უნივერსიტეტები ეროვნული გამოცდების სავალდებულო საგნებში გეოგრაფიის დამატებასაც ითხოვენ – სამინისტროს პოზიცია
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ეროვნული გამოცდების სავალდებულო საგნების ჩამონათვალში ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის დამატებას გეგმავს. აბიტურიენტების დიდი ნაწილს აინტერესებს რატომ არ მოხვდა ამ ჩამონათვალში გეოგრაფია?
უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს შეხვედრაზე, სადაც მისაღები გამოცდების თემაზე მსჯელობდნენ, გეოგრაფიის დამატების აუცილებლობაზეც იყო საუბარი. უნივერსიტეტებმა, რომლებიც ლიბერალური განათლების პრინციპზე დაყრდნობით ახორციელებენ საბაკალავრო პროგრამებს და აბიტურიენტებს იღებენ არა ცალკეულ პროგრამებზე, არამედ პროგრამულ გაერთიანებებზე, მოითხოვეს, რომ მისაღები გამოცდების მოდელის ცვლილება შეხებოდა არა მხოლოდ ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის პროგრამებს, არამედ საბუნებისმეტყველო და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ყველა მიმართულებას, მათ შორის ეკოლოგიასაც. ამასთანავე, ამ მიმართულებებზე მათემატიკასთან ერთად,შესაძლებელი ყოფილიყო ნებისმიერი საბუნებისმეტყველო საგნის – ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის ან/და გეოგრაფიის ჩაბარება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ნინო დობორჯგინიძემ აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში უნივერსიტეტი ასეთი პრინციპით აცხადებდა მიღებას დედამიწის შემსწავლელი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პროგრამებზე და მიღწეული შედეგები ადასტურებს, რომ ასეთი მიდგომა წარმატებული იყო. იგივე პოზიცია დააფიქსირა აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენელმა.
განათლების, მეცნიერების კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უნდა ჰკითხონ გამოცდების ეროვნულ ცენტრს ეს საკითხი ტექნიკურად რამდენად მოგვარებადია და უნივერსიტეტების მოთხოვნას გაითვალისწინებენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ მინისტრის მოადგილემ ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ ყველა ეს იდეა და ინიციატივა, რომელზეც შეხვედრაზე იყო საუბარი არის მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო ვერსია და დამტკიცებული ჯერ არაფერია.
„ლიბერალური მიღების ფარგლებში გვაქვს შემოთავაზება უნივერსიტეტებისგან, რომ არ აღმოჩნდნენ განსხვავებულ პირობებში მიღების დროს, ჩაჯდეს არა საგნობრივად ვთქვათ ბიოლოგიასთან ბიოლოგია, არამედ მთლიანად საბუნებისმეტყველოების მიღებაში მათემატიკას დაემატოს ჩამონათვალი: ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, მაგრამ ამ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ისტორია ვერსად ვერ მიგვაქვს. ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რაც არის გაცხადებული გამოცდების მოდელში, დავტოვოთ. საგამოცდო ცენტრმა უნდა გვითხრას ტექნიკურად რამდენად მოსწრებადია, რომ მათემატიკა შენარჩუნდეს, გამოვა, რომ საბუნებისმეტყველოებში დარჩება ისტორიაც და ოთხივე შესაძლებლობა. ეს იქნება ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და გეოგრაფია“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
როგორც EDU.ARIS.GE უკვე წერდა სამინისტროს მიერ შემუშავებული პირველადი ვერსიით გამოცდების უკვე დამტკიცებული მოდელის შეცვლა არ უნდა მოხდეს. ცვლილება შეტანა იგეგმება მხოლოდ საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე ჩაბარების მსურველთა საგნებში. კონკრეტულად საბუნებისმეტყველო მიმართულება უნდა გამოიყოს ცალკე და ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგიაზე ჩაბარების მსურველებს უნდა გაუჩნდეთ ალტერნატივა, რომ სავალდებულო მათემატიკა ანდა სანაცვლოდ, პროფილური საგანი ჩააბარონ. მაგალითად ფიზიკაზე ჩაბარების მსურველმა მისაღები გამოცდაზე უნდა ჩააბაროს საკუთარი არჩევანის მიხედვით – მათემატიკა ანდა ფიზიკა, ქიმიაზე ჩაბარების მსურველმა – მათემატიკა ანდა ქიმია, ბიოლოგიის შესწავლის მსურველმა კი – მათემატიკა ან და ბიოლოგია.
ეს გახლავთ სამუშაო ვერსია, რაზეც განათლების უწყებაში აქტიურად მუშაობენ. უნივერსიტეტების მოთხოვნის შესაბამისად, გამორიცხული არ არის, ამ საგნებს გეოგრაფიაც დაემატოს. ცვლილებების განხორციელება სავარაუდოდ 10 იანვრამდე მოხდება.
2020 წლის ეროვნულ გამოცდებს შესაძლოა, სხვა სავალდებულო საგნებიც დაემატოს – დეტალები
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება