GE

12-15 წლის ბავშვთა კონკრეტული ჯგუფის კოვიდზე ვაქცინაცია უკვე შესაძლებელია – რა არის აცრისთვის საჭირო

12-15 წლამდე ასაკის ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან, 11 ოქტომბრიდან უკვე შესაძლებელია. თუმცა, როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, საჭირო პროცედურების შესახებ ბრძანება ჯერჯერობით არ არსებობს, დოკუმენტის მომზადებას დღის ბოლომდე ელოდებიან.

ჯანდაცვის სამინისტროს ზეპირი განცხადების საფუძველზე კი, ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაცია არ იქნება საჭირო და აცრას ნებისმიერ ამცრელ პუნქტში ე.წ. ფორმა 100-ის წარდგენით შეძლებენ. ეკატერინე ტიკარაძის უწყებაში განგვიმარტეს, რომ მშობლებს ფორმა 100-ის აღება სამედიცინო დაწესებულებებში, საგანგებოდ აცრისთვის დასჭირდებათ.

იმუნიზაციის საბჭოს 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, 12-იდან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვთა ვაქცინაციაა დაშვებული. ისინი “ფაიზერის” (Pfizer-BioNTech) ვაქცინით აიცრებიან. ვაქცინაცია კი 11 ოქტომბრიდან უნდა დაწყებულიყო.

მსოფლიო პრაქტიკაში 12-15 წლამდე ასაკის ბავშვების იმუნიზაციის ორი მოდელი არსებობს – პირველ ეტაპზე ამ ასაკის ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების აცრა, რომელიც შემდეგ ეტაპზე ფართოვდება და ყველას აცრას ითვალისწინებს და მეორე მიდგომა თავიდანვე ყველას აცრას გულისხმობს.

როგორც დღეს EDU.ARIS.GE-სთან იაშვილის კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, საქართველოში პირველი გზა იქნა არჩეული და იმედოვნებს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ვაქცინაცია ამ ასაკის კატეგორიაშიც სრულად იქნება რეკომენდირებული.

ცნობისთვის, 12-15 წლის ასაკის კატეგორიაშიც, ვისაც არ აქვს ქრონიკული დაავადება, არსებობს გარკვეული ჯგუფები, ვისაც სჭირდება ხშირი მოგზაურობა, ან სხვა ქვეყანაში უკვე ჩაიტარა ვაქცინაცია და მეორე დოზა აქვს ჩასატარებელი საქართველოში დაბრუნების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში მათი საკითხი, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, ინდივიდუალურ დონეზე გადაწყდება

ასევე იხილეთ:

სასკოლო სივრცეში სწავლის დაწყებიდან ერთ კვირაში დისტანციურ სწავლებას 7 სკოლა და 90 ცალკეული კლასი დაუბრუნდა

მოამზადა რუსა მაჩაიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური