GE

კსუ-ში TEMPUS -ის პროექტის კოორდინატორთან შეხვედრა გაიმართა

2015 წლის 21 აგვისტოს TEMPUS -ის პროექტის – „კომპეტენციათა ცენტრების ქსელი საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისთვის“ – ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს პროექტის კოორდინატორი ვიაჩესლავ ნიკიტინი (პადერბორნის უნივერსიტეტი, გერმანია) და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო უნივერსიტეტის პროფესორი რომან მამულაძე (საქართველოს კოორდინატორი) ესტუმრნენ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, ვიზიტისას სტუმრები კსუ-ს რექტორს, საპროექტო ჯგუფის წევრებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა სამომავლო გეგმები, ტურისტული ბაზრის პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები და უკრაინის ქალაქ ხერსონში 5-13 სექტემბერს დაგეგმილი საზაფხულო სკოლის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

კსუ-ის წარმომადგენლებმა სტუმრებს უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ტურიზმის განვითარების რეგიონული ცენტრის მუშაობა გააცნეს და მის ფარგლებში უკვე ჩატარებული ტრენინგისა და დაგეგმილი მრგვალი მაგიდის შესახებ ესაუბრნენ. ვიაჩესლავ ნიკიტინმა კსუ-ს გუნდის მუშაობა დადებითად შეაფასა და ტურიზმის განვითარების საქმეში მის მნიშვნელობაზე, ასევე პროექტის ჩარჩოში სამაგისტრო პროგრამების შემუშავებაზეც ისაუბრა.

შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა კსუ-ს ინფრასტრუქტურა და უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ქართული მარანი დაათვალიერეს. TEMPUS -ის პროექტში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გარდა, საქართველოდან – სამი, ევროპიდან კი თხუთმეტი უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური