GE

1-ლ მარტს ბაღების გახსნასთან დაკავშირებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

1-ლ მარტს საბავშვო ბაღების გახსნასთან დაკავშირებით, თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესის განახლების პარალელურად შეწყდება სოციალური პროექტი, რომელიც საკვები პროდუქტების გაცემას ითვალისწინებდა.

„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი მიმდინარე წლის პირველი მარტიდან განახლდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო ყველა სააღმზრდელო დაწესებულების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს, როგორც აღსაზრდელების, ისე პერსონალის ჯანმრთელობა და ბაგა-ბაღების შეუფერხებელი ფუნქციონირება.

„ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვები, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ Covid-19-ის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად. შესაბამისი ინფორმაცია განთავსებულია ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში.

„სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ, შეწყდება სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები გაიცემა“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

თბილისში ამჟამად, 185 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური