GE

14 აპრილი უქმე დღედ არ გამოცხადდება – განათლების კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა

14 აპრილი უქმე დღედ არ გამოცხადდება და მის სახელში სამართლებრივ ცვლილებაზე, შესაძლოა, მსჯელობა გაგრძელდეს.

როგორც დღეს საკანონმდებლო წინადადების განხილვისას განათლების კომიტეტზე ითქვა, რადგან 14 აპრილი აქამდე უქმე დღედ არ იყო გამოცხადებული, ბაღები, სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები ამ დღეს ჩვეულებრივად მუშაობენ, ამით არ კნინდება 14 აპრილის მნიშვნელობა და ქართველი ერისთვის ის განსაკუთრებული დღეა.

კომიტეტმა განმარტა ისიც, რომ საკითხზე კონსულტაციები გაიარეს აკადემიურ წრეებთან, სახელმწიფო ენის დეპარტამენტთანაც და მის ხელმძღვანელობასაც ანალოგიური პოზიცია გააჩნია.

კომიტეტზე საპირისპირო მოსაზრებაც გამოითქვა, რომ სწორედაც აუცილებელია ამ დღის უქმე დღედ გამოცხადება და მისი მნიშვნელობის გაზრდა, როგორც განსაკუთრებული და გამორჩეული, შეუმღვრეველი დღისა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქე რატი ფუტკარაძემ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმართა და ითხოვს, 14 აპრილი სახელმწიფო ენის დღედ გამოცხადდეს.

როგორც მოქალაქის საკანონმდებლო წინადადების თაობაზე წერილში ვკითხულობთ, დღევანდელი მდგომარეობით, 14 აპრილი აღინიშნება როგორც „დედაენის დღე“ და ეს ტერმინი არ შეესაბამება იმ ისტორიულ მოვლენას, რომლის გამოც ჩვენი სახელმწიფო 14 აპრილს აღნიშნავს.

“1978 წლის 14 აპრილს ხალხი ქუჩაში გამოვიდა არა დედაენის დასაცავად, არამედ სახელმწიფო ენის სტატუსის დასაცავად. გამომდინარე აქედან, 14 აპრილი არის და სამართლებრივადაც უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო ენის დღედ”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს რატი ფუტკარაძე.

ცვლილების ინიციატორი საკუთარ საკანონმდებლო წინადადებას ურთავს ქართველოლოგის ტარიელ ფუტკარაძის წერილს “ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები”.

განათლების კომიტეტმა სხდომის დასასრულს წინადადებას კენჭი უყარა და 14 აპრილის უქმე დღედ გამოცხადების მომხრე მხოლოდ ორი წევრი იყო.

რაც შეეხება საკანონმდებლო ჩანაწერში ამ დღის უფრო აღმატებულ მოხსენიებას, კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ის მზადაა ამაზე მსჯელობა გაგრძელდეს და სამუშაო ჯგუფი შეიკრიბოს. კომიტეტისთვის დედაენის დღისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება საკანონმდებლო დონეზე მისაღებია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური