2019-2020 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტური აღარ ჩატარდება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2019-2020 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტური, გარდა გერმანული ენისა, აღარ ჩატარდება.
“2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტური (გარდა გერმანული ენისა), „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2)“ გამოწვეული ინფექციის გამო არ ჩატარდეს”,- ვკითხულობთ „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში შეტანილ ცვლილებაში.
შეგახსენებთ, რომ 2019-2020 წლის ეროვნული ოლიმპიადის მესამე დასკვნითი ტური თებერვლის ბოლოს დაიწყო, თუმცა ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ტესტირება რამდენიმეჯერ გადადო. ოლიმპიადის მონაწილეები ამ დრომდე ელოდებოდნენ განახლებული განრიგის გამოქვეყნებას.
რაც შეეხება 2020-2021 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას, მასში მონაწილეობის მისაღებად მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს დასრულდა, თუმცა ამ დრომდე არც ამ ტესტირების ჩატარების ვადები და ფორმატი არ არის ცნობილი.
ინფორმაციისთვის, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე სკოლებს შეეძლოთ იმ მოსწავლეების დარეგისტრირება, რომლებიც სურვილს გამოთქვამდნენ მონაწილეობა მიეღოთ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X -XII კლასები) შესაბამისად. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება. როგორც წესი, პირველი ტური სკოლებში იმართება, მომდევნო ტურებს კი ცენტრალიზებულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს.
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება