GE

14 ქცევა, რაც საკუთარი მოსწავლეებისგან ვისწავლეთ – მასწავლებლები საქართველოდან

ბავშვებთან ურთიერთობა რომ ბევრ რამეს გვასწავლის, ამას ყველა პედაგოგი აღაირებს, მაგრამ  სოციალურ ქსელში  EDU.ARIS.GE-ს მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მასწავლებლებს არ შეუძლიათ ან არ საუბრობენ თავიანთ მოსწავლეებზე, რომლებისგანაც, როგორც თვითონ ამბობენ, „ძალიან ბევრი რამ ისწავლეს“. პასუხებს შორის, იყო ასეთები:

„მე ვფიქრობ ყველაზე მეტს სწორედ სკოლაში სწავლობს ადამიანი. სამწუხაროდ, კონკრეტული რაიმეს მოყოლა არ შემიძლია“

„ბევრი მაქვს გასახსენებელი, მაგრამ ამჯერად არ შემიძლია!“

„სამწუხაროდ, ერთი კონკრეტული ამბის მოყოლა გამიჭირდება“,- ამბობს პედაგოგი, რომელსაც ერთის თუ არა, რამდენიმე ამბის მოყოლა ვთხოვეთ, თუმცა ამაზეც უარი გვითხრა.

მათგან განსხვავებით ხელოვნებისა და მოქალაქეობის პედაგოგი გიორგი ლიპარიშვილი გვიამბობს 13 ამბავს, რომელიც საკუთარი მოსწავლეებისგან ისწავლა და როგორც საკუთარ თავს უწოდებს, „მოსწავლებლად“ აქცია:

1. ცალ-ცალი წინდის ჩაცმა

2. მოსმენა – შენ რო უსმენ, მერე ისიც გისმენს

3. ღიმილი – ბავშვებივით გულწრფელი ღიმილი

4. თამაში – როცა ეთამაშები ასაკი ავიწყდებათ, მეგობრები ხდებიან და გენდობიან

5. გამარჯობა – ისე გულწრფელად, ისეთი ღიმილით გესალმებიან, შენც გინდა ასეთი გამარჯობა ისწავლო

6. სამზადისი – სულ კარგად, განსხვავებულად მომზადებული რომ უნდა იყო გაკვეთილისთვის

7. ფორმაში ყოფნა – უხარიათ, როცა გაკვეთილის გარდა, რაღაც კარგად გამოგდის

8. ქების ძალა – როცა აქებ კნუტებს ემსგავსებიან და ხვდები, რა მაგარია ნამდვილი კომპლიმენტი

9. სიყვარული – როცა სიყვარულს ცაში ღამის მანათობელი ციცინათელა თვალებით გამოხატავენ, გაგრძნობინებენ, შენც გასწავლიან როგორ უნდა გიყვარდეს გულწრფელად

10. მგრძნობელობა – ბავშვები ქარში მოხვედრილი ტოტივით მგრძნობიარეები არიან, ამას მეც მასწავლიან, გრძნობებს, და ქარსგადარჩენას

11. კითხვის დასმა – სწორ კითხვებსაც სვამენ და პასუხებსაც გვერდით მიუსვამენ

12. სიხარული – ერთი მოსწავლისგან მიწვევაზე მისვლით გამოხატული სიხარული ვისწავლე, თუ სადმე მეპატიჟებიან მინდა ჩემი მისვლით იმ მოსწავლესავით გავიხარო

13. სწავლა – სწავლის მუდმივობა და თანასწორობა, ამიტომაც გავხდი მოსწავლებელი..

ქართული მითოლოგიისა და ფოლკლორის პედაგოგმა ნატო დავითაშვილმა საკუთარი მოსწავლეებისგან მოურიდებლობა ისწავლა:

14. „ბავშვებთან ურთიერთობის დროს თვალში საცემია მათი სილაღე და პირდაპირობა. ამით ძალიან განსხვავდებიან ჩვენგან – უფროსებისგან. მათ გრძნობებისა და ემოციების დამალვა არ სჩვევიათ. სახეზე აწერიათ: რას ფიქრობენ, რა სწყინთ და რა უხარიათ. თუ გინდა, ბავშვმა შენიანად მიგიღოს, თავადაც ზუსტად ასე უნდა იქცეოდე. მცირე სიყალბეც კი შეუმჩნეველი არ რჩებათ. უშურველად გასცემენ სითბოსა და კეთილგანწყობას და სულაც არ ერიდებათ ამის. აი, ზუსტად ასეთი მოურიდებლობა ვისწავლე მათგან”, – ამბობს ის.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
მარიამ ელიაშვილი Aris.ge-განათლების ჟურნალისტი