GE

ქართულ ენას ახალი წლიდან კანონი დაიცავს – როგორი იქნება სანქციები კანონდამრღვევთათვის

საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ „სახელმწიფო ენის შესახებ კანონი“ ცოტა ხნის წინ მიიღო. კანონმდებლების მოლოდინი ერთია, ამ კანონით განისაზღვრება სახელმწიფო ენის სტატუსი, ენა იქნება მეტად დაცული, მისი გამოყენების სფეროები კი დაზუსტებული. კანონის ძირითადი მუხლების ამოქმედებამდე კიდევ სამი თვეა დარჩენილი. ენის დაცვისთვის განკუთვნილი ბერკეტი კი კანონის თანახმად შემდეგშია: მომდევნო წლიდან, დაგეგმილია სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნა, რომლის უშუალო რეგულირების სფერო ენის ნორმების დაცვა და ენის გამდიდრება იქნება. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი – “საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა. იგი არის სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვისა და პოპულარიზაციის, ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და სპეციალურ ტერმინთა დადგენისა და დამკვიდრების უზრუნველმყოფი და სახელმწიფო ენის ერთიანი პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანო”,- ვკითხულობთ კანონში.

5d68cf23e31133ec08da09556f5ac6f5_25766კიდევ რა ფუნქციები ექნება სახელმწიფო ენის დეპარტამენტს, როგორ მოხდება კანონის აღსრულება და რა ტიპის სანქციები დაწესდება შესაბამისი მუხლების დარღვევისთვის, Aris.ge-განათლების კითხვებს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და კანონპროექტის ინიციატორი, ივანე კიღურაძე პასუხობს:

– ბატონო ივანე, დიდი ხანი არ არის რაც პარლამენტმა „სახელმწიფო ენის შესახებ კანონი“ მიიღო, რომელიც მომდევნო წლიდან ამოქმედდება. რატომ დადგა დღის წესრიგში ამ კანონის მიღების აუცილებლობა?

– დავიწყოთ იქიდან, რომ ყველა ჩვენს უახლოეს მეზობელს და ბევრ ევროპულ ქვეყანას ეს კანონი უკვე მიღებული აქვს. მათ შორისაა, საფრანგეთი. ევროპის ეს დიდი ქვეყანაც კი ზრუნავს ამ საკითხზე, სახელმწიფო ენის დაცვის პრობლემაზე. მათთვის კანონის მიღების მიზნები იყო: ფრანგული ენის გამდიდრება, მისი გამოყენების სავალდებულობა, ფრანგულის როგორც სახელმწიფო ენის დაცვა. ზუსტად ასეთივე მიზანი აქვს საქართველოში „სახელმწიფო ენის შესახებ კანონის“ მიღებას. 1978 წელს, როცა იდგა საკითხი, საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკებისთვის წაერთმიათ ენა, როგორც სახელმწიფო ენა და ეს მუხლი კონსტიტუციიდან ამოეღოთ, ჩვენ მაშინ პირველებმა ამოვიღეთ ხმა და გამოვთქვით პროტესტი. ამით კი ფაქტობრივად მოკავშირე ქვეყნები გადავარჩინეთ. აქედან გამომდინარე, საქართველო უნდა ყოფილიყო პირველი, სადაც „სახელმწიფო ენის შესახებ კანონს“ მიიღებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. მხოლოდ 2002 წელს იქნა ინიცირებული პარლამენტში, თუმცა მაშინაც ჩავარდა და მხოლოდ ახლა მოხდა ცნობილი ქართველ მეცნიერთა ამ საკანონმდებლო წინადადებისთვის კანონის სახის მიცემა და შემდეგ უკვე პარლამენტმა მიიღო კანონი.

– რომელია ის მთავარი მუხლები და ასპექტები, რის გამოც ეს კანონი მნიშნელოვანია?

– ყველა მუხლი მთავარია. იქ განსაზღვრულია ენის სტატუსი და დაზუსტებულია მისი გამოყენების სფეროები. ნათქვამია, რომ სახელმწიფო ენა არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის აუცლებელი პირობა, რომ უნდა ისწავლებოდეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სახელმწიფო ვალდებულია, მშობლიურ ენაზე მისცეს განათლება მის მაცხოვრებელს და ა.შ.

– ბატონო ივანე, კანონში არსადაა ნათქვამი იმ სანქციების შესახებ, რომელიც ამ კანონის დარღვევისთვის გატარდება, ეს მიზანმიმართული ნაბიჯი იყო? თავდაპირველად კანონის პროექტში სანქციების დროს შესაბამის ფულად ჯარიმებზე იყო საუბარი, ზოგიერთ შემთხვევაში კი ფულადი ჯარიმა 1000 ლარითაც განისაზღვრებოდა..

– კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში სანქციების შესახებ იყო ნახსენები, თუმცა კანონის საბოლოო ვარიანტში სადამსჯელო მუხლები შეგნებულად არ შევიტანეთ. მომდევნო წელს უნდა შეიქმნას სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. ეს იქნება ქართული ენის ჭირისუფალი. მის გამდიდრებასა და დაცვაზე მზრუნველი. ჩვენი არსებითი განსხვავება სხვა კანონებთან მიმართებით იქნება ის, რომ ამ დეპარტამენტს არ ექნება საპოლიციო ფუნქციები. ბევრი ვიფიქრეთ ამაზე და ბოლოს იმ დასკვნამდე მივედით, რომ თუკი ჩვენ ამ დეპარტამენტს საპოლიციო ფუნქციებს მივანიჭებდით, კარგი არაფერი გამოვიდოდა. ფულადი ჯარიმების გადახდაზე გაცილებით მნიშვნელოვანია ზნეობრივი გარემოს შექმნა ენის დასაცავად. მთავარია შეიცვალოს ენისადმი დამოკიდებულება. ამას ვერ მივაღწევთ ძალადობით. ეს შემოქმედებითი შრომით უნდა მიიღწეს.

– ანუ ფულადი ჯარიმები აღარ იქნება? მაშ რა ჩაანაცვლებს მათ? თუკი აღნიშნული დეპარტამენტი გადაწყვეტს, რომ რბილმა მიდგომებმა არ გაამართლა და საჭიროდ ჩათვლის ფულადი ჯარიმების/სანქციების ამოქმედებას, ის თავისუფალი იქნება ამ გადაწყვეტილებაში? თუ ამისთვის კანონში შესაბამისი მუხლის შემოღების აუცილებლობა დადგება დღის წესრიგში?

– სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, რა თქმა უნდა, ამგვარ გადაწყვეტილებაში თავისუფალი ვერ იქნება, ეგ როგორ შეიძლება ამას კანონი არეგულირებს. ეს კანონით უნდა იყოს გაწერილი. ასეთ გადაწყვეტილებას თვითონ ვერ მიიღებს. შემდეგ თუ ვინმე ჩათვლის რომ ეს რბილი მიდგომები არაეფექტურია, მას შეუძლია დასვას საკითხი კანონში ცვილების შეტანის შესახებ.

– რადგან ენობრივი ნორმების დარღვევისთვის სანქციებს კანონი არ ითვალისწინებს, მაშინ როგორ ფიქრობთ რა ბერკეტი უნდა ჰქონდეს კანონის აღსასრულებლად „სახელმწიფო ენის დეპარტამენტს“?

– ეს იოლი არ იქნება. ძალიან ენთუზიასტები უნდა იყვნენ და განუწყვეტლივ ზრუნავდნენ ენობრივი ნორმების დამრღვევებს მიმართონ ან საჯარო განცხადებები გააკეთონ. სახელმწიფო ენის დეპარტამენტს ექნება უფლება საჯარო მოხელე, თუ ის საჯარო გამოსვლებში შეცდომას დაუშვებს, გააფრთხილოს. იქნებ პიროვნებისთვის საჯარო გაფრთხილება უფრო შედეგიანი აღმოჩნდეს, ვიდრე დაჯარიმება. ამის გარდა მრავალი მეთოდის მოფიქრება შეიძლება, ისეთის, რომელიც უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე დაჯარიმება. დაჯარიმებით შეიძლება ადამიანი გაღიზიანდეს და უკურეაქცია გამოიწვიოს.

– რა იქნება შემდგომი ნაბიჯები, რა ღონისძიებები გატარდება ენისადმი დამოკიდებულების შესაცვლელად?

– გასული საუკუნის 20-იან წლებში, მაშინ როცა დამოუკიდებლობა დავკარგეთ, როგორი დამოკიდებულება იყო ქართული ენისადმი? შემოდიოდა ახალი ტერმინები, თუმცა ეს არავის დაჯარიმების ფონზე არ ხდებოდა. მაშინ ენაზე ზრუნვა ეროვნულ გადარჩენასთან იყო გათანაბრებული. დღეს, სამწუხაროდ, ისეთი დამოკიდებულებაა, რომ ძალიან პოპულალურია უცხოური ტერმინებით საუბარი. როცა ენას არ გააჩნია რესურსი ქართული ტერმინი შემოიღოს, სწორედ მაშინ შემოდის უცხოური ტერმინები. ენის კანონმა სწორედ ეს დამოკიდებულება უნდა ააღორძინოს. ენა უნდა მდიდრდებოდეს და ვითარდებოდეს. სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა უნდა შეასრულოს ძალიან დიდი სამუშაო. გეტყვით ისეთ რამეს რაც კანონში არ იწერება. ჩვენში უნდა აღორძინდეს ენისადმი, როგორც ღვთაებრივი ფენომენისადმი დამოკიდებულება.

– უფრო კონკრეტულად, როგორ უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი?

– ეს „სახელმწიფო ენის დეპარტამენტის უფლებამოსილებებში“ ძალიან კარგადაა ჩამოყალიბებული. ჩვენ გვაქვს კარგი კანონი, თუმცა ერთია კარგი კანონის ქონა, მეორეა მისი შესრულება. ძალიან ბევრი რამაა ამ დეპარტამენტზე დამოკიდებული. და ასევე, ბევრი რამაა დამოკიდებული თითოეულ ჩვენგანზე. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი არ არის პოლიციური ფუნქციების მქონე ორგანო, იგივე საფრანგეთისგან განსხვავებით, სადაც ტერმინოლოგიის გენერალური კომისია სახელმწიფო მოხელეს, რომელიც ენის ნორმებს დაარღვევს, 750 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება. ჩვენთან კი ასეთი ჯარიმები არ არის ჩადებული. სწორედ ამ დეპარტამენტის უფლებამოსილებაა ეროვნული უმცირესობების მხრიდან გაზრდოს სახელმწიფო ენით დაინტერესება და შეასწავლოს მათ. ეს ძალიან რთული და სერიოზული პრობლემაა და ფაქიზ მიდგომას საჭიროებს. ამაში ძალიან დიდია ამ დეპარტამენტის როლი.

 

 „სახელმწიფო ენის შესახებ კანონში“ ვკითხულობთ: სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებელი პირები:

1. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს საქართველოს კანონმდებლობით ეკისრებათ პერსონალური პასუხისმგებლობა მათდამი დაქვემდებარებულ სფეროში სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის.

2. მომსახურების სფეროს დაწესებულება და ორგანიზაცია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებული არიან, აანაზღაურონ ამ სფეროს შესაბამისი თანამდებობის პირის ან რიგითი მუშაკის მიერ სახელმწიფოსათვის ან ფიზიკური პირისათვის ამ კანონის დარღვევით მიყენებული ზიანი.

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური