გვეუბდებოდნენ, რომ IELTS-ისა და TOEFL-ის სერტიფიკატი საერთაშორისოა და ის დამადასტურებელი იქნება იმისა, რომ უნივერსიტეტი ბავშვებს მაღალი დონის ცოდნას აძლევს, მათ შორის ინგლისურშიც.

რეალურად კი, ამ ცოდნას უნივერსიტეტი კი არ გვაძლევს, არამედ გვაიძულებს დამატებითი თანხები გადავიხადოთ და მოვემზადოთ, რათა ეს ძვირადღირებული სერტიფიკატები ავიღოთ. თუკი უნივერსიტეტს ჩვენთვის ცოდნის მოცემა მართლაც უნდოდა, ცოდნის მოცემაზე თავად უნდა ეზრუნა.

-ინგლისური უნივერსიტეტში ისწალებოდა?

-ნინო: პირველ და მეორე კურსზე ისწავლება, მესამე-მეოთხე კურსზე აღარ. პირველ ორ კურსზეც ამის სწავლა ძალიან ზოგადია.

-ანუ, ფაქტობრივად იმის ცოდნას გთხვდნენ, რასაც თავად არ გასწავლიდნენ?

-ნინო: ასეა. IELTS-ისა და TOEFL-ის გამოცდა ისეთი დონისაა, რომ უნივერსიტეტში ინგლისური 4 წელიც რომ ესწავლებინათ, მაინც არ გვეყოფოდა. დამატებითი მომზადება მაინც დაგვჭირდებოდა.

-ანუ, ახლა მოგიწევთ გამოცდაზე ხელახლა გახვიდეთ და მისი საფასურიც ხელახლა გადაიხადოთ?

-ნინო: დიახ. გარდა მაგისა, წინასწარ რამდენმე თვეც უნდა მოვემზადო და ესეც ცალკე ხარჯია. თანაც, გამოცდაზე სექტემბერში უნდა გავიდე, რათა დიპლომების გადაცემამდე მოვასწრო. არადა, სექტემბრამდე ვერ მოვასწრებ ცოდნა ისე ავიმაღლო, რომ შედეგი გავაუმჯებესო. ამისთვის უფრო მეტი დრო მჭირდება.

-უნივერსიტეტში ჩაბარებამდე იცოდით, რომ მას ეს მოთხოვნა ჰქონდა და დიპლომის ასაღებად ამ სერტიფიკატის აღება დაგჭირდებოდათ?

-ნინო: არა, არაფერი ვიცოდით. ეს მოთხოვნა არსად ეწერა, რაც უსამართლობაა. ზოგიერთი უნივერსიტეტი წინასწარვე ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნას ითხოვს. კავკასიის უნივერსიტეტსაც უნდა გამოაცხადებინა ეს და მერე ჩვენ გადავწყვეტდით, გვინდოდა იქ ჩაბარება და გვაწყობდა ეს პირობები, თუ არა.

ვერ ვიგებ, რატომ მავალდებულებს უნვერსიტეტი, რომ ზედმეტი თანხა დავხაჯრო ამ სერტიფიკატისთვის და ამის გარეშე დიპლომი რატომ არ უნდა მომცეს? მე ყველა საგანი ჩაბარებული მაქვს, გადასარევი მოსწრება და ქულები მაქვს, ამ ოთხ წელში 16 ათასი ლარი  გადავიხადე. დიპლომის დასამსახურებლად დამატებითი ხარჯები და  გარე გამოცდები რატომ უნდა მჭირდებოდეს?

თანაც, ამ სერტიფიკატს ორ წლიანი ვადა აქვს. მას ძირითადად ისინი იღებენ, ვინც უცხოეთში წასვლას აპირებს. აქ მას ნაკლებად ითხოვენ. მე შემდეგი ორი წლის განავლობაში ნამდვილად არ ვაპირებ სადმე წასვლას და გამოდის, რომ ეს ხარჯი ტყუილად უნდა გავიღო და მომავალში, როცა წასვლას გადავწყვეტ, ხელახლა ჩავაბარო.

არ მიმაჩნია, რომ ეს დავალდებულება სწორია.  თუკი რექტორი იმაზე ზრუნავს, რომ მის სტუდენტებს მაღალი დონის სერტიფიკატები ჰქონდეთ, მაშინ თავად მისცეს ეს ცოდნა და მოამზადოს. სერტიფიკატი რომც ავიღო, ეს ამ უნივერსიტეტის დამსახურება არანაირად არ იქნება. ამაში მე დამატებითი თანხა მექნება გადახდილი და დამატებით მასწავლებლებთან უნდა მოვემზადო.

EDU.ARIS.GE თემას აუცილებლად გააგრძელებს და კავკასიის უნივერსიტეტსაც დაუთმობს დროს საკუთარი არგუმენტების წარმოსადგენად.

თუმცა, საგულისხმოა კიდევ ერთი გარემოება:

EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით (რომელიც გამყარებულია შესაბამისი დოკუმენტებით), აღნიშნულ საკითხზე, სტუდენტების მოთხოვნის შემდეგ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა წერილით მიმართა კავკასიის უნივერსიტეტს საკითხის გარკვევის მიზნით, თუმცა უნივერსიტეტი საპასუხო წერილში უარყოფს, რომ სტუდენტებისთვის ასეთი რეგულაცია აქვს დაწესებული.

აქვე, წერილში ნათქვამია, რომ უნივერსიტეტს აქვს „სტუდენტის სტატუსის შესახებ დებულების“ პუნქტი 8.11 სადაც აღნიშნულია, რომ „იგი ითვალისწინებს გაცვლით პროგრამებში სტუდენტის მონაწილეობის შესაძლებლობებს და ამ მიზნებისთვის სტუდენტის მიერ, უცხო ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენის აუცილებლობას.“ თუმცა განმარტებაში არ არის ნახსენები ის ფაქტი, რომ გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის სავალდებულო არ არის. სტუდენტები კი ჩვენთან საუბარში ადასტურებენ, რომ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის სურვილი მათ არ ჰქონიათ.

P.S. ამ საკითხს გასულ წელს კავკასიის უნივერსიტეტის მედიასკოლის სტუდენტიც შეეხო. სტატიაში, სადაც უნვერსიტეტების გამოსაშვებ საღამოებზეა საუბარი, ერთ–ერთი სტუდენტი ამბობს, რომ წვეულების მოწყობის გარდა, სტუდენტს აქ თანხა გამოცდის ჩასაბარებლადაც სჭირდება. კერძოდ, 2013 წელს, მის სასწავლებელში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც IELTS-ის (აიელთიეს) ან TOEFl-ის (ტოეფელი) გამოცდის ჩაბარების გარეშე, სტუდენტები დიპლომს ვერ იღებენ: ,,მე ჯერ აიელთიესის გამოცდა არ ჩამიბარებია წელს ვერ მივდივარ წვეულებაზე, ანუ სერტიფიკატს თუ არ მივიტანთ დიპლომს არ გვაძლევენ. გამოცდაზე გასვლა კი 328 ლარი ღირს’’, – ამბობს მარიამი.

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური