GE

რატომ გხდით საზღვარგარეთ სწავლა ან მუშაობა უფრო ჭკვიანს?

კვლევები გვიჩვენებს, რომ სხვა ქვეყანაში მიღებული გამოცდილება უფრო მოქნილს, კრეატიულსა და კომპლექსურად მოაზროვნეს ხდის ადამიანს.

როგორ გცვლით საზღვარგარეთ სწავლა? რა თქმა უნდა, შინ მოგონებებით სავსე ფოტო ალბომითა და სუვენირებით სავსე ჩემოდნებით ბრუნდებით. მაგრამ, გარდა ამისა, კომპლექსურად და შემოქმედებითად აზროვნების უნარიც გემატებათ და შესაძლოა, პროფესიული მხრივ უფრო წარმატებული შედეგიც მიიღოთ.

სწორედ ეს დასკვნები გამოიტანა საზღვარგარეთ სწავლისა და მუშაობის გამოცდილების მიღების შესახებ კვლევებმა. მაგალითად: უილიამ მედაქსის, ორგანიზაციული ქცევის ასოცირებული პროფესორის მიერ ჩატარებულმა კვლევამ INSEAD-ში აჩვენა, რომ იმ სტუდენტების „მულტიკულტურული ჩართულობა“, რომელთაც საერთაშორისო MBA-ს პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა, ამაღლდა და მათი ახალ კულტურებთან ადაპტირების უნარი და შესაბამისად მოქნილობა, გაიზარდა.

მართლაც ასეა. სტუდენტებმა, რომელთაც სხვა კულტურების მიმართ ღია დამოკიდებულება ჩამოუყალიბდათ, უფრო შეიძინეს შესაძლებლობა, ერთმანეთთან დაეკავშირებინათ ერთი შეხედვით განსხვავებული იდეები. ამ სტუდენტების მულტიკულტურული ჩართულობით, პროგრამის დასრულების შემდგომ, მათ მიმართ სამუშაოს შეთავაზებების პროგნოზიც გააკეთა.

მედაქსი წერს: „ადამიანები, რომელთაც საერთაშორისო გამოცდილება აქვთ, ან ერთზე მეტი ეროვნების წარმომავლობის არიან, უკეთ ხსნიან პრობლემებს და მეტად შემოქმედებითები არიან. ასეთი ადამიანები უფრო არიან მიდრეკილნი ახალი ბიზნესის, ახალი პროდუქტის შექმნისაკენ და დაფინანსების მიღებისაკენ.“

Singapore Management University-ის ფსიქოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა ანგელა ლაუნგმა გამოიკვლია საზღვარგარეთ ცხოვრების ფსიქოლოგიური ეფექტები. იგი ამბობს, რომ მრავალკულტურული გამოცდილების მქონე ადამიანებს უფრო შეუძლიათ კრეატიული იდეების მოწოდება და სხვადასხვა ცნებებს შორის მოულოდნელი კავშირების პოვნა.

მედაქსის მსგავსად, ლაუნგიც ამბობს, რომ ასეთი გამოცდილება ადამიანს უფრო ეხმარება გახსნილობასა და თავისუფლებაში. მატებს ტოლერანტულობას, უხსნის ჩაკეტილობასა და კომპლექსებს, აძლევს მეტ გამბედაობას და საკუთარ თავში დარწმუნებაში ეხმარება.

განა, ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყანაში სწავლას ან მუშაობას გადაწყვეტენ, უკვე არ არიან უფრო კომპლექსურად და კრეატიულად მოაზროვნენი? დევიდ ტერიალტი, ფლორიდის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი უშვებს ამ მოსაზრებასაც. მან და მისმა თანაავტორებმა შექმნეს შემოქმედებითი აზროვნების გამოსაცდელი ამოცანები და გამოცადეს სტუდენტთა 3 ჯგუფი: ისინი, ვისაც ჰქონდათ ნასწავლი უცხოეთში; ისინი, ვინც გეგმავდნენ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლას და ისინი, ვისაც არც ჰქონდა ნასწავლი და არც გეგმავდა უცხოეთში განათლების მიღებას. უცხოეთში სწავლის გამოცდილების მქონეთა ჯგუფმა დანარჩენ ორს აჯობა შემოქმედებით აზროვნებაში.

საზღვარგარეთ სწავლა ან მუშაობა უკეთ აზროვნების უნარს გვიყალიბებს – უფრო მოქნილს, კრეატიულს და კომპლექსურს – თუ გვსურს სხვა კულტურასთან ადაპტირება და მისგან ბევრის შესწავლა. როგორც უილიამ მედაქსის ნაშრომის სათაური გვირჩევს: „როცა რომში ხართ… ისწავლეთ, რატომ აკეთებენ რომაელები ყველაფერს, რასაც აკეთებენ.“

გისწავლიათ თუ არა საზღვარგარეთ და შეცვალა თუ არა ამან თქვენი აზროვნების უნარი? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები.

წყარო: time.com

თ.ჟ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური