2017 წლის მასწავლებელთა გადამზადების 60-კრედიტიანი პროგრამის ღირებულება და პროცედურები
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველთა დაფინანსებისთვის 2017-2018 სასწავლო წელს შარშანდელისგან განსხვავებით 200-ით ნაკლები ადგილია გამოყოფილი. გამოყოფილი თანხა ნაწილდება უნივერსიტეტებზე, ხოლო უნივერსიტეტები კვოტებს ანაწილებენ საგნების მიხედვით. როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, წელს სულ 803 ადამიანი დაფინანსდება მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამაზე. შარშან ეს რიცხვი 1000-ს აღწევდა.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 ივნისის დადგენილებით , 2017-2018 სასწავლო წლისთვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვრა 1 806 750 ლარის ოდენობით.
სამინისტროს ცნობით, წელს პროგრამაში სიახლეა ის, რომ 2017-2018 სასწავლო წელს პროგრამის განმახორციელებელ უნივერსიტეტებს დაემატა ორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება: საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერიტეტი და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.
პროგრამის ღირებულება
რაც შეეხება მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულებას, საგნის მიხედვით სხვადასხვაა და მერყეობს 1900 ლარიდან 2250 ლარამდე.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 ივნისის დადგენილებით , 2017-2018 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა შემდეგი ოდენობების მიხედვით:
- ქართული ენა, ლიტერატურა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 2150 ლარი
- მათემატიკა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 2150
- გეოგრაფია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 2250
- ისტორია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 2150
- ფიზიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 2250
- ბიოლოგია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 2250
- ქიმია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 2250
- სამოქალაქო განათლება (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 2250
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება -1900
- სპორტი – 1850
- ინგლისური ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 2250
- გერმანული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 2250
- რუსული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 2250
- ფრანგული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 2250
- ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 2250, მუსიკა – 2150.
საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური აღემატება შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას, სახელმწიფო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სწავლის საფასურს დაფარავს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში.
თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური ნაკლებია შესაბამის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობაზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა გაუტოლდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს.
როგორ ხდება დაფინანსების მოპოვება
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლის პროგრამაზე დაფინანსების მოსაპოვებლად, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საგნის გამოცდის ჩაბარების შემდეგ, პირი მიმართავს მისთვის სასურველ უნივერსიტეტს. უნივერსიტეტი პროგრამაზე სწავლის მსურველ აპლიკანტებს უტარებს გამოცდას (გასაუბრებას/ტესტირებას) მათ მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და დასაფინანსებელი კანდიდატების სიას აგზავნის სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. პირის მიერ ერთდროულად მასწავლებლის მომზადების რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, მასზე გაიცემა მხოლოდ ერთი სახელმწიფო სასწავლო გრანტი.
რომელ უნივერსიტეტებში ხორციელდება ჩარიცხვა
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლების მსურველები რეგისტრაციას გადიან მათ მიერ შერჩეულ უნივერსიტეტში.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, 2017-2018 სასწავლო წელს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა შესაძლებელია 18 უნივერსიტეტში:
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, რუსული ენა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ისტორია);
სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, რუსული ენა, ქართული როგორც მეორე უცხო ენა);
სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მათემატიკა, ინფორმატიკა, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, ბიოლოგია, ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა, რუსული ენა);
სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (მუსიკა);
სსიპ – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, რუსული ენა, გერმანული ენა, ისტორია და საზოგადოებრივი მეცნიერებები, ბიოლოგია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა);
სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური ენა, ისტორია);
სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა, რუსული ენა, ისტორია, მუსიკა);
სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, ინგლისური ენა, გერმანული ენა, სპორტი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება);
სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, რუსული ენა, ფრანგული ენა, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, გეოგრაფია, ისტორია, სამოქალაქო განათლება, სპორტი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება);
სსიპ – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება);
სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია);
ა(ა)იპ “საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ინგლისური ენა);
ა(ა)იპ “საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი“(ქართული ენა და ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ისტორია);
შპს – საქართველოს უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, ფიზიკა, მათემატიკა, ისტორია, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები);
შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (მათემატიკა, ინგლისური ენა) – ინგლისურენოვანი პროგრამა;
შპს – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, მათემატიკა);
შპს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, გერმანული ენა, ინგლისური ენა);
შპს – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა).
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მეორე წელია რაც ხორციელდება. ამიტომ განათლების სამინისტროს განცხადებით, დასაქმების მაჩვენებლები ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, განათლების სკოლის ხელმძღვანელი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი სოფიკო ლობჟანიძე ამბობს, რომ ამ მხრივ საქმე წინ მიდის და ბევრი კუსრდამთავრებული უკვე დასაქმდა.
EDU.ARIS.GE-ს სოფიკო ლობჟანიძე მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის დეტალებზე ესაუბრა:
– რა სიახლეებია წელს შარშანდელთან შედარებით მასწავლებლის მოსამზადებელ ერთწლიან პროგრამაში?
წელს სიახლეები, პრინციპში, არაფერია. ილიას უნივერსიტეტის მაგალითზე გეტყვით, რომ გვექნება იგივე პროგრამები, სტუდენტების რაოდენობა იქნება იგივე. შარშან 120 ადგილი გვქონდა და შევავსეთ 120-ვე ადგილი. წელს იყო შემოთავაზება, ხომ არ ვისურვებდით ადგილების დამატებას, რადგან ერთადერთი ილიას უნივერსიტეტი იყო, რომელმაც სრულად შეავსო ადგილები და ჩვენთან კონკურსიც კი იყო, მაგრამ მივიჩნევთ, რომ რაოდენობაზე უფრო მნიშვნელოვანი ხარისხია და რომ გაგვეზარდა მისაღები ადგილების რაოდენობა, იგივე ხარისხს რამდენად შევწვდებოდით, ვერ გეტყვით.
ახლა ველოდებით სამინისტროსგან ამ ადგილების დამტკიცებას. უნივერსიტეტებმა ანკეტა-კითხვარები უნდა შეავსონ და უკვე გამოვაცხადებთ მიღებას. სიახლეა ის, რომ ჩვენ სტუდენტებში ჩავატარეთ კმაყოფილების კვლევა და ის რეკომენდაციები, რაც სტუდენტებს ჰქონდათ პროგრამის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, გათვალისწინებულია და პროგრამას რევიზია ჩაუტარდა.
– რა მოთხოვნები ჰქონდათ მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის მონაწილეებს?
ჩვენ ინტენსიური სასკოლო პრაქტიკა გვაქვს და სკოლების მრავალფეროვნება უნდოდათ. ჩვენ ეს გავითვალისწინეთ და ერთ სკოლაში კი არ გავუშვებთ პრაქტიკაზე, არამედ – რამდენიმე სკოლაში, რომ მათ ნახონ ბევრი მასწავლებელი, სხვადასხვა გამოცდილება, უფრო დიდი პრაქტიკა მიიღონ. კურსებთან დაკავშირებით იყო რეკომენდაციები: ზოგიერი კურსი ძალიან გადატვირთული იყო პროგრამით და გვთხოვეს, რომ იქნებ ცოტა „ლაითად“ მიგვეწოდებინა.
ზოგადად, სტუდენტებში ძალიან დიდი კმაყოფილება არის და მე ვიტყოდი, პროგრამის ერთ-ერთი ინდიკატორი არის დასაქმებული სტუდენტების რაოდენობა. საკმაოდ ბევრი კურსდამთავრებული ილიას უნივერსიტეტის მასწავლებლის მოსამზადებელი სამოცკრედიტიანი პროგრამის გავლის შემდეგ უკვე დასაქმებულია.
– დასაქმების შესახებ სტატისტიკური მონაცემები ხომ არ გაქვთ, რამდენი კურსდამთავრებულია სულ დასაქმებული?
რაც დანამდვილებით ვიცი, 120 კურსდამთავრებულიდან 30 უკვე დასაქმებულია. გარდა ამისა, ძალიან ბევრმა ჩვენმა კურსდამთავრებულმა მონაწილება მიიღო „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის კონკურსში. ველოდებით პასუხებს და იმედი გვაქვს, რომ დიდი რაოდენობა ამ პროგრამის მასწავლებლებად იქნება აყვანილი.
– რა პროცედურებია მასწავლებლის მოსამზადებელ ერთწლიან პროგრამაზე გასავლელი?
ჩაბარების მსურველს ჯერ საგნის გამოცდა უნდა ჰქონდეს წარმატებით დაძლეული. ზღვარი 60%-ს ზემოთ უნდა ჰქონდეს გადალახული. შემდეგ უნდა დაელოდოს უნივერსიტეტები როდის გამოაცხადებენ მიღებას. შემოიტანოს საბუთები უნივერსიტეტში. შემდეგ გაიაროს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა.
– რაც შეეხება დაფინანსების მოპოვებას, რამდენი ქულა უნდა ჰქონდეს პროგრამაზე მოხვედრის მსურველს, რომ მოიპოვოს სახელმწიფო გრანტი?
საგნის გამოცდაში, რომელსაც ატარებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უნდა ჰქონდეს მიღებული მინიმუმ 60%. მასწავლებელს ხომ აქვს კრედიტების დაგროვების საშუალება, მას უნდა ჰქონდეს გამოცდაში მაქსიმალური, 10 კრედიტი აღებული. უნივერსიტეტში უნდა შემოიტანოს საბუთები, გაიაროს შიდა გამოცდა და შემდეგ უკვე კონკურსის გზით რანჟირებული ქულების მიხედვით ჩაირიცხება.
– რა სპეციფიკისაა შიდა გამოცდა უნივერსიტეტებში?
ყველა უნივერსიტეტს განსახვავებული გამოცდა აქვს. ჩვენთან არის ზეპირი გამოცდა. საგანი ჩაბარებული ექნება მსურველს, მეთოდიკას კი ჩვენ ვასწავლით. ჩვენ ძირითადად გვაინტერესებს მოტივაცია. რამდენად მოტივირებულია და მზად არის ადამიანი გახდეს მომავალში მასწავლებელი. ეს არის ჩვენი ძირითადი კრიტერიუმები.
– მოქმედ მასწავლებლებს შეუძლიათ 60-კრედიტიანი მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის გავლა?
რა თქმა უნდა, კი. თუ ის უფროსი მასწავლებელია, ამ პროგრამის გავლით, ის უბრალოდ აიმაღლებს კვალიფიკაციას და არა სტატუსს, მაგრამ თუ პრაქტიკოსია, გახდება უფროსი მასწავლებელი.
60-კრედიტიან პროგრამაზე გრანტით დასაფინანსებელ პედაგოგთა რაოდენობა უმაღლესების მიხედვით – სია
2017 წლის მასწავლებელთა გადამზადების 60-კრედიტიანი პროგრამის ღირებულება და პროცედურები
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება
- პაატა სალია პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილედ აირჩიეს by ARIS.GE-განათლება
- თინათინ სადუნიშვილი: „ძალიან მინდა, მეცნიერება საქართველოში რეალურად იყოს პრიორიტეტული“ by გაიციანით მეცნიერი