2020 წლის ეროვნულ გამოცდებს შესაძლოა, სხვა სავალდებულო საგნებიც დაემატოს – დეტალები
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო 2020 წლის ეროვნულ გამოცდებში ცვლილების შეტანაზე მუშაობს. როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე თვის წინ დამტკიცებული გამოცდების მოდელი უმაღლესი სასწავლებლების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია და უწყებაში მისულ ახალ გუნდს უამრავი წერილობითი პრეტენზია დახვდა.
ძირითადი უკმაყოფილება პროგრამების მხოლოდ ჰუმანიტარულ და ტექნიკურ მიმართულებებად დაყოფას ეხება. სამინისტროში ცვლილებების შესახებ მსჯელობა ჯერჯერობით იდეის დონეზე მიდის, თუმცა ამავე იდეის თანახმად, სავალდებულო გამოცდების ჩამონათვალს დიდი ალბათობით ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია დაემატება და აბიტურიენტი თავად განსაზღვრავს, მოცემული ორი სავალდებულო გამოცდიდან რომელი ერთით ჩააბაროს კონკრეტულ პროგრამაზე.
სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამოცდებამდე დარჩენილი მცირე დროის მიუხედავად, ცვლილებები აბიტურიენტებზე ნეგატიურად არ აისახება და პირიქით, მათ არჩევანს გაუზრდის.
რა იგეგმება კონკრეტულად:
ამჟამად არსებული მოდელით, რომელიც სამინისტრომ რამდენიმე თვის წინ დაამტკიცა, სამედიცინო მიმართულების გარდა, ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი სავალდებულო საგნები ასე გამოიყურება: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხო ენა; მათემატიკა – ტექნიკურ მიმართულებებზე და ასევე საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე, ჰუმანიტარულ მიმართულებებზე – კი ისტორია. არსებობს გარკვეული მიმართულებები, სადაც აბიტურიენტებს მესამე სავალდებულო საგნად მათემატიკა ან ისტორიის ჩაბარება შეუძლიათ.
ახალი იდეის თანახმად, სამინისტრო არსებული მოდელის შეცვლას არ აპირებს, ცვლილება შევა მხოლოდ საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე ჩაბარების მსურველთა საგნებში. კონკრეტულად საბუნებისმეტყველო მიმართულება უნდა გამოიყოს ცალკე და ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგიაზე ჩაბარების მსურველებს უნდა გაუჩნდეთ ალტერნატივა, რომ სავალდებულო მათემატიკა ანდა სანაცვლოდ, პროფილური საგანი ჩააბარონ.
მაგალითად ფიზიკაზე ჩაბარების მსურველმა მისაღები გამოცდაზე უნდა ჩააბაროს საკუთარი არჩევანის მიხედვით – მათემატიკა ანდა ფიზიკა, ქიმიაზე ჩაბარების მსურველმა – მათემატიკა ანდა ქიმია, ბიოლოგიის შესწავლის მსურველმა კი – მათემატიკა ან და ბიოლოგია. ეს გახლავთ სამუშაო ვერსია, რაზეც განათლების უწყებაში აქტიურად მუშაობენ, თუმცა ცვლილებები ჯერ დამტკიცებული არ არის და საბოლოო გადაწყვეტილებაც უცნობია. ასევე ცნობილი არ არის, შეიცვლება თუ არა საგნების ჩამონათვალი გეოგრაფიის მიმართულებაზე ჩაბარების მსურველთათვის, თუმცა შეხვედრაზე ამ თემაზეც იყო საუბარი. საკითხი ილიას და აგრარული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა დააყენეს:
ეროვნულ გამოცდებში ცვლილებები ეტაპობრივად 2020 და 2021 წლებში უნდა განხორციელდეს.
მისაღები გამოცდების ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობენ უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები. მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორია გიორგი შარვაშიძე. თსუ-ში გამართულ რექტორთა მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე, მისაღები გამოცდების არსებული მოდელი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
„ის სისტემა მისაღები გამოცდების და განაწილებისა, რომელიც იყო, გასაგები მიზეზების გამო იწვევდა საკმაოდ დიდ კრიტიკას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც იყო ერთ-ერთი მოწინავეთა რიგებში, რომელმაც თავის პოზიცია დააფიქსირა. ჩვენ არ მიგვაჩნია სწორად, რომ მათემატიკით უნდა მოხდეს მაგალითად მომავალი ფიზიკოსის განსაზღვრა. უნდა ჰქონდეს საშუალება აბიტურიენტს, თავად აირჩიოს ფიზიკით უნდა ჩაბარება თუ მათემატიკით, იგივე ბიოლოგიის, ქიმიის მიმართულება იქნება თუ გეოგრაფიის. ერთი რაც მოხერხდა და გაკეთდა მაშინ, იყო ის, რომ სამედიცინო გადავარჩინეთ და მეტ-ნაკლებად იქ რაღაცნაირად შევძელით გასწორება ამ ამბის, თუმცა დღეს მოცემულობა გვაქვს ასეთი, რომ გამოცდებამდე უკვე დარჩენილია ფაქტობრივად ერთი სემესტრი და ამ პერიოდში თუ კი რაიმე სასიკეთოდ მოესწრება კარგია“, – განაცხადა გია შარვაშიძემ.
მისივე თქმით, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები და მოწვეული სტუმრები საკუთარ პოზიციებს შეაჯერებენ და რეკომენდაციებს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს წერილობით გაუგზავნიან.
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩის თქმით, იმის გამო, რომ გამოცდებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, სამინისტრო რადიკალურ ცვლილებებს არ გეგმავს და სამუშაო გეგმის თანახმად, ცვლილება ამ ეტაპზე მხოლოდ საბუნებისმეტყველო დარგებს უნდა შეეხოს. განათლების უწყებაში მზადყოფნას გამოთქვამენ უმაღლესი სასწავლებლების რექტორების მოსაზრებების მოსასმენად, რათა საბოლოო პოზიცია შეჯერდეს.
„ჩვენი აქტივობა დაფუძნებულია იმ კორესპოდენციებზე, რომელიც დაგვხვდა სამინისტროში მისვლის დროს. გვაქვს უამრავი წერილი, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებისგან, რომ საბუნებისმეტყველო დარგებში და არამხოლოდ, უნდა მიეცეთ საშუალება აბიტურიენტებს ჩააბარონ ის ძირითადი დარგობრივი გამოცდები, რომლის კომპეტენციებიც მათ აუცილებლად სჭირდებათ პროგრამის დასაძლევად. მესმის სოციალური პრობლემები, რომ სემესტრი მთავრდება, აბიტურიენტებს თავის გეგმები აქვთ, ოჯახებს თავის ფინანსური გეგმები, ამიტომ ჩვენი პირველი ნაბიჯები ძალიან დიდი სიფრთხილით არის დაგეგმილი. ვფიქრობთ, რომ არანაირი კორექტირება და ზედმეტი ჩარევები არ უნდა მოხდეს, რაც უკვე არის გამოცხადებული. ჩვენ უნდა გავაფართოოთ დისციპლინები რომელიც მისაღებ საგამოცდო ნუსხაშია და დაემატოს შესაძლებლობები, რომ მათემატიკასთან და ისტორიასთან ერთად იყოს დარგობრივი საგნების ჩაბარება. ჩვენ დავიწყეთ საბუნებისმეტყველო დარგებით, მაგრამ იქაც არის პატარა შეფერხებები და ცოტა პრობლემები, რადგან ძირითადად საბუნებისმეტყველო დარგებზე ბარდება მხოლოდ მათემატიკა, მაგრამ არის დარგების ნაწილი, სადაც არის მათემატიკა ან და ისტორია. ჩვენი პირველადი მოსინჯვა არის, რომ მათემატიკასთან ერთად დავამატოთ შესაძლებლობა მაგალითად ბიოლოგისთვის ბიოლოგიის დამატება, ქიმიკოსისთვის ქიმიის და ფიზიკოსისთვის ფიზიკის საგნის დამატება“, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა რექტორებთან შეხვედრაზე.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ გამოცდების ცვლილებასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგება და გადაწყვეტილება ოფიციალურად გაცხადდება, ეს გამოცდების თარიღზე გავლენას არ მოახდენს.
„ფორსმაჟროში ვმუშაობთ, თუ მოხდა შეთანხმება ცვლილებების განხორციელებაზე, მისაღები გამოცდების ჩანიშნული თარიღი არ გადაიწევს, ერთადერთი, თუ შევთანხმდით, შეიძლება რეგისტრაციის ვადებმა ორი კვირით გადაიწიოს და პირველი მარტის ნაცვლად იყოს 15 მარტი. ჩვენ ვადებს არ ვარღვევთ, ნებისმიერი შეხვედრა რაც იყო ღია კარის სახით აბიტურიენტებთან, მათ გამოუცხადეს, რომ საბოლოო ვარიანტი მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით მიეწოდებოდათ 10 იანვარს, ასე რომ, ჩვენ 10 იანვრამდე ვართ სამუშაო რეჟიმში და შეგვიძლია ცვლილება განვახორციელოთ“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.
ერთადერთი, ვინც რექტორთა შეხვედრაზე ცვლილებების დაგვიანებაზე ისაუბრა კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი კახა შენგელია იყო.
„ჩვენ უკვე მოვიარეთ საქართველოში ათასზე მეტი სკოლა და სადაც შევედით ყველგან იციან, რომ აბარებენ სამ საგანს მათემატიკით ან ისტორიით, ახლა რა გავაკეთოთ, თავიდან დავიწყოთ შეხვედრები?“ -განაცხადა მან.
ამ კითხვას თსუ-ის რექტორმა უპასუხა და განაცხადა, რომ ცვლილების განხორციელების შემთხვევაში აბიტურიენტებისთვის მდგომარეობა არ გართულდება და პირიქით, მათ ალტერნატივა გაუჩნდებათ.
„საქმე იმაშია, რომ ამ ცვლილებით კიდევ ერთი შანსი უჩნდება აბიტურიენტს, თუ ურჩევნია რომ ჩააბაროს მაგალითად ფიზიკით – ჩააბარებს ფიზიკით. თუ უკვე დაწყებული აქვს მომზადება მათემატიკაში და გვესმის რომ ნახევარი წელი გავიდა, ოჯახებისთვისაც გვესმის რასთანაა დაკავშირებული ეს ყველაფერი, ჩააბარებს მათემატიკით. საუბარი იმაზეა, რომ კიდევ ერთი შანსი მივცეთ აბიურიენტებს და არა ის, რომ რაღაცნაირად შევცვალოთ გამოცდები“, – აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება