2018 წლის აბიტურიენტების პეტიცია გეოგრაფიის ტესტური დავალების წინააღმდეგ და ნაეკის პასუხი
2018 წლის აბიტურიენტებს გეოგრაფიის არჩევითი საგნის ერთ–ერთ ტესტურ დავალებასთან დაკავშირებით პრეტენზია აქვთ. აღნიშნულზე მათ პეტიციაც შეიმუშავეს და მოითხოვენ, რომ „გაბათილდეს გეოგრაფიის გამოცდის 36-ე დავალება“.
„2018 წლის გეოგრაფიის ერთიანი ეროვნული გამოცდის ტესტში იყო დავალება, რომლის სწორი პასუხის შემცველი ინფორმაციის ცოდნა აბიტურიენტს არ მოეთხოვებოდა ,ან და მოეთხოვებოდა, თუმცა ამის სწავლის შესაძლებლობა წიგნებიდან არ ჰქონდა, საუბარი მაქვს 36-ე დავალებაზე. მართალია ,რომ მოცემული საკითხი (36-ე დავალება) პროგრამული იყო თემიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენ არ გვქონდა არანაირი ინფორმაცია მსოფლიოში მიმდინარე უახლესი პროცესების შესახებ, რადგან არცერთ გრიფმინიჭებულ სასკოლო წიგნში არ არის ამის შესახებ პარაგრაფი.
ეს გამოწვეულია იმით, რომ ყველა სკოლის წიგნი დაბეჭდილია 2016 წლამდე. 2016 წელს ვახსენებ იმის გამო, რომ ზემოთხსენებულ დავალებაში კითხვა იყო დაკავშირებული ამ წლის მოვლენებთან. შესაბამისად, ჩვენ ვერ გვეცოდინებოდა ამ დავალებაზე პასუხი და საერთო ჯამში, ჩვენ თეორიულად, წიგნებიდან გამომდინარე, 59 ქულის ნაცვლად 54ქულის აღება შეგვეძლო . (აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ სრულიად შესაძლებელი იყო მსგავსი თემიდან კითხვის დასმა წიგნებდან გამომდინარე, თუმცა ეს ასე არ გაკეთდა). ამ ხუთქულიანი დავალების შესრულებაში დაგვეხმარებოდა მხოლოდ მედია და ინტერნეტი, რაც დაუშვებელია, რადაგან პროგრამაში არ არის მითითებული რომ აბიტურიენტები, მასმედიითაც უნდა ხელმძღვანელობდნენ საგამოცდოდ მეცადინეობისას.
არ მგონია, გამოცდების ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია იყოს ის, რომ აბიტურიენტი იჯდეს ტელევიზორთან ან კომპიუტერთან და თვალს ადევნებდეს პოლიტიკურ სიახლეებს. მოგეხსენებათ, იქნებოდნენ აბიტურიენტები, რომლებმაც ეს დავალება შეძლებისდაგვარად შეასრულეს მასმედიის წყალობით და ამით ჩვენზე მაღალი ქულის აღება შეძლეს, გამოდის რომ ჩვენ არათანაბარ სიტუაციაში გამოვდიოდით. მოცემულ პრობლემასთან დაავშირებით, აბიტურიენტთა უმრავლესობა პროსტესტს გამოვთქვამთ. იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც ამ კონკრეტული დავალების დაძლევა არ გაუჭირდათ, გაუმართლათ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა არჩევით საგნებში მიღებულმა ცოდნამ (კონკრეტულად სამოქალაქოსა და ისტორიაში) მისცა მეტი ქულის აღების საშუალებას. ამასთანავე, გამოცდების წინ არ გაკეთებულა კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ტექსტის სტრუქტურაში იკარგებოდა დავალება “ინფოემაციის ტრანსფორმაცია” და გვთავაზობდით “ინფორმაციის ანალიზს” არაანალიზური ტიპის კითხვებით. ასევე,ვერაფრით ვერ გაგვაგებინეს რით იყო შეცვლილო შესაბამისობების დავალებები, აქვე აღვვიშნავ, რომ აბიტურიენტთა უმეტესობას საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია აღნიშნულ ცვლილებაზე.თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს და სამომავლოდ ველით სახელმძღვანელოს, რომელიც პროგრამას მთლიანად მოიცავს და აღარ გამოიწვევს უთანხმოებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აბიტურიენტთა ნაწილი ვითხოვთ, რომ გაბათილდეს მოცემული დავალება და ყველა აბიტურიენტს დაეწეროს 5 ქულა 36-ე დავალებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტი გახდება უფრო ფართომასშტაბიანი“, – წერია აბიტურიენტების პეტიციაში, რომელსაც ამ დროისათვის ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
„საკითხზე კომენტარი EDU.ARIS.GE-სთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დავით გოგელიძემ გააკეთა. ჩვენ ცენტრს შემდეგი კითხვით მივმართეთ:
გთხოვთ განგვიმარტოთ, იყო თუ არა მართებული აღნიშნული დავალების ტესტებში შეტანა და ზოგადად, არის თუ არა შემთხვევები, როცა დასაშვებია არაპროგრამული კითხვის გამოყენება.
„აღნიშნულ დავალებაში მოცემული საკითხები არ სცდება საგამოცდო პროგრამას. 2018 წლის საგამოცდო პროგრამაში, რომელიც ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და დამტკიცებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს მიერ, მოცემულია შემდეგი ქვესაკითხი: მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე პროცესები (პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალურ-კულტურული). სწორედ ამ ქვესაკითხს მოიცავს 36-ე დავალება.
საგამოცდო პროგრამა გამოქვეყნებულია შეფასებისა და გამოცდბის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე და აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ მას და ეხელმძღვანელათ მომზადების პროცესში“, – განმარტეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ავტორი სალომე ზარიძე
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება