GE

195-ე სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა – პედაგოგები სკოლის დირექტორის გადაყენებას ითხოვენ

195-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. პედაგოგებმა გაკვეთილების ჩატარებაზე უარი თქვეს, ისინი დირექტორის გადაყენებას ითხოვენ.

მათი განმარტებით, დირექტორი არაკომპეტენტურია და დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს. გაკვეთილებზე დღეს 60-დან 57 პედაგოგი არ შევიდა. მათი კიდევ ერთი მოთხოვნაა, თანამდებობაზე აღადგინონ დირექტორის ყოფილი მოადგილე, რომელიც დირექტორმა რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა.

“ეს ადამიანი მუდმივად ამბობდა, რომ მას ჰყავს ზურგი, რომელიც მუშაობს უშიშროებაში. ამის იმედით და ამის ზურგით აკეთებს ყველაფერს”,-აცხადებს პედაგოგი ლალი გველესიანი.

“როცა 54-56 პედაგოგი 60-დან თქვენი წინააღნდეგია, მე ვერაფრით წარმომიდგენია, როგორ უნდა ჩატარდეს სკოლაში სასწავლო პროცესი. გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ ამდენი ადამიანის კეთილდღეობა მგონი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი ადამიანის კეთილდღეობა”,-ამბობს კიდევ ერთი პედაგოგი.

ბრალდებებს უპასუხა სკოლის დირექტორმა მარინა თოფურიამ. მისი თქმით, ის დაკავებული თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და აცხადებს, რომ საკუთარი მოადგილე მოვალეობებს არაჯეროვნად ასრულებდა და ამიტომ გაათავისუფლა.

“გავათავისუფლე ჩემი მოადგილე, რადგან არაჯეროვნად ასრულებდა მოვალეობებს. იყო შემოსული სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი, მათ დააფიქსირეს დარღვევები, რაც საგაკვეთილო პროცესის არასრულფასოვნებაზე მიუთითებდა და მივიღე გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ”,-განაცხადა თოფურიამ.

მომხდარს ამ დრომდე არ გამოხმაურებია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

წყარო: http://news.ge/

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური