GE

სად გატარდება რეფორმები – პარლამენტის განათლების კომიტეტის ხელმძღვანელის სტრატეგია და ხედვები

ახალი მოწვევის პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ჯანდაცვის მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე მარიამ ჯაში დაიკავებს. დარწმუნებულია, რომ მისი საქმიანობა რადიკალურად განსხვავებულ სფეროში წარმატებული იქნება და ამბობს, რომ არაერთი  საინტერესო რეფორმის განხორციელებას გეგმავს.

EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ჯაში სამომავლო გეგმებსა და საკუთარ ხედვებზე საუბრობს და აცხადებს, რომ რეფორმების გატარებას საბავშვო ბაღებიდან აპირებს.

საზოგადოება ჯანდაცვის სფეროდან გიცნობთ. რატომ შეიცვალეთ საქმიანობის არეალი ასე მკვეთრად და რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ სირთულეებს თავს წარმატებით გაართმევთ?

მარიამ ჯაში:   მართალია, საზოგადოება ჯანდაცვის სფეროდან მიცნობს, რადგან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოზიცია მეკავა და ასევე ჯანდაცვის სფერო მიმყავდა გაეროს ბავშვთა ფონდიდან, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ როგორც აკადემიური მომზადებით, ისე ჩემი პროფესიული გამოცდილებით უშუალო შეხება მქონდა სოციალური კეთილდღეობისა და განათლების სისტემებთან გაეროს ბავშვთა ფონდში. საქართველოშიც და საზღვარგარეთაც.

გარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრისა,  მოპოვებული მაქვს სამაგისტრო ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სამთავრობო სკოლიდან, რომელიც საჯარო სექტორის სახელმწიფო ადმინისტრირებას ეხება. ეს აკადემიური მომზადება უფრო ფართო, მულტისექტორულ მართვას მოიცავს.

გარდა ამისა,  სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ სამედიცინო და ჯანდაცვის ადმინისტრირების კუთხით ჯადნაცვის სისტემაში დღეს არსებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა კონკრეტულად სამედიცინო განთლების რეფორმის კუთხით, უშუალოდ ეხება როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ისე  უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს. მექნება შესაძლებლობა, რომ ჩემი წვლილი ჯანდაცვის კუთხითაც შევიტანო.

ამასთანავე, მინდა აღვნიშნო, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გაჟღერებულ სარჩევნო პროგრამაში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში  განათლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ეს ერთ-ერთი წამყვანი პრიორიტეტი იქნება, რადგან განთლებაში სისტემური და შინაარსობრივი ცვლილება  სწრაფი  ბიზნეს და ეკონომიკური განვითარების გარანტია. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ამ მიმართულებით ხელმძღვანელის როლში კანდიდატურის წარგდენა.

ანუ, ფიქრობთ, რომ საზოგადოებისა და განათლების სფეროში მომუშავე ადამიანების ნდობის მოპოვება არ გაგიჭირდებათ?

–მ.ჯ:  ამის დიდი იმედი მაქვს. ჩემ წინა მოღვაწეობაშიც მქონდა შეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სხვადასხვა აკადემიურ წრესთან. დიდი იმედი მაქვს, რომ საკანონმდებლო ორგანოდანაც ძალიან წარმატებული მოღვაწეობა გვექნება.

როგორია თქვენი ხედვა და როგორი იქნება სტრატეგია? სად ხედავთ ხარვეზებს  და რა მიმართულებით აპირებთ უფრო დეტალურ მუშაობას?

.: ვფიქრობ, რომ ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილებაა, რომ პარლამენტში სამგორის მე-12 ოლქის ამომრჩევლის ხმას წარმოვადგენ. წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლებლობა მომეცა განთლების სფეროში არსებულ ხარვეზებს ამ კონკრეტული უბნის მაგალითზე  გავცნობოდი. ეს გამოცდილება კიდევ უფრო კარგ საშუალებას  მაძლევს, რომ არსებული პრობლემების გენერალიზაცია მოვახდინო და შემდეგ უკვე სამინისტროსთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მათ  გამოსწორებაზე ვიზრუნო.

განათლების სისტემა ერთიანი, ინტეგრირებული და ჯაჭვური უნდა იყოს. იგი ბავშვის ადრეული,  სკოლამდელი განთლებიდან დაწყებული, უმაღლესი განათლების საფეხურამდე თანმიმდევრული რეფორმების პროცესს უნდა უზრუნველყოფდეს. კონკრეტულად საბავშვო ბაღების პრობლემატიკას რომ შევეხოთ, მართალია კანონდებლობით ბაღებში უფასო სწავლება გვაქვს გარანტირებული, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს არსებული ბაზისური ინფრასტრუქტურა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბაღებში უფასო განათლების მიღების შესაძლებლობა ყველა ბავშვს მიეცეს.

ეს პრობლემა ჩემთვის სამგორის  მაგალითზე თვალნათელი გახდა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები გავაუმჯობესოთ არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით.

ძალიან სერიოზული სამუშაო მიმდინარეობს გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, რათა შემუშავდეს და დაინერგოს მტკიცებულებაზე დაფუძნებული სტანდარტები საბავშვო ბაღების დონეზე. ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი რეფორმა იქნება და მოხარული ვარ, რომ გარკვეული როლის შესრულების შესაძლებლობა მეც მექნება.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს რაც შეეხება?

.: რაც შეეხება სკოლებს, განათლების სამინისტროს მხრიდან არერთხელაა გაჟღერებული ძალიან საინტერესო ინიციატივები და ვეთანხები იმ ხედვას, რომ სწავლის პროცესს ყურადღება უნდა დავუთმოთ.  მოტივაცია როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებს შორის, უნდა გაძლიერდეს. მასწავლებლების კვალიფიკაციის პროცესი უნდა დაიხვეწოს და იგი უფრო შედეგზე და არა დამსჯელობით ღონისძიებებზე ორიენტირებული გახდეს.

რადიკალური, ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო სასწავლო სახელმძღვანელობში. ასევე ადმინისტრირების კუთხითაც ძალიან საინტერესოა  დღეს, გლობალიზაციისა და ინტერნეტიზაციის პირობებში ელექტრონულ სახელმნძღვანელოებზე ეტაპობრივად გადასვლა.

ამასთანავე, ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის კიდევ უფრო დახვეწაც უნდა განვიხილოთ. თავის დროზე  არაჩვეულებრივი რეფორმები განხორციელდა  და მან სასწავლო პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება მოიტანა, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტებს კიდევ უფრო უნდა მივუახლოვდეთ.  ვცადოთ, რომ  პროგრამები შინაარსობრივად შევცვალოთ და სასწავლო პროცესში შედეგზე ორიენტირებულები ვიყოთ, რაც დასავლეთ ევროპის წამყვანი ქვეყნების მაგალითებს დაეფუძნება.

უმაღლესი სამედიცინო განათლების სისტემებს რაც შეეხება, აქაც ძალიან დიდი სივრცე არსებობს ხარისხობრივად სასწავლო პროცესების დახვეწისა და მეთოდოლოგიების კუთხით. ისევ სამედიცინო განათლების მაგალითზე შემიძლია მოგახსენოთ, რომ  საქართველოში 30-მდე ფაკულტეტი და სასწავლო პროგრამა არსებობს კლინიკური მედიცინის კუთხით და მათ შორის სულ რამდენიმე პროგრამა აძლევს სტუდენტებს იმის საშუალებას, რომ რეალურად უფრო თანამედროვე, მტკიცებულებაზე დაფუძნებული როგორც ბაზისური, ისე კლინიკური დისციპლინების ცოდნა მიიღონ. ამ კუთხით ცვლილებები იქნება განსახორციელეებლი სახელმძღვანელოებისა და სწავლების მეთოდოლოგიის კუთხით.

ასევე მნიშვნელოვნად იქნება გასაუმჯობესებელი სამეცნიერო შრომების მეთოდოლოგია როგორც სამაგისტრო, ისე დოქტორანტურის პროგრამებში.

რაც მთავარია,  დაბალანსება უნდა მოხდეს პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების დატვირთვასა და მიმართიანებას შორის, რათა კურსამთავრებულთა თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები საქართველოს შრომითი ბაზრის მოთხოვნებს უფრო კარგად მოერგოს.

რას ფიქრობთ მასწავლებელთა შეფასების სქემასა და მინისტრის ინიციატივაზე გამოცდის ბარიერის გაუქმებასთან დაკავშირებით?

.: სიღრმისეული ანალიზის მოწოდება ჩემთვის ალბათ ნაადრევი იქნება  როგორც მოგახსენეთ, ინტენსიურ კონსულტაციებს გავდივარ, ვსწავლობ, ვეცნობი დღეისათვის არსებულ ძირითად შეფასებისა და ანგარიშის დოკუმენტებს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აღნიშნული სისტემა კრედიტქულების სისტემით შეიცვლება, რომელიც მუდმივად კვალიფიკაციის ამაღლებაზე იქნება ორიენტირებული და პედაგოგებს სხვადასხვა ალტერნატიულ მექანიზმს შესთავაზებს, რათა გაუმჯობესდეს როგორც მათი მოტივაცია, ისე დინამიკაში მეთოდოლოგიური ცოდნა და მასწავლებლის მერ შეთავაზებული აკადენიური პროგრამები უფრო მრავალფეროვანი გახდეს.

მასწავლებლებისათვის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა სახელმძღვანელოებია. მათი შეფასებით, ამ წიგნებით სწავლება ზოგჯერ უბრალოდ შეუძლებელია. როგორია თქვენი ხედვა ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

.:  სახელმძღვანელოების საკითხი უშუალოდ სამინისტროსა და პროფესიული ასოციაციების პრეროგატივაა, მაგრამ ვფიქრობ, შეგვიძლია რადიკალური ცვლილებები მოვახდინოთ ფუნდამენტურ ზუსტ მეცნიერებებში, როგორიცაა მათემატიკა, ფიზიკა და ა.შ და მასწავლებლებს უფრო ფართო კონსენსუსის პროცესი შევთავაზოთ.

ჩემი შვილი წმინდა გიორგის ბრიტანულ-ქართულ სკოლაში სწავლობს და  პარალელურ რეჟიმში ბავშვები გადიან როგორც ბრიტანეთში აპრობირებულ დისციპლინებს, ისე ქართული კანონმდებლობით შემუშავებულ შესაბამის დისციპლინებს და მათემატიკასა და ფიზიკაში მიდგომები რადიკალურად განსხვავდება.

ეს ალბათ საერთო სტანდარტსა და ერთიან სისტემას  უნდა ეფუძნებოდეს. ვფიქრობ, ძალიან დიდი შესაძლებლობა გავქვს ქართული სახელმძღვანელოები საერთაშორისო სტანდარტს მივუახლოვოთ, რათა ჩვენ სტუდენტებსა და მოსწავლეებს თავიანთ ევროპელ და ამერიკელ თანატოლებთან საერთო ენაზე საუბრის შესაძლებლობა მიეცეთ. რა თქმა უნდა, ეს გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

დადასტურდა თუ არა თქვენი მოადგილეების ვინაობა, თუ შესაძლებელია ცვლილებებს ველოდოთ, ვინ იქნება განათლების კომიტეტში?

.: ბატონი გენადი მარგველაშვილი იქნება კომიტეტის პირველი მოადგილე. უდიდესი გამოცდილება აქვს და მასთან თანამშრომლობა ჩემთვის დიდი პატივი იქნება. ასევე, „ქართული ოცნების“ თანამებრძოლი ქალბატონი გუგული მაღრაძე დაიკავებს მოადგილის პოსტს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი გუნდითა და კოორდინაციით, კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად განათლების სამინსიტროსთან ძალიან მჭიდრო კონტაქტით რეალური, შინაარსობრივი რეფორმების განხორციელებას შევძლებთ.

რას ნიშნავს ეკლესიის ჩართულობა სკოლის სასწავლო პროგრამის შედგენაში – მარიამ ჯაშის ინიციატივა

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური